ვიყავით...
ზუსტად 16 საათზე რესპის შადრევანთან ვიდექი. ლამამ რუსტაველზე ვარ და ავტობუსიტო მოვდივარო. დრო მქონდა იქვე მაღაზიაში გადავირბინე და გაზეთი ვერსია შევიძინე, ბელას სტატიას ვიცოდი იქნებოდა: "ოცნებისა და მარტოობის სამყარო"...
ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე და ისევ ხევსურეთში გადავვარდი...
დედი, კარგი ხარ, კარგი, ვამაყობ შენით!
კარავზეც დაგიწერია და კარველებზე
ლამაც გამოჩნდა...
ანანოს გადავურეკე. 16 საათის რეისი 17 საათისთვის გადაუდიათო და თამარს 17:30 ელოდნენ. რადგან ცოტა დრო გვქონდა ლამას შევთავაზე მოდი გიორგი მოვინახულოთ მეთქი და დამთანხმდა. გიორგის ეძინა და მამამისთან მიგვიყვანა დარაჯმა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ბაქტერიებს ვერ გაუმკლამდნენ ჯერ და ეს მთავარი პრობლემა რჩება. ვისაუბრეთ გიორგიზე, კარავზე... მერე თამარის დეიდა მოვიდა, გიორგის მამამ გვირჩია ჯობია მიმღებთან დახვდეთ და მოკლე გზით გამოგვიყვანა.
მიმღებთან მზევინარი ვნახეთ, მერე თამარის ძმაც მოვიდა. ლამას ძალიან ეჩქარებოდა და 17:46-ზე წავიდა, ზუსტად 2 წუთში სასწრაფოს მანქანა შემოვიდა მიმღებში, თამარი მოიყვანეს...
ყველანი მანქანასთან მოვგროვდით, 2 გერმანელი და 2 ქართველი ექიმი მოყვნენ, თამარი გამოიყვანეს.
უნდა ვაღიარო დრო დამჭირდა რომ შატილიონკა ამომეცნო, სახე შესივებული ჰქონდა, თუმცა თვალები... თვალები ღია ჰქონდა და ცრემლით სავსე... თითქოს ეძებდა, გვათვალიერებდა ყველას... გამაჟრჟოლა, მინდოდა დამეძახა: თამარ აქ ვართ, ყველანი შენთან ვართ, ყველაფერი კარგად იქნება... საოცრად მეტყველი სახე ჰქონდა... საავადმყოფოში შეიყვანეს.
ცოტა ხანი მზევინართან ერთად ვიდეგი მიმღებში გაბრუიებული, ისევ ისეთს გვიბრუნებენო ასე უთქვამთ, მერე წამოვედი. გაჩერებაზე არ ვიყავი მისული რომ ავტობუსი მოვიდა და გავყევი. ძალიან დავმძიმდი, თამარი არ მენახა ავარიის შემდეგ და ახლა პირველად გამიჭირდა: ღმერთო, როგორ მძიმედაა, ნეტა შეძლებს?
ავტობუსი კი მიდიოდა... დიღმის ავტობაზრობას მივუახლოვდით და ფანჯარასთან ჩემი მზერა შეჩარდა: ცისარტყელა შევნიშნე, ასეთი ლამაზი არასდროს მინახია და თან ასეთი მკვეთრი. სადღაც გლდანიდან იწყებოდა, უფრო ავჭალის მხრიდან და თბილისი ზღვაზე მთავრდებოდა, იქაც ძალიან მკვეთრად. ცისარტყელას თაღი იყო საოცარი, ყველანი გაკვირვებულები ვიხედებოდით, რამდენიმე ფოტოც გადავიღე.
არ ვიცი ცისარტყელა რისი სიმბოლოა, მარა ჩემთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. იმხელა შვება ვიგრძენი იმ მომენტში, როცა თამარზე და მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი, როცა ეჭვი შემეპარა, სულ მცირედი...
ავტობუსმა თაღში გაიარა...
მჯერა რომ აუცილებლად, აუცილებლად გამოჯანმრთელდება შატილიონკა და აუცილებლად დაგვიბრუნდება...
უფალო დაიფარე და შეეწიე.