საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 26 მაი 2011, 17:40

3ხმიან სიმღერებში ხმათა დასახელება:

1. მოძახილი
2. მთქმელი ან დამწყები.
3. ბანი.

4ხმიან სიმღერებში

1. წვრილი, კრიმაჭული.
2. მთქმელი , წყება.
3. შემხმობარი.
4. ბანი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 26 მაი 2011, 17:49

ქართული ხალხური სიმღერების ჟანრები

საკულტო

სადიდებელი

შრომის

ა) მკის , ბ) ბარვის , გ) გუთნური , დ) თოხნის , ე) თიბვის , ვ) კალოური , ზ) მეტივური , თ) ურმული , ი) წველის , კ) საწყალზიდაო , ლ) სავენახო , მ) მოსავლის აღების , ნ) ნადური , ო) საფეიქრო , პ) ხელსაქმე , ჟ) მწყემსური , რ) სიმძიმის აწევა .

სუფრული

კალენდარული

ამინდის მართვის

საძეობო

აკვნის


ა) დასაძინებელი , ბ) აკვნის სიმღერა ,
გ) აკვანში პირველად ჩაწვენის .

სამკურნალო

საქორწილო


ა) მაყრული , ბ) სუფრული .

სახუმარო

სამგლოვიარო

ა) დატირება , ბ) ზარი / ზრუნი ,
გ) მოსაგონარი , დ) სიმღერა - ტირილი .

მგზავრული

ლაშქრული

შაირები , კაფიები

ა) სატირულ - იუმორისტული , ბ) გამოსაჯავრებელი ,
გ) საყოფაცხოვრებო , დ ) სატრფიალო , ე ) უწმაწური .

საცეკვაო – სათამაშო

საფერხულო

ლირიკ - სატრფიალო


ა) ქება , ბ) ნატვრა .

პატრიოტული

ეპიკური

შელოცვა

ბალადა

ა) საგმირო , ბ) სამონადირეო ,
გ) საისტორიო , დ) სატრფიალო ,
ე) საყოფაცხოვრებო ,

საჭიდაო

ჩივილი


ა) ობლობა , ბ) სოც . ჩაგვრა .

მიძღვნა

ა) პიროვნება , ბ) ტოპონიმი .

საგალობელი

ა) საეკლესიო , ბ) საერო .

საბჭოური

საყოფაცხოვრებო


ა) ოჯახი , ბ) ოჯახის წევრთა ურთიერთობა , გ) სტუმარ - მასპინძლობა .

ბავშვთა

ა) გათვლა , ბ) გამოსაჯავრებელი .

საბავშვო

ა) მოსაფერებელი , ბ) გასაღვიძებელი ,
გ) შესაშინებელი . დ) სალალაო - თავშესაქცევი

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 31 მაი 2011, 18:45

ქართული ხალხური სიმღერის დიალექტები


ქართული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი დამახასიაებელი თვისებაა დიალექტის სიმრავლე. როგორც არსებული მუსიკალური მასალის შესწავლა ადასტურებს საქართველოს ყოველი კუთხის სიმღერებს გააჩნია თავისი დამახასიათებელი ნიშანთვისებები; ამასთანავე ისინი აღმოცენებულები არიან საერთო საფუძველზე, მაგრამ შემდეგში მათი განვითარების გზა სხვადასხვაგვარად წარიმართა.
სულ 15დიალექტია, განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 31 მაი 2011, 19:24

ხევსურული მუს. დიალექტი

ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თავისებური კოლორიტული კუთხეა. ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილო კალთებს ეკვრის.
ხევსურეთის უფრო დიდი და მთავარი ნაწილი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე და ეწოდება პირაქეთა ხევსურეთი, ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ბარისახო. მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ნაწილს კი პირიქითა ხევსურეთი ეწოდება, რომელშიც შედის არდოტის, შატილის და არხოტის ხეობები.

განსაკუთრებული გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების გამო მისი განვითარების ტემპები დაბალი იყო, რის გამოც იგი საგრძლობლად ჩამორჩა სხვა რაიონებს.

ხევსურთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წარმართულ რწმენებს. ხევსურებს ღვთაებათა საკუთარი პანთეონი გააჩნიათ, აქედან უდიდესი ღვთაებაა "მორიგე", შემდეგ "კვირია"(ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის ღვთაება). ასევე ყავთ ომის ღვთაება "გუდანის ჯვარი", ნაყოფიერების ღვთაება -"ხახმატის ჯვარი", ბოროტ სულებთან მებრძოლი ღვთაება "დევთ დედა" და სხვ.

ხევსურთა რწმენები თავისებურ გამოხატულებას ჰპოვენბენ მათ სასიმღერო შემოქმედებაში. ხევსურული ხალხური პოეზია თავისი განვითარების დონით მაღლა დგას, სასიმღერო შემოქმედება კი (საქ-ოს სხვა კუთხეებთან შედარებით) ძალზედ პრიმიტიულია ( ხევსურულ სიმღერებს მღერიან დაძაბულად, არაზუსტი ინტონაციით, დაღმავალი გლისანდოსმაგვარი მელოდიით, მელოდია რიტმულად არაორგანიზებულია.) დიდ როლს ასრულებს სიმღერის ტექსტი - ლექსი, ის რეჩიტატიული, დეკლამაციური ხასიათისაა. სიმღერები აგებულია მინორულ კილოებზე (ეოლიური და დორიული) კილოს ცვლილება (მოდულაცია) არაა დამახასიათებელი.

ჟანრული თვალსაზრისით ხევსურული სიმღერა შეზღუდულია, თუმცა თემატურად მდიდარია. მუსიკალური აღნაგობით იყოფა რამოდენიმე ჯგუფად:

1. ქალთა სიმღერები "ნანები", "ტირილები";
2. მამაკაცთა სიმღერები "მთიბლური";
3. "ფერხული";
4. ინსტრუმენტული მუსიკა;
5. სიმღერის ტიპი , რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის ტექსტს.

