"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალაქებში

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალა

Post by Nephros » 06 მარ 2010, 21:09

„ვიცი, დაგაინტერესებს ეს ბარათები – არა მარტო როგორც შენი მეგობრის დაწერილი, არამედ როგორც ერთნაირი დაახლოვებითი სურათი იმ განცდათა, რომელთაც ცოტად თუ ბევრად უსათუოდ განიცდის ყოველი ქართველი, როცა იგი დასავლეთ ევროპის მიწაზე ფეხს შეადგამს.
გინახავს, გსმენია ანდა ეგებ თავად განგიცდია: კაცი როცა უმშვენიერეს მორთულ ქალს შეხვდება, უნებურად თავის სატრფოს შეადარებს გულში იმ ქალს. და გული სწყდება, როცა პირველს უფრო მეტი გემოვნებით მორთულსა ხედავს, ვიდრე მეორეს. ეს შედარება სრულად ინერციულად მოსდის მას.
ჩემშიც, ყოველი დაწესებულება, ყოველი საგანი, დასავლეთ ევროპისა, ასეთ შედარებას იწვევდა: გერმანელ გლეხკაცის კოხტად მოკაზმულ სახლ-კარიდან დაწყებული, ვიდრე ქალაქის ლარივით გაჭიმულ ქუჩებამდის; თეატრ-მუზეუმებიდან – უნივერსიტეტამდე; სახლების კედლებზე წარწერილი თქმულება-ანდაზებიდან – გერმანიის მშვენიერ ლიტერატურამდე და ამ შედარებასთან ერთდ თვალწინ დამიდგებოდა ქართველი გლეხის კარ-მიდამო. ჩვენი ქალაქების ოღრო-ჩოღრო ქუჩები, თეატრები და სხვა.
და იმ დროს სულ პაწია, პაწია მოწყენის ჩრდილი წამეპარებოდა საიდანღაც. მაგრამ, არ იფიქრო, ეს სიხარბით იყოს გამოწვეული – ეს პატარა მოწყენის ღრუბელი, არა, ჩემო კარგო, ეს უბრალო ადამიანური გრძნობა იყო, შეგნება საკუთარი ჩამორჩენილობისა
.“
კ. გამსახურდია, წერილები გერმანიიდან, 1913წ.

გაგიკვირდებათ, და, პირველ წერილში გერმანიიდან მშობლებს სწორედ ამ სიტყვებს ვწერდი. უკეთესად ვერც ვიტყოდი და განცდილს ვერც ვერაფერს დავამატებდი (წარმოგიდგენიათ, თითქმის ასი წლის წინანდელი წერილი!).

ახლა კი რამდენიმე დღის წინ მეგობრის მოწერილმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ ამ თემის შექმნის იდეა შთამაგონა (inspirieren, inspire, inspiro, როგორც გენებოთ). ის პირველად არ იყო ამ ქალაქში, თუმცა კი მივხვდი - მან ქალაქი პირველად დაინახა. ქალაქში, რომელმაც XIX და XX საუკუნეებში დიდი ამბები გადაიტანა. თუმცა, მეტყვიან მსოფლიო ისტორიის მოყვარულები, რა გადაიტანა ამ ქალაქმა ისეთი, ევროპიდან აზიამდე ქალაქებს რომ არ გადაუტანიათო. პრინციპში არც არაფერი. მაგრამ სხვისი ქვეყნის ამბებმა ასე გულის ტკენა არ იცის ხოლმე. ასეა.
ჰოდა, მეც ქართულ ქალაქებზე მომინდა დაწერა. მომინდა, რომ ჩვენი ქალაქების შესახებ საინტერესო დეტალები გავიხსენოთ. უამისოდ ხომ თქვენც ბევრი გიწერიათ სოფლებზეც და ქალაქებზეც, ქალაქებზეც და დაბებზეც. მაგრამ ეს თემა ცოტა განსხვავებული მინდა იყოს. დავწეროთ, როგორ შენდებოდა, არ შენდებოდა ან ვერ შენდებოდა ჩვენი ქალაქები. იყოს აქ ომის შედეგად დაზიანებულ უბნებზე, ქალაქის არქიტექტურაზე, ღირშესანიშნავ ძეგლებზე საუბარი.
ჰო, კიდევ იმაზე, თუ როგორ კარგავდნენ და იძენდნენ ეს ქალაქები თავიანთ ფუნქციებს. ეს უკანასკნელი ჩემთვის ყველაზე საინტერესო დეტალია. მოკლედ დაწერეთ ყველა კონტექსტში, რასაც კი თქვენ საინტერესოდ ჩათვლით ამ თვალსაზრისით.
და თუკი თქვენს ნაწერს ამ ქალაქების ძველ ფოტოებს დაურთავთ, ვფიქრობ, ეს მათ ისტორიას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
კარავში ერთგან აბასთუმანის ძველ ფოტოებს წავაწყდი. აღარ მახსოვს, რომელი მომხმარებელი წერდა აბასთუმანზე. ფოტოებიც მისი დადებული იყო. კარგი იქნებოდა, ამ „მშვენიერი სააგარაკო ადგილის“ (როგორც ერთგან ვეიდენბაუმი წერს) ისტორიასაც თუ აქ ვიხილავდით.

