Post
by lama » 14 თებ 2009, 19:55
"ბახტრიონი"
ბოლო თავი
იტყვიან: მაღლის მთის ძირსა,
უღრანს, უდაბურს ტყეშია,
ლუხუმი იწვა დაჭრილი,
ნატყვიარი სჭირს მკერდშია.
იქვე მაღალი კლდე იყო,
გამოქვაბული შავადა,
ხავსით მორთული, პირქუში,
მრისხანე სანახავადა.
იქა ბუდობდა ვეება
გველი, მორთული ჯაგრითა,
ბევრისა ცოდვის მოქმედი,
პირზე დორბლების დაყრითა.
ბევრი ჩაენთქა ტიალსა
მონადირე და მხეცები.
იწვა, უცდიდა დავლასა
თვალებით დანაცეცები.
გადამთხვალიყვნენ იქიდამ
ნადირნი გულის თრთოლითა.
ვერ გაჰხედნებენ იმ ალაგს,
ისე ეშინისთ შორითა.
ერთს დღესა გველი, ვით ნისლი,
გაწოლილიყო ხეზედა,
წიოდა გულჯავრიანი,
თანაც თბებოდა მზეზედა.
ამ დროს შაესმა კვნესის ხმა
ჯაგარ-აშლილსა გვერდზედა.
გაჰხედა, ნახა, - კაცი წევს,
სულის მაბრძოლი, ეული,
გასცქერის ცისა სივრცესა
სასომიხდილი, სნეული;
მკერდზე ატყვია მიმხმარი
სისხლი წყლად ამორწყეული.
გველს შაებრალა ლუხუმი,
მისკე წავიდა ზლაზვნითა,
მიაშრიალებს ხმელს ფოთოლს
დიდრონის ტანის გლარზვნითა,
ზედ დააშტერდა სნეულსა
თვისის გველურის სახითა,
დასცქერის სულის მაბრძოლსა
გულის მზარავის თვალითა.
დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
ზედ გადააწვა მკერდზედა,
წყლულსა ულოკდა ენითა.
თან მკერდს უსველებს მხედარსა
ცრემლების ჩამოდენითა.
აყრუებს ტყესა და ველსა
ოხვრითა რამოდენითა!
მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა
ადამის ტომის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვა,
კეთილი დაუჭერია!
საჭმელსაც თვითონ უზიდავს,
ასმევს წყალს ლაღის მთისასა,
ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს
ორის ობოლის ძმისასა.
ამბობენ: შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა;
ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა!
1892 წ.