ვხვდები საგმირო-ისტორიულ თემატიკას, ლირიულ-სატრფილაო შინაარსის, სახუმარო, საშაირო სტრიქონებს, რასაც ასრულებენ ქეიფისას სუფრაზე. ასეთია: "ხატიონების სიმღერა", "საქორწინო", "გვარის სიმღერა", "ბაღათაურის სიმღერა", "კაფიაობა", "ხუთშაბატს გათენდება", შატილ მოვიდის ლაშქარი" - აღნიშნული სიმღერები ერთხმიანია, გუნდური, ზოგჯერ საკრავთან სრულდება. ვხვდებით 2ხმიანობის ჩანასახსაც - შ. მშველიძის მიერ ჩაწერილი "ხუთშაბათს გათენდება", "შავს ლუდსა, წითელ ღვინოსა".

მამაკცათა რეპერტუარიდან გამოირჩევა ასევე შრომის სიმღერა მთიბლური" - ერთხმიანი გუნდის მიერ სრულდება, რომელიც ე.წ. ხმით ნატირალს წარმოადგენს და მრავალი მელოდიური გლისანდირებული სხვა ახასიათებს.

ყველაზე მელოდიურია ქალთა "ნანები".

საწესო სიმღერებიდან შეიძლება აღვნიშნოთ ტირილები, რომლებიც 3 სახის გვხვდება:
"ხმით" -მომტირალი ძირითად მელოდიას და მოტირალს ეპსაუხება "მოქვითინეთა" გუნდი;
"დათვლით" ტირილი ნათესავების მიერ სრულდება, მას ხშირად "დედის ტირილსაც"უწოდებენ - რეჩიტატიული ხასიათისაა.
"ძახილით" ტირილი - მას "მოძახინარი" ასრულებს, როდესაც ერთი მოტირალი დაიღლება მეორე ცვლის. სრულდება უახლოესი ნათესავის მიერ.
ამგვარად ხევსურულ სიმღერბს შემდეგი თვისებები ახასითებს:
1. მარტივი მელოდია.
2. დაღმავალი მელოდიური გლისანდირებული სვლა.
4. 1ხმიანობა.
5. 2ხმიანობის ჩანასახი.
6. ჟანრული შეზღუდულობა.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Archil » 31 მაი 2011, 20:40

ყოჩაღ ქეთევან

მე 14 დიალექტი ვიცოდი.

ჩამონათვალი რომ გააკეთო და მერე მიჰყვე სათითაოდ? თუ ინტერესში გვაგდებ მასე? :)

,
კ) საწყალზიდაო , მ) მოსავლის აღების
კ) საწყალზიდაო = წყლის მზიდავს თულუხში ქვია.
მ) მოსავლის აღება = რთველი არაა მაგი?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 31 მაი 2011, 21:09

Archil wrote:ყოჩაღ ქეთევან

მე 14 დიალექტი ვიცოდი.

ჩამონათვალი რომ გააკეთო და მერე მიჰყვე სათითაოდ? თუ ინტერესში გვაგდებ მასე? :)

,
კ) საწყალზიდაო , მ) მოსავლის აღების
კ) საწყალზიდაო = წყლის მზიდავს თულუხში ქვია.
მ) მოსავლის აღება = რთველი არაა მაგი?
15ია, აი ისინიც: აღმოსავლეთ საქართველოში: 1. ქართლი, 2. კახეთი, 3. ხევი, 4. მთიულეთი, 5. ხევსურეთი, 6. ფშავი, 7. თუშეთი, 8. მესხეთ-ჯავახეთი.
დასავლეთ საქართველო: 1. რაჭა, 2. სვანეთი, 3. იმერეთი, 4. გურია, 5. აჭარა, 6. სამეგრელო, 7. ლაზეთი.

სხვადასხვა მოსავლის აღებაზეა საუბარი არ მხოლოდ ყურძნის.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ივნ 2011, 20:23

თუშური მუს. დიალექტი

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.

" ქართლის ცხოვრება" გადმოგვცემს - როდესაც მეფე მირიანმა გაგზავნა ჯარი ურჩი მთიულების გასაქრისტიანებლად, მთიულებმა თავი შეაფარეს თუშეთს.

თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს - ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2 -ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება. თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან, წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები – წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალოც ამ თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.

(იხილეთ დაწვრილებით: http://ucnauri.com/2010/%e1%83%97%e1%83 ... z1OnJ99in7)

თუშეთის ძირითადი საქმიანობა მეცხვარეობაა. ეკონომიკური და კულტურული დონით საკმაოდ განვითარებულია. ქრისტიანობა აქ XI ს-ში გავრცელდა, აქაც, ისევე როგორც ხევსურეთში წარმართული სარწმუნოებაა შემორჩენილი, რაზეც ნათლად მეტყველებს თუშეთის ღვთაებათა პანთეონი. მათი უმთავრესი ღვთაებებია: "ლაშარის ჯვარი", ხითანის ჯვარი" და "სამება". პოეტურ და მუს. შემოქმდებაში დიდ ადგილს იკავებს საწესო საწყისი, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

თუშური მუსიკა თავისებურია და საგრძნობლად განსხვავდება სხვა კუთხეებისაგან, გარკვეულად ენათესავება ფშავ-ხევსურეთის მუსიკას. დღევანდელ თუშურ მუსიკალურ ფოლკლორში უნდა გამოვყოთ ორი შტო - ძველებური და თანამედროვე. თანამედროვე სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა "თუშური" - ერთხმად სრულდება ფანდურის ან გარმონის თანხლებით, ან მხოლოდ ინსტრუმენტებზე. მელოდია ცეკვითი ხასიათისაა, რიტმი ჩამოყალიბებულია. ძალიან საინერესო და განსაკუთრებული ლამაზი მელოდიური საქცევებით გამოირჩევა თუშური "საცეკვაო მელოდიების პოპური", რომელსაც გარმონეზე ან სალამურზე ასრულებენ. აგრეთვე სიმღერა "რა ლამაზია თუშეთი".

თუშურ სიმღერებში ზოგჯერ შეიმჩნევა ინსტრუმენტული მუსიკის მელოდიკის გავლენა ამ მხრივ საინტერესოა შ. მშველიძის მიერ ჩაწერილი "მეითის სიმღერა", რომელსაც სალამურისებრი მელოდიკა აქვს. სიმღერას დიდი დიაპაზონი გააჩნია. ვხვდებით ეოლიური, დორიული და ფრიგიული კილს მონავლეობას.

ძველი თუშური მელოდიებიდან უნდა გამოვყოთ საკულთო სიმღერები "ლაშარის სიმღერა" , რომელიც სრულდება ლაშარობაზე "ხატობაზე" სოფელ ჩიღოს მახლობლად. ეს სიმღერა 1ხმიანია და სრულდება სოლისტისა და 1ხმიანი გუნდის მიერ. მელოდია პირქუში ხასიათისაა.