ჰო, მეგობრის შეტყობინებას მივუბრუნდები. ასე ეწერა: „მზიანი დღეა. ირგვლივ ოდნავ ჩამოთოვლილი მთები. ამ ქალაქს კარგი არქიტექტურა როგორ დაამშვენებდა...
ასე წერდა იგი ახალციხეზე.
ცოტა არ იყოს გული ჩამწყდა.
ეს გრძნობა ხშირად მეუფლება.
მეუფლება და არ მტოვებს დიდხანს...

მოდით, ისტორიულ წყაროებს მოვიშველიებ და ჯერჯერობით ახალციხეზე და ბათუმზე მოგაწვდით ცნობებს. კიდევ ერთ პატარა ნაწყვეტს ქუთაისზეც შემოგთავაზებთ.
მერე კი ჯერი თქვენზეა.


ახალციხე

მონპერე ასე იწყებს ამ ქალაქის აღწერას: „რამდენადაც ძველი კოლხეთი არის ტენიანი და ტყიანი, იმდენად ახალციხის აუზი, ქართველთა საათაბაგო, არის მოშიშვლებული და მშრალი. დაახლოებით შვიდ ვერსზე ფოცხოვის აყოლებით, მტკვართან შეერთებამდე ზემოთ, შედიხარ მშვენიერ ქალაქ ახალციხეში“.

Image
ახალციხე, 1887წ.

