ყურადღებით წავიკითხე მთელი 11 გვერდი. სიტყვა არ გამომიტოვებია.
ყველა სურვილი ლამაზია, მეტიც, ბუნებრივიც კია.
ყველა იდეა მშვენიერია, განხორციელების გეგმებზე, სულაც არ მიფიქრია, უბრალოდ გამიხარდა ასეთი ფიქრები.
ვერ შევძელი უთქმელობა, თითები თავისით მიეწება კლავიატურას
წლების წინ ერთი ფრანგის დაწერილი წიგნი წავიკითხე, დასწყევლოს ღმერთმა ეს სკლეროზიო, რომ იტყვიან, აღარც წიგნის სახელი მახსოვს და ვერც იმ ფრანგის გვარს ვიხსენებ.
ამ ხსენებული ფრანგის აზრით, დაკარგული ატლანტიდა, არც მეტი, არც ნაკლები ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა თურმე, რომელიც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიად ითვლება. ოქროს ქალაქი იყოო ატლანტიდა, ამბობს ლეგენდა, ყველა შენობა ოქროსი იყოო. ამ ლეგენდას როცა ვიხსენებ, ყოველთვის მაგონდება ერთი რუსი ჟურნალისტის მგზავრობის ამბავი საქართველოში, რომელმაც, ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან, რამოდენიმე წლით ადრე გაგვლანძღა, მიწასთან გაგვასწორა, თუმცა რატომღაც მაინც სთქვა, რომ "ვ გრუზიი, ნა კაჟდომ ძერევე, ბრილიანტი რასტუტო"

ისევ სკლეროზის ამბავია სახელ-გვარები, მაგრამ ეს ამბავი ისეთი გახმაურებული იყო მაშინ და ისეთი მწარ-მწარი პასუხები მიიღო უმადურმა სტუმარმა, რომ მაშინდელ 2 კინკილა გაზეთში უცებ იპოვის ადამიანი საჯაროში თუ წავა. იქ სადაც ოქროა, აუცილებლად იქნება ძვირფასი ქვები, მითუმეტეს კი ბრილიანტი, ნამეტანი უხდება ერთმანეთს.
ჰო! ლეგენდისა და რუსის აბრჭყვიალებულ თვალებზე კი, გურამ ასათიანი არ მომგონებოდა, შეუძლებელი იყო, ისე, ვინც ძალიან მიყვარს, მის სახელ-გვარზე კი არ მემართება ხოლმე სკლეროზი

ხოდა, ბატონი გურამის აზრით, ქართველს მზესავით სული ჰქონია, ისე ლამაზად წერს ქართულობაზე, წმინდა წყლის მამულიშვილიც რომ იყო, კიდევ მეტი მამულიშვილობა მოგინდება. ქართველი, მუდამ იმიტომ მეტოქეობს ქართველსავეო, რომ ამ დედამიწაზე, სხვა არც არავინ არის მისთვის ღირსეული სამეტოქეოდ სხვა ერშიო. მზეც აკი ოქროსთან ასოცირდება, ან პირიქით, ოქრო იწვევს მზიურობის განცდას, მაგრამ არა როგორც მეტალი.
21 საუკუნეა და დროში ჩარჩენილი არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყანა. თვითგამორკვევისა და საკუთარი გზის გააზრების თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული ადრე, აქვს ეხლაც, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. რას ვეძახი ქართულ დროში ჩაურჩენლობას? რასა და ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში ხდებოდა, იქმნებოდა, პირველები თუ არა, ნამდვილად უკანასკნელები არ ვიყავით ინფორმაციის მიღების რიგში. რიგი და ქართველი?!

თვითონ სიტყვა, ჩამორჩენილობა, იმდენად შეუფერებელ-შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ თუნდაც ამიტომ ვერ ვიქნებოდით ჩამორჩენილნი. ხოდა ავირიეთ და დავირიეთ, მუდამ სხვის განკარგვასა შინა მყოფმა ზესულიერი ერის ქვეყანამ, საკუთარი მზიური სულის წინსვლის ნაცვლად, აჯაფსანდალი მიიღო. ისიც გვინდა და ესეც. თავი მოგაბეზრეთ ამდენი ლაპარაკით, მოკლედ დავასრულებ ეხლა და...
ჩემს სურვილსაც ვიტყვი ბარემ. რომ ინებებდეს უფალი და გვიბოძებდეს დამოუკიდებლობას, სიტყვით კი არა, საქმით, ნაღდად, ფაქტად, მთელი მსოფლიო დაინახავდა( ჩვენ გვიყვარს როცა გვხედავენ, გვაქებენ, ვუყვარვართ, რადგან ასმაგად გვეხერხება მადლიანი კეთილშობილების უკან დაბრუნება, სხვანაირი ვერც წარმომიდგენია ქართველი), რომ საქართველო მართლაც არის ატლანტიდის მემკვიდრე. თუ სახელმწიფო ადამიანების გარეშე არ არსებობს, ძვირფასი მეტალით აგებული შენობები თუ წერია ლეგენდაში და სულ რამოდენიმე წლის წინ რუს ჟურნალისტსაც მოეჩვენა რომ საქართველოში ხეზე ბრილიანტები იზრდება, ეგება ქართული სულიერებაა ეს ოქრო და არა ხილული წიაღისეული, ეგება სწორედ ეს სულერება იწვევს პარანორმალურ ხილვებს, მე რა ვიცი?! ვითომ რატომ უნდა ჩამთვალოთ ჩემი მოსაზრების გამო ურაპატრიოტად?! ბერძნებმაც მაინცადამაინც ოქროს საწმისი მოგვპარეს. აი ასეა! ჩვენგან მიაქვთ ყველაფერი ღირებული საუკუნეებია, გვიტოვებენ ჭუჭყსა და წყალსაც გვიკეტავენ მერე, ემანდ ჭუჭყის ჩამორეცხვის ხასიათზე არ დადგნენ ქართველებიო.
ნეტავი ყველა თავს დაგვანებებდეს უფალო! აი, მერე ნახეთ თქვენა! დაწკრიალებული, უმშვენიერესი ქვეყანა თავისი ოქროს შენობებით, ქართველებით! არაფრის გატანა არ გვჭირდება, არც შემოტანა, უფლის საცხოვრებლად ღირსეულ მიწა-წყალზე, უფლის შვილობის ღირსი ხალხი ცხოვრობს, ოღონდ ვინ გვაცლის და უფლებას ვინ გვაძლევს, რომ ეს ღირსეული ნაზავი მიწისა და სულისა, ღიად გამოვაცხადოთ კი არა, რომ არ დავმალოთ შიშისა და მთლიანად გაქრობის რეალური საფრთხის გამო.