საწესო სიმღერებიდან გამოირჩევა სამგლოვიარო წესი "დალაობა", რომელიც მიცვალებულის (კაცის) წლისთავზე სრულდება."დალაი სქვი მაედრებს დალაი", ესეც სრულდება სოლისტისა და 1ხმიანი გუნდის მიერ. ეზოში გამოიტანენ მიცვალებულის კუთვნილ ტანისამოსს, იარაღს,ცხენს და მის გარშემო ცხენებზე ამხედრებული მამაკაცები მღერიან სიმღერას "დალა". სიმღერის მელოდია მეტად პირქუშია, სამგლოვიარო ინტონაციები ცოტაა, ეს უფრო ვაჟკაცური გლოვაა. კილო მინორულია, ზომა სამწილადი.

2ხმიანი სიმღერებიდან შეიძლება გამოვყოთ "თუშო ნუ მიხავალ ხოშარას", რომელიც ისტორიულ ნიადაგზეა აღმოცენებული. როგორც ცნობილია, თუშებს და ფშავებს შორის არსებობდა გარკვეული ანტაგონიზმი. თუშების ბელადი - დავით თილისძე თავისი რაზმით ხშირად გადადიოდა თუშეთიდან უკანაფშავში და იტაცებდა ფშავლების ცხვარ–საქონელს, იკლებდა სოფლებს და ნადავლით უკანვე ბრუნდებოდა. ამ მეკობარ თუშებსა და ფშავლებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა სოფ. ხოშარაში მომხდარა.

ფშავლებს თუშები დაუმარცხებიათ და დიდის ზარალით თილისზე გაქცეულა. ხალხური გადმოცემით, ხოშარაში მრავალი თუში დახოცილა და ფშავლებს მათი ჩითები (ნაქსოვი ჭრელი ფეხაცმელი), გოდრებით უზიდიათ.

საგულისხმოა, რომ ამას მოჰყვა ფშაველებისა და თუშების დამეგობრება და შემდგომში ისინი უკვე ხევსურებთან ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. ამის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენს ბახტრიონის ბრძოლა. ამ თემატიკამ გამოხატულება ჰპოვა სიმღერაში "თუში ვარ მაგრამ კარგი ვარ", აგრეთვე გმირუ-საისტორიო "ზეზვა გაფრინდაული".

აღსანიშნავია, რომ ჟანრული თვალსაზრისით თუშური ხალხური სიმღერა საკმაოდ შეზღუდულია. მოიცვს საწესო, ისტორიულ და ლირიკულ სიმღერებს, მარამ მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ხევსურულთან შედარებით თუშური სიმღერა განვითარების უფრო მაღალ საფეხუზე დგას. თუკი ხევსურულ სიმღერაში 2ხმიანობის მხოლოდ ჩანასახს ვხვდებით, თუშურ სიმღერასში 2ხმიანობა უკვე დამკვიდრებულია, ამასთანავე მელოდიკა საკმაოდ ჩამოყალიბებულია და მას ფართე დიაპაზონი გააჩნია. ყურადღებას იქცევს აგრეთვე ის გარემოება, რომ თუშურ სიმღერებს გაჩნიათ მეტად თავისებული ორიგინალური საკადანსო საქცევები.

მთის რაიონებიდან მთათუშეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია ინსტრუმენტული მუსიკა. გამოირჩევა ისეთი საკრავები როგორიცაა "უენო სალამური" და მცირე ზომის გარმონი ე.წ. "ბუზიკა".

უენო სალამური მწყემსების კუთვნილებაა, ხოლო გარმონს ქალბი იყენებენ. უენო სალამურზე უმთავრესად სრულდება ისეთი ჰანგები რომელნიც დაკავშირებულია მეცხვარის საქმიანობასთან, მაგ. "ცხვირს აყირს ხმა" . რაც შეეხება გარმონს, მასზე სრულდება უპირველესად საცეკვაო მელოდიები, ანდა გვევლინება ლირიკული სიმღერების თანმხლებ საკრავად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე თუშური სიმღერის კანონზომიერებებია:
1. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მელოდია და კილო;
2. 1ხმიანი გუნდისა და სოლისტის მონაცვლეობა;
3. დამახასიათებელი საკადანსო მიმოქცევები;
4. ჟანრული შეძღუდულობა.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 02 ივლ 2011, 16:23

ფშაური მუს. დიალექტი

ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ "ფხოვი" გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.

ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. მისი ფართობი დაახლოებით 550 კვ. კმ-ია.

ფშავები მისდევენ მიწათმოქმედებასა და მეხილეობას, მაგრამ სამეურნეო დარგში გადამწყვეტი როლი მიეკუთვნება მესაქონლეობას - მსხვილფეხა მესაქონლეობას.

ფშავები მთის სხვა ტომებთან შედარებით ადრე გამოვიდნენ კულტურული ცხოვრების ასპარეზზე. ფშავში ძალზე გავრცელებულია ხალხური მელექსეობა, გაშაირება ლექსად, რასაც კაფიას უწოდებენ.

ფშავებმა IV საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა მაგრამ მიუხედავად ამისა ძალაში დარჩა არა მარტო წარმართული წეს-ჩვეულებები, არამედ წარმართული რჭმენებიც. მათ გააჩნიათ: "კოპალა" (ძირითადი სამლოცველო სოფ. უძილაურთა), "იახსარი", "პირქუში"(ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი, პირქუშის სალოცავები დაწესებულია ფშავსა (სოფ. ახადი) და ხევსურეთში (სოფ. ბაცალიგო).

ფშაური მუს. შემოქმედება მეტად საინტერესოა. მას ბევრი რამ აქვს საერთო ხევსურულ მუს. დიალექტთან (აქ ვხვდებით საერთო ინტონაციებს), თუმცა ფშაური მუს. განვითარების დონე უფრო მაღალია. ფშაურმა მუსიკამ საპატიო ადგილი დაიკავა ქართულია პროფესიულ შემოქმდეებაში, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როლი შ. მშველიძის შემოქმედებაში.