მოგზაური ახალციხის 1829 წლის ამბებს იხსენებს: „თურქებმა ჯავრი ქალაქზე იყარეს, გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხე-სიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხე-სიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი."
Тифлисские ведомости-ში ვკითხულობთ (1871 წ. N.8 ): - „რადგან ძველი და ერთ დროს ბრწყინვალე ახალციხე დანგრეული იყო და ფაქტიურად აღარც არსებობდა, მისი უმაღლესობის ბრძანებით შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად.“
აი, როგორ გადმოგვცემს იმ ისტორიულ მომენტს მონპერე: „შემდეგ შეიქმნა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა გადაეტანათ ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. აქ გამოუყვეს მიწები სომხებს, რომლებიც მორბოდნენ ყარსიდან და არზრუმიდან. როდესაც მე იქ ჩამოვედი 1833 წელს, ვრცელი რაიონი უკვე შექმნილი და მოწყობილი იყო. მაგრამ ძველი ქალაქის მცხოვრებლებს ვერ გადაეწყვიტათ მისი მიტოვება. ახალი ქალაქის მაცხოვრებლები კი ჩიოდნენ, რომ მათ დაარსეს ახალი ბაზარი, საცხოვრებელი ბინები, ქარვასლა და იქიდან ვერ იღებდნენ ვერავითარ სარგებელს. ამგვარი იყო საჩივრები, რომლებსაც ვისმენდი ჩემი იქ ყოფნის დროს. ყველაზე უკმაყოფილონი იყვნენ ის ახალმოსული სომხები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალციხეში ოქროს გორებს იშოვიდნენ. ეს ქალაქი თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე ახალციხე იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. ... თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი.“
„თავისი ჩართვით რუსეთის საბაჟოების რანგში, ამ ქალაქმა ახალი დანაკარგი განიცადა, იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და თითქოს კუთხეში მიგდებული იმის შემდეგ, რაც ჩამოერთვა ყოველგვარი უფლება ანატოლიის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისა. ამასთანავე, ის არ მდებარეობს არც ერთ ბუნებრივ დიდ სავაჭრო გზაზე. ახალციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე ბათუმის პორტი მისგან მოშორებულია მთების მაღალი ჯაჭვით. ამგვარად, ახალციხემ მნიშვნელობა დაკარგა. ქართველი და თურქი მუსლიმი მოსახლეობა გაიქცა ქალაქის აღების დროს. ახალციხის „სანჯაყი“ შეიცავდა 5 000 განსხვავებულს და დაახლოებით 40 000 ორივე სქესის მცხოვრებს."
აქვე დიუბუას მოჰყავს ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.
„ქალაქის საალყო მდგომარეობის გამო განადგურებული და გაფანტული მოსახლეობა – წერს ავტორი – დააკომპლექტეს იმ ახალმოსახლე სომხებისაგან, რომლებიც გამოიქცნენ ყარსიდან და ერზრუმიდან. მათ შეადგინეს მოსახლეობის უმრავლესობა. როდესაც მე იქ ჩავედი, 1833 წელს, ახალციხის მთლიანი მოსახლეობა შედგებოდა 11 000 სულისაგან, გარნიზონის ჩაუთვლელად. მ. ევეცკის კავკასიის თავის სტატისტიკაში (1835), მოსახლეობა აჰყავს 13 000 სულამდე, ხოლო მე თვით ახალციხეში გარნიზონთან ერთად ის აღმირიცხეს 16 000 სულამდე.“
დიუბუა გვაძლევს იმ დროს ახალციხეში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების აღწერას. მას რვა ეკლესია და ახალციხის ციხე-სიმაგრე მოუნახულებია, რომელიც მისი გადმოცემით, შედგებოდა დაბალი ციხე-სიმაგრის, მაღალი ციხე-სიმაგრის და ციტადელისაგან.

ლეილა მაღრაძე, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ
Frederik Dubois de Montperroix, Voiage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Cohchide, en Georgie, en Armenie et en Crieme, Paris 1839 a 1843.


ნ-----

ევგენი ვეიდენბაუმის ცნობები ახალციხის შესახებ

ახალციხე, თურქულად აჰისკა; ახალციხის მაზრის ცენტრი; გაშენებულია მდინარე ფოცხოვ-ჩაის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას; ზღვის დონიდან 3376 ფუტზე; მოსახლეობა: 13 265 კაცი.
ახალციხე განთქმული იყო თავისი სიმდიდრითა და ხალხმრავლობით. 1828 წელს, რუსების მიერ მისი აღების წინ, აქ 50 000 კაცი ცხოვრობდა. თურქთა მიერ წარმოებული პოლიტიკის წარმატებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მესხეთის მკვიდრმა ქართულმა მოსახლეობამ დაივიწყა საკუთარი წარმომავლობა და ამჟამად მგზნებარე მუსლიმთა რიცხვს მიეკუთვნება. თვით ოფიციალური ანგარიშებიც კი ყოფილი ახალციხის საფაშოს მცხოვრებლები თურქებად იწოდებიან.
ახალციხის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. საისტორიო წყაროებში იგი პირველად XII საუკუნეში მოიხსენიება, მაგრამ როგორც ჩანს სხვა სახელით ახალციხე ადრეც უნდა არსებულიყო. მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარეობს ქალაქის ძველი უბანი, რომელიც შეიცავს კლდეზე აშენებულ დიდ ციხესიმაგრეს, მართლმადიდებლურ ტაძარს, რამდენიმე კათოლიკურ ეკლესიას და ა.შ. რუსეთის მიერ ახალციხის შემოერთების შემდეგ ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე ახალი უბანი გაშენდა.

ევგენი ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 1878წ.
Last edited by Nephros on 06 მარ 2010, 22:20, edited 2 times in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალა

Post by Nephros » 06 მარ 2010, 21:16

ბათუმი

1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.

ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო
ნ--------------------

Image
ბათუმი, 1900-იანი წლების დასაწყისი

ბათუმი მათ, ვინც იქ არ ყოფილა, წარმოუდგენიათ ელდორადოს სახით საოცრად იაფი თამბაქოთი, სასმელითა და სხვადასხვა საზღვარგარეთული საქონლით. იგი, როგორც ვთქვით, მდებრეობის ბათუმის უბის დასავლეთ მხარეს. თურქული ქალაქის პირობაზე, რომელიც აღმოცენდა რაღაც 20-23 წლის წინ, ბათუმი კარგი სანახავია. მთავარი, რაც მას განასხვავებს ნამდვილი თურქული ქალაქისაგან, არის უსწორმასწორო, ყრუ ქუჩებისა და ქუჩაბანდების უქონლობა. სანაპიროზე ჩამწკრივებულია ქვის სახლები მაღაზიებით, ყავახანებით და სასტუმროებით. შემდეგ სანაპიროს პარალელურად მიემართება ორი-სამი ქუჩა, რომელთან უმეტესი ნაწილი ბაზარს უკავია. აქ არის პატარა, ღია ხის დუქნები. საცხოვრებელი ნაგებობები, მგონი ყოფილი ჩვენი კონსულის – ჯუდიჩის ერთადერთი ქვის სახლის გარდა, აგებულია ხის ჩარჩოებით, რომელთა შუალედი ამოშენებულია ერთი რიგი აგურით. მათ შორის ორსართულიანი ნაგებობებიცაა. ჯერჯერობით ქალაქს რაღაცნაირი გაპარტახებული ისრსახე აქვს. თუმცა სახლები ენერგიულად რემონტდება, მაგრამ მშენებლობა საშენი მასალის უკმარისობის გამო ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც სასურველია.
ქალაქში რამდენიმე მეჩეთი და ერთი საკმაოდ დიდი, ქვის ბერძნული ეკლესიაა. მღვდლების თქმით ეკლესიის მშენებლობა 15 წლის წინ დაწყებულა და 8 წლის წინ დამთავრებულა, თუმცა აქამდე მთლად გაწყობილი არ არის. შენების დაწყებამდე მოიმარაგეს სულთნის ფირმანები, მაგრამ ბათუმის მუსლიმებმა ოჯერ გააჩერეს მუშაობა იმ მიზეზით, ბერძნები ეკლესიის ნაცვლად ციხესიმაგრეს აშენებენო.
ეკლესიასთან არსებობს სკოლა და ბერძნები უკვე ფიქრობენ სკოლისათვის რუსი მასწავლებლების მოწვევას.
ბათუმში 200-მდე ბერძნული ოჯახია და ეკლესია სწორედ მათი შეწირულობით, ნაწილობრივ ნასესხები ფილითაა აშენებული. [...]
რუსების ბათუმში შესვლის დროიდან ეკლესიის შემოსავალი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ჩვენი ჯარის გამოჩენის პირველივე დღეს ბერძნებმა დაკიდეს ზარი და დაიწყეს რეკვა, რისი უფლებაც თურქული მთავრობის დროს არ ჰქონდათ.
[ერთ-ერთი] მიზეზი ქალაქში მშენებლობის ნელი და თითქმის შეუმჩნეველი ზრდისა, მიუხედავად საცხოვრებლის მწვავე ნაკლებობისა, არის პოლიტიკური მდგომარეობის გაურკვევლობა და მერყეობა.
რასაკვირველია, ძნელია იმის თქმა, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში მომავლისადმი, მაგრამ უეჭველია, რომ საფრთხე, ბუნდოვანი და გაურკვეველი, მაინც არსებობს. მოვაჭრე ხალხს არ უნდა საქმის დაწყება და ამას იმით ხსნის, რომ ახლა ამის დრო არ არის, რადგან გაზაფხულზე შეიძლება ისევ იფეთქოს ომმა და მაშინ მთელი შრომა წყალში ჩაეყრებათ. ბათუმის ბაზარში მოარული ხმებით, თურქეთის მთავრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამოსცა ბრძანება, არ შეეშალათ ხელი რუსებისათვის ბათუმში მოწყობასა და ქალაქის გაუმჯობესებაში, რადგან თურქებისათვის გაცილებით სახეირო იქნება ჩაიბარონ კეთილმოწყობილი ქალაქი, თანაც რუსული ფულის წყალობით. რამდენადაც უაზრო არ უნდა იყოს ეს ხმები, აქედან ჩანს საერთო განწყობა მომავლის რწმენის უქონლობისა. აღსანიშნავია, რომ ეს განწყობა ისე შორს გავრცელდა, რომ სოხუმამდეც კი მიაღწია.
[...]
ამჟამად ბათუმი, როგორც ამბობენ, არ ჰგავს იმ კლოაკას, რომელიც დახვდათ ჩვენს მეომრებს. იგი გაწმენდილია ყველა სიბინძურისაგან და საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ჭუჭყი და ტალახი ბათუმში საერთოდ არ იცის.

