ტურში მონაწილება მიიღო ადგილობრივი და აზერბაიჯანული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და მიწვეულმა სპეციალისტებმა. ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გაშუქების თავისებურებებზე. მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელობასთან და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
პირველ დღეს ერთმანეთის გაცნობის გარდა (მრავალი ჩვენგანი იცნობდა კიდეც ერთმანეთს) მოხდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის "სამხრეთ კავკასიაში გარემოსდაცვითი დიალოგის ხელშეწყობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის" პრეზენტაცია.
ამას გარდა, ჩატარდა ტრენინგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების მიმართულებით, სხვადასხვა დონეზე - მედია, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები - ინფორმაციის გაცემისა და მიღების პრობლემების განხილვის თაობაზე.
ამას გარდა, მედიაკომუნიკაციების ჭრილში მიმოვიხილეთ გარემოსდაცვითი პრობლემები რეგიონის დონეზე.
ამის შემდგომ კი მოხდა ლაგოდეხისა და ზაქათალის დაცული ტერიტორიების პრეზენტაცია. ვნახეთ ფილმები ლაგოდეხისა და ზაქათალის დაცული ტერიტორიების შესახებ.