ფშაური სიმღერების მაღალ დონეზე მეტყველებს ჩამოყალიბებული 2ხმიანობა და ამავე დროს 2მხრივი, ანუ 2გუნდოვანი სიმღერების შესრულების ხერხი; აგრეთვე სიმღერათა მელოდიიის მღერადობა და მოქნილობა, სითბო და ლირიულობა. ფშაური სიმღერები ხევსურულსა და თუშურთან შედარებით ჟანრობრივად უფრო მდიდარია. ვხვდებით საწესო, საკულთო, საყოფაცხოვრებო, ლირიკულ და საცეკვაო სიმღერებს.

ფშაური სიმრერების უმრავლესობა აგებულია ფრიგიულ კილოზე და მის ნაირსახეობაზე ფშაურზე, რომელსაც ასევე სამი ნაირსახეობა აქვს. (აღმოჩენა შ. მშველიძეს ეკუთვნის) ეს კილოებია:
1. ფრიგიული
2. ფრიგიული კილო ამაღლებული IIIსაფეხურით.
3. ფრიგიული კილო ამაღლებული III და VI საფეხურებით
4. ფრიგიული კილო ამაღლებული VI საფეხურით.

ფშაური საწესო სიმღებია 2ხმიანი "ფშაური" რომელსაც სუფრაზე ასრულებენ (აგებულია ფშაურ კილოზე); 2ხმიანი "ჯვარი წინასა"რომელიც ქორწილის წესთანაა დაკავშირებული (სიმღერა სრულდება პატარძლის ვაჟის სახლში მიყვანისას, ნეფე-პატარძალს 3-ჯერ შემოატარებენ კერიის (ცეცხლის) გარშემო. მათ წინ მეჯვარე მიუძღვის და აქეთ-იქით მდგარი მაყარი მღერის "ჯვარი წინასა" ორი გუნდის მონაცვლეობით.

საწესო სიმღერებიდან შეიძლება გამოვყოთ აგრეთვე "ფერხისა" ორივე სიმღერა - "ფერხისა" და "ჯვარი წინასა" -ს მელოდია საფერხულო-საცეკვაო აღნაგობისაა. ფშავში ძირითადად 2ხმიან სიმღერებს ვხვდებით. თუმცა არის 1ხმიანი სიმღერების ნიმუშებიც, მაგ. შრომის "მთიბლური", "გვრინი", საწესო "ნანა".

აგრეთვე საფანდურო სიმღერები. ფშაური "მთიბლური" ძალიან წააგავს ხევსურულ " მთიბლურს", მაგრამ ბევრად უფრო მაღლა დგას მხატვრული დონით. ინტონაციურად, სტრუქტურულად უფრო ჩამოყალიბებულია და კილოც ნათლადაა გამოვლენილი, მელოდია იმპროვიზაციული, მეტრი თავისუფალია. უნდა აღინიშნოს, რომ "მთიბლურის" კადანსი განსაკუთრებულია და იგი მომდინარეობს სამგლოვიარო ინტონაციიდან.

"მამამკაცის ტირილი" ძალიან ჰგავს ბარის "ურმულს", მელოდია საკმაოდ რთულია. ინტონაციურად "მთიბულს" უახლოვდება და ორივე ერთად კი ბარის შრომის სიმღერბთან "ურმულსა და"ოროველა"თან ჰპოვებს საერთოს.

ფშაურ სიმღერებს ახასიათებს განსაკუთრებული საკადანსო საქცევები - რომლებიც სრულდება ფრიგიული კადანსით (I, II, III საფეხურით). ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ფშაური სიმღერის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:

1. მკვეთრად ჩამოყალიბებული 2ხმიანობა.
2. 2მხრივი 2ხმიანობა.
3. ფშაური კილოს გამოყენება.
4. ფრიგიული კადანსის გამოყენება.
5. განვიათარებული მელოდია.
6. ჟანრული მრავალფროვნება.
Last edited by Ketevan Guliashvili on 02 ივლ 2011, 16:39, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 02 ივლ 2011, 16:31

გვრინი — მთიბლური სიმღერის კილო. სრულდებოდა ინდივიდუალურად, თიბვის დროს ცელის მოძრაობის რიტმთან შეწყობით; უმთავრესად გავრცელებულია ფშავ-ხევსურეთში. გვრინის ტექსტებად იყენებენ როგორც შრომის, ისე საყოფაცხოვრებო, სატრფიალო თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებს, აგრეთვე "ხმით ნატირლებს".

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 02 ივლ 2011, 16:31

"ხმით ნატირლებს" ხევსურეთში მამაკაცებიც ამოთქვამდნენ, ოღონდ ფრიად უცნაურ ვითარებაში - თიბვის დროს. სიტყვები და ჰანგი იგივე იყო, მაგრამ საგლოვო ლექსი ფუნქციას იცვლიდა - შრომის სიმღერად გარდაიქმნებოდა.
საერთოდ, ხევსურეთში თიბვას განუყოფლად დაუკავშირდა მიცვალებულის გახსენება - მისი "ხმით" დატირება დაკრძალვის შემდეგ კიდევ ერთხელ ხდებოდა "თიბვის შამშაბათს" - სათიბად სოფლის პირველად გასვლის დღეს, როცა ჭირისუფალი ტაბლებს ამზადებდა და მთელ სოფელს პატიჟებდა.
რამდენი გონივრული და დამაჯერებელი ახსნაც უნდა დაუძებნონ მეცნიერებმა ამ ფაქტს, ის მაინც უჩვეულო იქნება, შეუცნობელი და იდუმალი. თვით მეზობელ თუშეთშიც კი, რომლის მჭიდრო რიტუალურ-ეთნოგრაფიული კავშირი ხევსურეთთან ეჭვს არ იწვევს, "ხმით ნატირლის" საჯარო გამეორება ავის მომასწავებლად ითვლებოდა და ტაბუ ედო. აქ ნატირლებს მარტოობაში "ზუზუნებდა" ხელსაქმით გართული ქალი და ამას სხვის თანდასწრებით არასოდეს გააკეთებდა.
აკაკი შანიძემ ხევსურული ნატირლები, საერთოდ, მთიბლურ ლექსებადაც კი მიიჩნია (თუმცა დაკრძალვის რიტუალის ამ დათალხულ ნამსხვრევებს სათიბშიც გაჰყვა წარმომავლობის დამღა: სახელი "გვრინი" საბას მიხედვით "საგლოელი ხმა") და აღნიშნა მათი რიტმულ-ფორმალური უნიკალურობა: "ერთია ძალიან საყურადღებო მთიბლურ ლექსებში, - ეს გახლავს მათი ფორმა, რომელიც სრულ კონტრასტს წარმოადგენს დანარჩენ სიმღერა-ლექსებისას, აქ არ არის რითმა, რომელიც აუცილებელი ნიშანია ქართული ხალხური ლექსისა საზოგადოდ. არც მარცვალთა რაოდენობით უდგება ამ ციკლის ლექსები სხვა ლექსებს... საზოგადოდ მთიბლური ლექსის მუხლი (თუ მუხლის ნახევარი) ცხრა-მარცვლოვანია... ლექსს მთაში კიდევ აქვს შერჩენილი ძველი ხასიათი, შესრულებულ იქნეს მუსიკალურად, ე.ი. სიტყვები გალობით იქნეს წარმოთქმული... მთიბლური ლექსების სასიმღერო ჰანგები თვით ტექსტების შესახებაც გვეტყოდა რასმე... ასეთ სიმღერებში უნდა გვქონდეს ერთ-ერთი ნიმუში უძველესი ქართული ლექსისა..."
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰანგიცა და ლექსი ამ შემთხვევაში სიკვდილის ფუნდამენტური რეალობის დაძლევის ცდამ შვა და, შესაძლოა, ამავე სწრაფვამ განუყოფლად დაუკავშირა თიბვას, ჩნდება რაღაც ბუნდოვანი იმედი: იქნებ, ოდესმე ჩვენშიც შეიქმნას ნიცშეს ეპოქალური წიგნის ერთგვარი დამატება თუ ანტიპოდი - "მუსიკის სულის, ლექსისა და შრომის დაბადება ტრაგიკულიდან".