ევგენი ვეიდენბაუმი, ბათუმიდან ართვინამდე, 1878 წ.
Last edited by Nephros on 06 მარ 2010, 22:26, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალა

Post by Nephros » 06 მარ 2010, 21:22

ქუთაისი

"მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.
ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.
იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.

Image
ქუთაისი, თეთრი ხიდი, XIX ს.

1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.
ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.
ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.
არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.
რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური."

აკა მორჩილაძე
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალა

Post by qvevri » 07 მარ 2010, 15:52

ისე, აგატს ძალიან კარგი თემა გაუხსნია და ყველამ ცოტ-ცოტა რომ დაწეროს თავის კუთხეზე კარგი იქნება, მაგრამ მეორე მხრივ დღეს ყველა თბილისელია... თავისი მხარე რატომღაც ყველამ მიატოვა და ეხლა ყველანი ერთი დიდი თავკომბალა ქალაქის მცხოვრებია (ჩემს თავს არ ვგულისხმობ :!: ).

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
"ბათუმიდან ართვინამდე" ანუ მოგზაურობა საქართველოს ქალა

Post by Nephros » 24 მაი 2011, 11:01

თბილისი

როცა დედაქალაქთან ხანგრძლივად განშორებული თბილისელები ისევ ბრუნდებიან, როგორც წესი, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. რესტავრირებული სახლები, შეღებილი ფასადები, მოწესრიგებული გადასასვლელები, თანამედროვე მაღალსართულიანი ბიზნესცენტრები და სავაჭრო კომპლექსები სასიამოვნო მოულოდნელობაა მათთვის, ვინც საქართველო წლები წინ დატოვა. თუმცა, ქალაქთან გაშინაურების შემდეგ, განწყობა ნელ-ნელა იცვლება. ემოციურ შეძახილებს - "როგორ გაულამაზებიათ ქალაქი" - ცვლის გაკვირვებული კითხვები - "ადრე აქ ძველი, ლამაზი შენობა იყო, რა იქნა?" ან "ამ პარკის გაუქმება რატომ დასჭირდათ?"

ძველი ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ამბობენ, რომ თბილისი თვალსა და ხელს შუა იცვლება. ქალაქის ისტორიული იერსახე თანდათან კარგავს ავთენტურობას და იმ უნიკალობას, რის გამოც თბილისს ლამაზ ქალაქად იხსენიებდნენ.

რაც მთავარია, უკანონოდ თითქმის არაფერი ხდება. ქალაქში რაიმე ურბანული პროექტის განხორციელებამდე, როგორც წესი, ძველი კანონმდებლობა საგანგებოდ იცვლება, ახალი კი ახალ პროექტს ერგება.

ამიტომ ურბანისტ აქტივისტებს სულ უფრო უჭირთ, ქალაქის იერსახის დასაცავად კანონმდებლობა მოიშველიონ და ხელისუფლებასთან სამართლებრივი დავა გამართონ.

[...] კანონდარღვევების, კანონის უგულებელყოფის თუ კანონმდებლობის შეცვლისა და ბიზნესინტერესებზე მორგების შემთხვევები ერთად დავალაგეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა - როგორ შენდება ახალი თბილისი.


რუსუდან ფანოზიშვილი
მარიკა ქოჩიაშვილი


* სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის 77-ე ნომერში
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]