დიკლოს მივუბრუნდები
სახლები ფიქალითაა ნაგები და გადახურვაც იმავე ნაშალი კლდისაა. შენობები ძალზედ მჭიდრო დგას ერთმანეთთან. შიგნით ინტერიერი მკაცრი და მინიმალისტურია. საწოლი, სკამი, მაგიდა და ღუმელი. კედელში ჩაშენებული დაახლოვებით 40#70-ზე ზომის 2 კარადა. რომლისგანაც ერთი კედელთან ერთად ისეა წაზნექილი რამის შესანახად არც ივარგებს. იატაკი და კედლები ყოველგვარი მოპირკეთების გარეშე. /ზედა სახლში, ოთახს ოდესღაც "ნაშპალერალი" ეტყობოდა და ნარჩენი იალქნებივით ეკიდა. ლეოკე პაპას დიდ ბოქლომიანი სკივრიც ედგა.
ასეთი სისადავის ნახვის მერე ძნელია ზოგადად რამის უქონლობაზე დაიწუწუნო.
ბუნება იმდენად საინტერესო არ იყო რამდენანაც იქაურებზე დაკვირვება. ლეოკე პაპას ქალიშვილი - სოფო და შვილიშვილი სტუმრობდნენ. მომეწონა როგორ ზრდიან თუშები ბავშვებს, როცა შია აჭმევს არ ატირებს, დროულად უცვლის გამოსაცლვლელს, არაა ზედმეტი აკრძალვები, თბილისურ ოჯახებში ასე ხშირად რომ მესმის. პატარა დიდ ბოქლომს ეთამაშებოდა, ერთხელ კი გახედა სოფომ და თავი ვერ შეიკავა "იჰ ერთი კი ხელი მოგეჭეჭყოს" უთხრა და ჩაიარა, არ მოაცილა. მერე პატარა სხვა ნივთხე გადაერთო და ახლა იმისაკენ მიიწელა, ჭოჭინიდან ცდილობდა წამოდგომას, არ გამოსდიოდა, ახალი მცდელობა ჰქონდა, ასე ვარჯიშობდა კარგა ხანს. თავის თავს იყო მინებებული და გადამეტებული, დამახრჩობელი ყურადღებისაგან თავისუფალი იყო.
ლეოკე პაპაც და სხვებიც იმას იხსენებდნენ სადღაც 8 წლიდან ცხვარს პატრონობდნენ და აი იმ მთის წვერიდან აქ როგორ ჩამოდიოდნენ პურის მოსახარშად, ანდაც დიკლოდან დართლოში რომ დადიოდნენ ბებიასთან და წაყლი არ იყო გზად და პირი უშრებოდათ.
სოფო გვეუბნებოდა ახალგაზრდობაში ისეთი კეკლუცი იყოო ახლა ასაკის გამო ვეღარო. ჩვენ დავრწმუნდით ლეოკე პაპას სიკეკლუცეში როდესაც თავისი ოთახი ჩვენ დაგვითმო, თვითOნ ხალიჩის საგებელი დაფინა აივანზე და ნაბადში გაეხვია. ძალიან გვერიდებოდა რასაკვირველია, მაგრამ ამასთან რაღაც ნაცნობი, მივიწყებული, სტუმრის პატივისცემის განსაკუთრებული, მთისათვის დამახასიათებელი სურნელი ვიგრძენით და ბევრი აღარ ვეკამათეთ.