http://arili2.blogspot.com/2009/03/blog-post_7453.html

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 16 ივლ 2011, 23:40

მოხეური მუს. დიალექტი

ხევს საქართველოს სხვა კუთხეებს შორის თავისებური ადილი უკავია. ხევი, წანარეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით - შიდა ქართლის მთიანეთი.

ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში.

მატიანეში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" (IX ს.) VI საუკუნის მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია "ხევი წინარეთისა". შემდგომში სახელმწიფო "წინარეთი" ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი "მოხევე". დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე).

XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.

ხევის მთელი ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შედის. მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.

ხევის პოლიტიკური და კულტურული დონის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშა სამხედრო გზის არსებობამ, ამან ხევი მთის სხვა კუთხეებთან შედარებით ადრევე გამოიყვანა კარჩაკეტილობიდან. ამ გზით ისინი დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ ოსეთს - ვლადიკავკაზს და სამხრეთით - თბილისს. 1871 წ. ცნობილმა არქეოლოგმა ფილიმონოვმა ხევის ტერიტორიაზე გათხრები აწარმოა. კერზოდ სტეფანწმინდაში, სადაც სხვა ნივთებთან ერთად მოიპოვებულ იქნა ხუთსიამიანი ქნარი.

ხევი საინტერესოა ეთნოგრაფიული კუთხითაც. აქ ძველთაგანვე იყო დამკვიდრებული ქრისტიანობა და საეკლესიაო ნაგებობებიც უხვად გვხვდება. მიუხედავად ამისა გაბატონებულია წარმართული წეს-ჩვეულებები და რწმენები - მრავალღმერთიანობა. მათი უმთავრესი ღვთაებაა "სპარს ანგელოზი", უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ასევე "კვირია" , გარდა ამისა ყოველ სახლს გააჩნია ე.წ. ფუძის ანგელოზი. ბუნებრივია -აღნიშნული ღვთაებების არსებობა თავისებურ გავლენას ახდენდა მოხევთა რწმენებზე და რაღა თქმა უნადა სასიმღერო შემოქმედებაზეც. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ მთიელთა სიმღერებთან შედარებით მხატვრული დონით საგრძნობლად მაღალ დონეზეა. ქართლ-კახურმა სიმღერებმა ზეგავლენა მოახდინა მოხეურ და მთიულურ ე.წ. ფოლკლორზე. თუმცა მოხევეები და მთიულები რამდენადმე თავისებურ კილოზე მღერიან მათ.

მთის სხვა კუთხეებთან შედარებით მოხევური სიმღერები ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვანია. აქ ვხვდებით საკულტო - "გერგეტულა"; სამგლოვიარო - "სმური", "დიდება"; შრომის - " ნამგლური"; საწესჩვეულებო - "ჯვარული", "ბარბალე", "ტირილები"; ლირიკულ-სატრფილალო თანამედროვე "მოხევის ქალო, თიანო", "სახუმარო", "ქალი ვარ გასათხოვარი"; საყოფაცხოვრებო - "ნანები", "იავნანა"; სუფრული - "სმური"; საცეკვაო - "არალე", "აი დალალე", ასევე საფერხულო სიმღერებს.

მოხეური და ასევე მთიულური ხალხურ სიმღერბი 3ხმიანია. მაგრამ აღნიშნული 3ხმიანობა ქართული ჰარმონიის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმაა. აქ ნათლად შეიმჩნევა 2ხმიანობის გავლენა. ამის მაგალითებია "არალე", "საფერხულო", "აიდალალე", "ნამგლური", სადაც ფაქტობრივად 3 ხმა მონაწილეობს მაგრამ რეალურ 2ხმიანობასთან გვაქვს საქმე. ხევში ვხვდებით ნამდვილ 3ხმიან სიმღერბსაც. არის აგრეთვე 1ხმიანი სიმღერებიც ფანდურის თანხლებით ან უთანლებოდ. ესენია: "ნანები", "ქართული ფერხული", "იავნანა" და "ტირილები", რომლის 3 სახეობა არსებობს: 1. ქვითინით ტირილი, ანუ ჩვეულებრივი ტირილი, რომელსაც ახლო ნათესავები ასრულებენ. 2. ხმით ტირილი - მას პროფესიონალი მოტირალი ასრულებს. 3. ადაი დადაი - ეს განსაკუთრებული სახის ტირილია, რომელსაც საქართველოს სხვა კუთხეებში ჯერ-ჯერობით არ შევხვედრივართ. მას ახასიათებს ტრაგიკული სიმძაფრე და ასრულებენ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაგ. სახელოვანი ვაჟკაცის დაღუპვისას. ტირილი მონაცვლეობითი ფორმისაა, ორი მოტირალი დგება ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს შესძახის კითხვა-პასუხის სახით.

