ჩვენთვის საინტერესო რამე-რუმეების გვარტიანი არცევანია, მაგრამ სულ სამხედრო საქონელია. საწვიმრები ჰქონდათ ბევრნაირი - გრძელებიც და მოკლეებიც. მე გრძელკალთებიანები მაინტერესებდა, რომელთა ფასები 20-30 ლარის ფარგლებშია. გამყიდველები კი ირწმუნებიან, რომ წყალგაუმტარია, მაგრამ ცოტა მიჭირს ასე ბრმად ნდობა და ვერაფერს გეტყვით. გარეგნულად ისე ეტყობა, მართლაც არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ სოფელში რაღაც მაგდაგვარები გვქონდა (ოღონდ არა სამხედრო) და ძლიერ წვიმას ვერ უძლებდა. თუმცა ეგ იქნებ მართლაც უკეთესი ხარისხია - ვერ გეტყვით. ცხადია, რაკიღა სამხედროა, არაა ისე მოხერხებული და რბილი. პირიქით - ცოტა მოუხეშოა, მაგრამ წვიმას თუ არ გაატარებს, ისე უხეში ნაღდად არაა, ვერ ჩაიცვა.
ზურგჩანთების არჩევანიც დიდი იყო. მე ყველაზე დიდები შევათვალიერე - რამდენიმედღიანში გამოსადექი. 50 ლარი ღირდა, მაგრამ ზურგზე რკინები ჰქონდა და ვინმემ თუ იცით, ეგ მოხერხებულია ლაშქრობებში?


საძილეებიც ჰქონდათ - რამდენიმე სახის. მე ყველაზე პატარა შევათვალიერე, 30 ლარი ღირდა. -5გრადუსიანიაო, მითხრეს და მართლაც სქელი იყო, თბილი. ისე იხვეოდა, რომ პატარა ჩანთად იქცეოდა, წონა კი სულ რაღაც 1 კილო თუ იქნებოდა. თან, შიგნით ბალიშისმაგვარი დანამატიც ჰქონდა. მოკლედ, მომეწონა - თბილიც იყო, მჩატეც და ისე იკვრებოდა, შეგეძლო, ზურგჩანთაზე გარედან მიგებნია - შიგნით ადგილს არ დაიკავებს.
იყო სამხედრო პარალონებიც - ორნაირები. ყველაზე სქელები 20 ლარი ღირდა.
წყლის მათარებიც იყო, მაგრამ ფასი არ მიკითხავს.