Post
by KSOVRELI » 18 ივნ 2009, 09:59
- მაშასადამე, გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი, მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში რომ ატარებს, თანდათან დაბლა ეშვება, რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წრიალებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ვერასოდეს გასცდება ამ ზღვარს, რადგანაც არასოდეს უხილავს ჭეშმარიტად ამაღლებული და არც არასოდეს ამაღლებულა მის მწვერვალებამდე, არც ნამდვილად ავსებულა ნამდვილით და არ უგემია წმინდა და სანუკვარი სიამოვნება. არა, ის და მისი მსგავსნი პირუტყვებივით თავდახრილნი დასჩერებიან მიწას და სუფრას, პირუტყვებივით ძოვენ, მუცელს აღორებენ ქონმორეულნი, ერთმანეთს თანაეყოფიან, სიხარბით გაშმაგებულნი წიხლებს უშენენ, რკინის რქებით რქენენ და ჩლიქებით სასიკვდილოდ ქელავენ ერთიმეორეს, რათა დაიცხრონ თავიანთი უძღები ჟინი, რადგან ვერც ნამდვილ საზრდოს სთავაზობენ თავიანთ ნამდვილ საწყისს ვერც თავიან ამოუყორავ ფაშვებს ავსებენ.
- დიდებულია, სოკრატე, - თქვა გლავკონმა, - ნამდვილი მისანივით გვისურათხატებ უმრავლესობის ყოფას.
- განა მათში სიამოვნებას გარდუვალად არ ერწყმის ტანჯვა? მაგრამ ყველა ეს სიამოვნება მხოლოდ ფერმკთალი ლანდი და უღიმღამო მონახაზია ჭეშმარიტი სიამოვნებისა, თუმცა მისი მეოხებით იძენენ საიმისო ძალას, რომ სიყვარულის სამხილით აღაგზნონ უგუნურთა გულები, ვნებით აბორგებულნი რომ ერკინებიან ერთმანეთს, რათა დაეუფლონ თავიანთ სურვიელი ლტოლვის საგანს, როგორც, სტესიქორეს მიხედვით, ტროას გალავანთან მშვენიერი ელენეს ლანდისათვის იბრძოდნენ გმირები, რომლებისთვისაც დაფარული რჩებოდა ჭეშმარიტება.
პლატონი, სახელმწიფო
Last edited by
KSOVRELI on 18 ივნ 2009, 10:23, edited 2 times in total.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.