ძემოთ ჩამოთვლილი სიმღერების უმრავლესობა 3ხმიანია. აქდან საინტერესო სიმღერაა "სუფრული", რომელიც ყველაზე რთულ, განვითარებულ მოხევური სიმღერას წარმოადგენს. წააგავს ქართ-კახურ სუფრულს, თუმცა საგრძნობლად ჩამოუვარდება მას. "სმურში" ვხვდებით მოდულციას, რასაც სხვაგან ვერ ვნახავთ. ეს საგულისხმო ფაქტია.
მოხვურ ხალხურ სიმღერებს როგორც მელოდიკა, ასევე ჰარმონიაც საკმაოდ დახვეწილი და ჩამოყალიბებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ მოხევური სიმღერები უნისონში მთავრდება.

სიმღერბი აგებულია მიქსოლიდიურ და ეოლიურ კილოებში.
დამახასიათებელი ნიშან თვისებებია:
1. მტკიცედ ჩამოყალიბებული 3ხმიანობა.
2. ჟანრული მრავალფეროვნება.
3. მელოდიური და ჰარმონიული კანონზომიერებების სიმტკიცე.
4. მოდულაცია.
5. ჩამოყალიბებული ფორმა.
6. სიმღერის დაბოლოვება უნისონზე.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2011, 10:30

მთიულური მუს. დიალექტი

მთიულეთი მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.

ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური.

მთიულეთი - მთის სხვა კუთხეებთან შედარეით ეკონომიკურდ და კულტურულად საკმაოდ განვითარებულია. რაშიც სამხედრო გზის გარდა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეცხოველეობამ და მიწათმოქმედებამ.

მთიულებსაც ისევე როგორც ხევსურებს-თუშებს-ფშაველებს წარმართული რწმუნებები ღრმად აქვთ გამჯდარი. ეს თავისებურ გამოხატულებას ჰპოვებს ხალხურ სიმღერებში. მათი მთავარი ღვთაებაა ლომისის ჯვარი.

მთიულეთის ხალხური შემოქმედება თავისი განვითარებით წინარე განხილულ მთის სხვა კუთხეებთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე დგას. მთიულური ხალხური სიმღერების უმრავლესობა სამხმიანია. იგი ბევრ საერთოს ნახულობს ხევსურულ სიმღერებთან. მსგავსად ხევისა აქაც შეიმჩნევა ქართ-კახური მუსიკის დიდი გავლენა., როგორც სტილის, ისე ფორმის მხრივ. მთიულთა სასიმღერო რეპერტუარში შედის ბარის სიმღერები : "გაფრინდი შავო მერცხლო", "ჩავუხტეთ ბარათაშვილსა", "ბერი კაცი"; ასევე შეიმჩნევა ბარის სიმღერების ინტონაციური ზეგავლენა.

ჟანრული თვალსაზრისით აქ ვხვდებით საწესო საკულტო სიმღერებს "ჯვარიწინასა" რომელიც სრულდება როგორც ქორწილში, ისე ფერხულებშიც. ორივე შემთხვევაში ტრადიციული ტექსტის დაცვით. საყურაღებოა რომ ამ სიმღერას ასრულებენ ასევე სამეურნეო სამუშაოს დაწყების წინ. ამ შემთხვევაში ტექსტი იცვლება სათანადო შინაარსით. ვხვდებით სხვა საწესო-საკულტო სიმღერებსაც "ფერხული,"ლომისის ჯვარი" ანუ "ლომისური". ეს უკანასკნელი სიმღერა ძალზედ გამოირჩევა ჰანგის ძირითადი ბგერების წვრილი ნოტებით შემკობა-შელამაზებით, ის განვითარებული რეჩიტატიული, იმპროვიზაციული სიმღერაა, რომელიც წააგავს მოხევურ "სმურს", ენათესავება ქართლურ სუფრულ სიმღერას.

მთიულურ დიალექტში ვხვდებით აგრეთვე შრომის ჟანრსაც. მაგ. "ნამგლური". ასევე ვხვდებით საცეკვაო მელოდიებს - როგორც ვოკალურს ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტულს. ქალთა რეპერტუარში წამყვანი ადგილი უკავია საყოფაცხოვრებო "ნანას".

მსგავსად მოხევური სიმღერებისა მთიულურ სიმღერებშიც სამხმიანობის ორიგინალურ სახესთან გვაქვს საქმე, სადაც ბანი ხან მეორე ხმასთან მიდის უნსონში, ხან მეორე ხმა უერთდება ბანს უნისონში, რაც ქმნის ფაქტობრივად ორხმიანობას. ამის მაგალითია "ჯვარი წინასა".

ასევე მოხევური სიმღერების მსგავსად , მთიულურ სიმღერებშიც გაბატონებულია სამწილადობა, რომელიც ქართულ საწესო სიმღერებში დიდ როლს თამაშობს. საინტერესოა საწესო სიმღერების კადანსებიც. "ჯვარი წინასა" და "საფერხულოც" ნახევარ კადანსზე ტერციაზე მთავრდება.

კილოებიდან გამოიყენება მიქსოლიდიური, ეოლიური, დორიული, ფრიგიული, ვხვდებით ჰიპოფრიგიულ კილოსაც.

ინსტრუმენტული სიმღერებიდან ძირითადად ისტორიულ ლირიკული და სახუმარო ჟანრის სიმღერებს ვხვდებით. მელოდია ამ სიმღერებში მეტწილად რეჩიტატიული ხასიათისაა, მისდევს აკორდული თანხლება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მთიულური მუსიკალური დიალექტისათვის დამახასითებელია:

1. მკვეთრად ჩამოყალიბებული სამხმიანობა;
2. მსგავსება ქართ-კახურ სიმღერებთან;
3 დამახასითებელი მელიზმები;
4. კოლოებრივი მრავალფეროვნება;
5. ჟანრული შეზღუდულობა;
6. ორიგინალური კადანსი - ტერციაზე დამთავრება.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2011, 11:34

მესხური მუს. დიალექტი

მესხების სასიმღერო ხელოვნება ისეთივე თავისებურია, როგორც მისი ისტორიული ბედი.

მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.

ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.

“მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის” წერდა მოსე ჯანაშვილი.

მესხეთმა თავის ტერიტორიაზე შემოგვინახა მატერიალური კულტურის ღირშესანიშნავი ძეგლები (ციხე-სიმაგრეები, მონასტრები), მაგრამ XVI საუკუნეში თურქების მიერ მესხეთის დაპყრობის შემდეგ ბარბაროსულად იქნა აოხრებული ადგილობრივი მაღალი სულიერი კულტურა, რომლის კვალი ამჟამად ძნელად მჟღავნდება.

1938 და 1949 წლებში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ იქნა (ძალზე მცირე ოდენობით) ძვირფასი სასიმღერო მასალა.

მეხური ხალხური მუსიკალური შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ერთხმიანობა. ცალფა სიმღერა და უნისონული გუნდი. მესხებს, ზოგიერთი ხალხური მომღერლის ცნობით ჰქონიათ ორ ხმიანი სიმღერებიც, უმეტესად სუფრულები. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო ასევე სამხმიანი სიმღერების არსებობაც, რომელთა აღმოჩენა მუსიკისმცოდნე ვალერიან მაღრაძეს ეკუთვნის.

ერთხმიანი სიმღერებია : შრომის - "ოროველა", "სუფრულები","მეფეერეკელს ამბავი", "საქორწილო", საფერხულო".
ხალხური სამუსიკო საკრავებიდან მესხებს შემორჩენილი აქვთ უენო და ენიანი სალამური, თულუმი, ჭიბონი, გუდასტვირი, დოლი. გავრცელებულია აღმოსავლური საკრავებიც :თარი, ზურნა, საზი. უმთავრესად ვხვდებით საცეკვაო ხასიათის მელოდიებს. სალამურზე სრულდება მწყემსური მელოდიები.

"საქორწილოში" და "მეფე ერეკლეს ამბავში" მჟღავნდება ქართული ხალხური რეჩიტატივის ტიპიური მომენტები, ხოლო მთლიანად ეს მასალა წარმოდგენას იძლევა ეპიკურ ჟანრზე. გუნდურ სიმღერებში ვხვდებით მონაცვლეობით შესრულებას უნისონური გუნდის ცალფა ხმასთან, რაც აგრეთვე ქართული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი უძველესი სახეა.

ვხვდებით ქართლ- კახური ტიპის სიმღერებს, სუფურლებს: "სუფრა ვარდითა სავსე გვაქვს", "მტრედმა თავისი სიმართლითა", "გეგუთისა მინორზედა". თუმცა მესხები ნაკლები მელიზმატიკითა და ღია ბგერების გარეშე მღერიან.

ასევე მესხური სიმღერებია: საფერხულო - “მამლი მუხასა”, ვარძიობა ძიობასა", “სამყრელო”, “ოქრომჭედელო”.

ვხვდებით სუფრის გახსნისა და სუფრის დახურვის სიმღერებს.

ამრიგად, მესხურ სიმღერას განსაკუთრებული ადგილიუკავია ქართულ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებაში, მისთვის დამახასითებელია საკმაოდ განვითარებული:

1. ერთხმიანობა.
2. მელოდიკის სიფართოვე და მღერადი ხასიათი.
3. ჟანრული მრავალფეროვნება.
4. სამპირული შესრულების წესი (სამგუნდოვანი).
5. გადიდებული სეკუნდა აღმოსავლური იერით. (ვხვდებით "ოროველაში").


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2011, 18:21

ქართლ-კახური მუს. დიალექტი

ქართლ-კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კუთხეებია. ორივე კუთხეს ერთად განვიხილავთ იმიტომ, რომ ქართლლისა და კახეთის კულტურა არსებითად ერთ საფუძველს ემყარებოდა. კერძოდ, იგივე შეიძლება ითქვას სასიმღერო შემოქმედების მიმართაც, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი არაჩვეულებრივი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. ქართ-კახური სასიმღერო შემოქმედების შესწავლისათვის სათანადო მასალას გვაწვდის როგოც მეცნიერების ასევე ხელოვნების მრავალი დარგი. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია საისტორიო, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურული მონაცემები. მეორე მხრივ, ეთნოგრაფიული მასალები, მესამე მხრივ მუს. ხელოვნების მონათესავე დარგების სტილისტურ თავისებურებები, მაგრამ უმთავრეს წყაროს თვით სიმღერა წარმოადგენს.

ქართ-კახური მუსიკალური ფოლკლორი უმდიდრესია ჟანრული თვალსაზრისით, მრავალფეროვანია შინაარსობრივად, თემატური დიაპაზონი მოიცავს ხალხური შემოქმედების ყველა ჟანრს.

ქართლ-კახურ სიმღერებში ქართველი ხალხის მუს. აზროვნება უმაღლეს მწვერვალს აღწევს. ქართლ-კახური სასიმღერო შემოქმედება, განვითარების დონის თვალსაზრისით არ არის ერგვაროვანი, მაღალმხატვრული განვითარებული სიმღერების გვერდით ზოგჯერ ვხვდებით პრიმიტიულ ნიმუშებსაც კი. ქართლ-კახური სიმღერების ძირითადი ნაწილი სამხმიანია, თუმცა მის გვერდით მრავლად ვხვდებით ერთ და ორ ხმიან სიმღერებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ერთხმიანი სიმღერების არსებობა განპირობებულია სიმღერის ფუნქციით და არა განუვითარებლობით, როგოც ეს დამახასითებელია მთის კუთხეებისათვის.

ქართლ-კახური სიმღერები ხმების მიხედვით სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ერთი, ორი და სამხმიანი სიმღერები.

I ჯგუფი - ერთხმიანი სიმღერები უმთავრესად შრომის სიმღერების ჟანრს განეკუთვნება. ამასთანავე ისინი უკავშირდებიან ერთპიროვნულ შრომას, სიმღერათა ამ ჯგუფს ეკუთვნის: "ურმული", "ოროველა", "გუთნური", "კევლური", "კალოური". არის აგრეთვე აკვნის სიმღერები ნანები და ამინდის მართვასთან დაკავშირებული "ლაზარე". ორივე სიმღერა "ნანა" და "ლაზარე" ქალთა რეპერტუარს განეკუთვნება. ხოლო ზემოთ დასახელებული შრომის სიმღერები მამაკაცთა რეპერტუარისაა.

"ურმული და "ოროველა" -სიმღერების ერთგვარი კატეგორიაა, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ფორმა, სრუქტურული და მელოდიური კანონზომიერებანი გააჩნია. ამ კანონზომიერებათა ჩარჩოში ხდება შემოქმედებითი ხასიათის იმპროვიზირება.

"ურმული " და ოროველა" თავისებურია და დამოუკიდებელი. ორივე სიმღერა მინორულ კილოზეა აგებული, ახასიათებს სევდიანი ლირიზმი. დამახასითებელია ქრომატიზმის ნიშნები, კილოს ცვალებადობა (მოდულაცია), ორივე სიმღერის მელოდია რეჩიტატიულ- იმპროვიზაციულია. მელოდიური ხაზი განვითარებული და მეტად მოქნილია. ინტონაციურად სხარტი, მდიდარია შემამკობელი ნოტებით, მელიზმატიკით. ტემპი ნელია, აუღელვებელი. "ოროველა" გუთანზე შესასრულებელი სიმღერააა, ხოლო "ურმული ტვირთის გადაზიდვასთანაა დაკავშირებული.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 23 აგვ 2011, 15:01

ქართლ-კახური მუს. დიალექტი (გაგრძელება)

II ჯგუფი - ორხმიანი შრომის სიმღერები მიწაქმოქმედებასთანაა დაკავშირებული - პურის მკასთან, ლეწვასთან. კოლექიურ შრომასთან გვაქვს საქმე. ეს სიმღერებია: "ჰერიო", "ჰერიეგა", ჰოპუნა". მელოდიურად ეს სიმღერები ნაკლებ განვითარებულია. ქვედა ხმა ანუ ბანი ან ჰარმონიულია, ან ოსტინატური. ხოლო ზედა ხმა წართქმითი, ანუ რეჩიტატიული ხასითისაა. სიმღერებს თან ახლავთ გარკვეული შეძახილები. ხოლო პოეტური ტექსტი ნაკლებადაა დაკავშირებული თავისი შინაარსით შრომასთან. ეს სიმღერები მეტწილად ლირიკულ-სატრფიალოა, იწყება ნელ ტემპში და თანდათან ჩქარდება, ბოლოს უდიდეს სისწრაფეს აღწევს. ასეთი სიმღერა შრომის მასტიმულირებელია, მძიმე სამუშაოს გასართობად აქცევს.

ეს სიმღერები სრულდება მამითადში (შრომის ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში).

მკის სიმღერები ორპირულია, სრულდება მონაცვლეობით. კილო ძირითადად მაჟორულ-მიქსოლიდიურია, თუმცა მინორულ კილოებსაც ვხვდებით.

III ჯგუფი - სამხმიანი ქართლ-კახური სიმღერები ბურდონული პოლიფონიურ-ჰომოფონიური მრავალხმიანობის პრინციპს ემყარება. ზედა ორი ხმა პოლიფონიურად ვითარდება ჰარმონიული გაბმული ბანის ფონზე.
სამხმიანი სიმღერები თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს: სუფრულს, საქორწილოს, მგზავრულს, შრომისას, საფერხულს, სახუმაროს, გმირულ-ისტორიულს, ლირიკულ-სატრფიალოს და სხვ. აღნიშნული სიმღერები მეტწილად მამაკაცთა რეპერტუარს მიეკუთვნება. ქალთა რეპერტუარში კი ძირითადად საწესო სიმღერებია, როგორიცაა: "დიდება", "იავნანა" (საფერხუო, სამკურნალო), "დედაკაცების ფერხული", "ლაზარე" (ამინდის მართვის სიმღერა), "აკვნის ნანა".

მამაკაცთა რეპერტუარის სიმღერები - იმის მიხედვით თუ რომელი ხმაა წამყვანი სიმღერაში - შეიძლება დავყოთ ოთხ კატეგორიად:

I კატეგორია - სიმღერები რომელშიც წამყვანია პირველი ანუ ზედა ხმა, მაგ. "შაშვი კაკაბი", "ბერიკაცი ვარ", "შემოძახილი" და სხვ.

II კატეგორია - სიმღერები სადაც წამყვანია მეორე ანუ შუა ხმა. მაგ. "ზამთარი", "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", "წინ წყარო", "გაფრინდი შავო მერცხალო".

III კატეგორია - სადაც ზედა ხმებს თანამარი მნიშვნელობა აქვთ, მაგ. "სუფრული", "ქალგულო", "ხეურო" და სხვ.

IV კატეგორია - სადაც ზედა ხმებს დამოუკიდებელი მელოდია გააჩნიათ (პოლიფონიურ-ჰომოფონიური მრავალხმიანობის ნიმუშებია). მაგ. " გრძელი კახური მრავალჟამიერი", "ჩაკრულო", "ხეურო" და სხვ.

სამხმიანი სიმღერებისათვის დამხასითებელია სიმღერის დაწყება ერთ რომელიმე ხმაში (I ან II). რომელი ხმაც იწყებს სიმღერას, ძირითადად ტექსტიც იმას მიყავს.

მელოდიურად ძალიან განვითარებულ სიმღერებში თითქმის ყველა სახის კილო გვხვდება. სუფრულ სიმღერებს მუხლობრივი აღნაგობის, ზენსწრაფი მოდულაციური გეგმა გააჩნია. ხოლო მგზავრული და საფერხულო ტიპის სიმღერები კუპლეტურია.

ბანი ხან გაბმულია, ხან ოსტინატური, აკორდებიდან გვხვდება. სეპტოქტაკორდი (სუფრულებში), კვარტკვინტაკორდი, სეკუნდკვინტაკორდი, კვინტნონაკორდი და სხვ.

ქართლ-კახური სიმღერა უმთავრესად მდორე ხასიათისაა, ნელი ტემპით სრულდება, აუჩქარებელია, საზეიმო და მძლავრია თავისი ხმოვანებით. ეს ეხება ძირითადად სუფულ სიმღერებს.

ხალხური საკრავებიდან აღსაღნიშნავია ფანდური და სალამური (ენიანი და უენო), ფანდურის თანხლებით სრულდება შაიერბი, ბალადები, საგმირო სიმღერები, ასევე ცეკვები. სალამური უპირველესად მწყემსის კუთვნილებას წარმოადგენს და უკავშირდება ინსტრუმენტულ მუსიკას.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]