5. რამდენიმე ეპიზოდი თანამედროვე სეპარატისტული გამოვლინებებიდან:
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოდის ე.წ. მეგრული გაზეთი რუსული გრაფით. გაზეთის მთავარი იდეოლოგია პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუბედუროდ, დღესაც მოიძიება ისეთ ადამიანთა (მათ შორის, თითქოსდა უმწიკვლო რეპუტაციის) ჯგუფი, რომლებიც ამ ფაქტს ამართლებენ და მისაღებად თვლიან ე.წ. “მეგრულ ენაზე” გაზეთს გამოცემას.
"“ვეფხისტყაოსნის” “თარგმნა” “მეგრულ ენაზე” ცნობილი ამბავია, სამწუხარო ის არის, რომ დღესაც მოიძიება პირები, რომლებიც ამ წიგნს ჯერ კიდევ ამართლებს და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამის გამართლებას ზოგიერთი მეცნიერი კიდეც ცდილობს. “... არც ისე დიდი ხნის წინ აწ განსვენებულმა შესანიშნავმა პოეტმა უდიერად მოიხსენია “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელი, ეს რა მიჩხლართ-მოჩხლართაო?” (ჭაბუკი ქირია, დასახელებული წიგნი, გვ.46), თუმცა, იქვე დასძენს მეგრული სიამაყით “იქნებ ეცადა ვინმეს და იმერულად ეთარგმნა (“მიეჩხლართ-მოეჩხლართა”) “ვეფხისტყაოსანი”? იქნებ აჭარულად მაინც გამოვიდეს ან რაჭულად? (იქვე)
აქ უკვე კომენტარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია, კაცი რომ მშობლიური ნაწარმოების დიალექტზე თარგმნას მიესალმება, მე, პირადად, არც კი ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს; თუ ბ-ნ ჭაბუკი ქირიას “ვეფხისტყაოსანი” მშობლიურ ნაწარმოებად არ მიაჩნია და მის თარგმნას მიესალმება, ყველანაირი ირონიის გარეშე ვკითხულობ, რა შეიძლება ეწოდოს ასეთ ქართველს? მეცნიერს?
"ბოლო ხანებში ასევე სამწუხარო (რბილად რომ ვთქვათ) მიდგომები გაჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტებში. საუბარია სოზარ სუბარის მცდარ და არასახარბიელო პოზიციაზე, რომელსაც ჰგონია, რომ ბიბლიის “თარგმნა” სვანურად, სვანურის გადარჩენის გზაა. ეს პოზიცია, სულ ცოტა და რბილად რომ ვთქვათ, მეტად სამწუხაროა.
6. როგორ ვითარდება თანამედროვე სეპარატიზმი?!
საინტერესოა გავეცნოთ სეპარატიზმის მახასიათებელ ისეთ მნივნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკურობის სტატუსის ხელოვნურად შემოტანა. ჰოკკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემულია კრებული “არაღიარებული სახელმწიფოების: დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ისტორიული დიალოგი” (საპპორო, იაპონია, 2007);
მოცემული კრებული წარმოადგენს კვლევითი პროექტის “არაღიარებული სახელმწიფოები ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: შედარებითი და მრავალშრიანი მიდგომა” (2005-2008 წ/წ), ნაშრომებს ფინანსურად უზრუნველყოფს COE (CENTER OF EXCELLENCE) XXI საუკუნე და განიხილება, როგორც სამუშაოთა გენერალური სპონსორის პროგრამა (ორივე პროექტს აფინანსებს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო).
კრებულის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანი კონფლიქტურ მხარეთა მშვიდოებიანი თანაარსებობისათვის წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევაა, რაც, მათივე აზრით, ამ კრებულების გამოცემით გამოიხატება (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აფხაზურმა მხარემ არ ისურვა პროექტში მონაწილეობა. ეს განაპირობა სტანისლავ ლაკობას ცნობილმა შეხედულებებმა და ნაშრომებმა, რომლებიც გამოქვეყნებულია სლავური კვლევების ცენტრის ეგიდით).
საინტერესოა თუ როგორ ჩნდებოდა ეთნონიმისა და “ტიტულარული ნაციების” თავისებური წარმოდგენა, რაც მიმართული იყო შიდა ეროვნული დათიშულობის გამოსაწვევად. ამის განსაკუთრებულ რეალიზაციის პერიოდს სპეციალისტები სსრკ-ს პერიოდს უკავშირებენ. “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ეს იყო იმპერია, რომელშიც ნაციონალურ უმცირესობებს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდნენ (“affirmative action empire”)”,
ეს არის სსრკ-ს ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ტერი მარტინის მიერ არის შემუშავებული (Affirmative Action Empire: Natons and nationalism in the Soviet Union, 1923-1939. London, 2001).
ბოლშევიკებმა, შეშინდნენ რა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობების გაჩენით (1917-1921), ასევე ჰაბსბურგის იმპერიის მოულოდნელი დაშლით, გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ მცირე ხნის პერიოდში ბოლშევიკებმა გამოიგონეს ეთნონიმების “სამეცნიერო” და ეთნიკური კატეგორიების განსაზღვრებები. მათ შექმნეს ნაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნების იერარქია, რაც დაფუძნებული იყო “ტიტულარული ნაციის” თავისებურ და უცნაურ გააზრებაში.
თუკი დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ ნაციონალური განსხვავებები სოციალურ შესაძლებლობათა ისეთი ტიპის შექმნით გადაელახათ, რომელიც ინდივიდებზე იქნებოდა მიმართული არატერიტორიული ღონისძიებების გზით, სსრკ-ში ამის საწინააღმდეგოდ, ეთნოტერიტორიული წარმოქნაქმნების სტატუსებს ქმნიდნენ და ანიჭებდნენ.
ასეთი საბჭოური ქვეყნის მოდელი დგებოდა ამგვარად: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საბჭოელებმა შექმნეს ტერიტორიული წარმონაქმნი ავტონომიური სტატუსით (მაგ, აფხაზები), ხოლო ეთნიკურ ჯგუფური სტატუსი მიანიჭეს მეგრელებს, რომლებსაც ე.წ. ტერიტორიული წარმონაქმნი არ გააჩნდათ. ასე იქმნებოდა ე.წ. ნაციათა იერარქია. ამგვარი მიდგომები, სამეცნიერო მნიშვნელობის მიუხედავად, გახდა ნაციონალური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელსაც აფუძნებდნენ ეთნოტერიტორიულ ფედერალიზმს და ტიტულარული ნაციების კონცეფციას.
ამ მიდგომის ძირითადი შინაარსი დგება ამგვარად:
(1) ავტოქტორული ეთნიკური ჯგუფი უნდა შედგეს მოცემულ ტერიტორიაზე ტიტულარული ნაციის სახით.
(2) სასურველია, რომ მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა და ადმინისტრაციული დაყოფა ერთმანეთს დაემთხვას. ავტოქტორულობა დემოგრაფიულ წონაზე მნიშვნელოვანი ხდება.
(3) ტიტულარული ნაციის წარმომადგენლები განათლებისა და კარიერის სფეროში უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ, ძირითადად, ეს უნდა წარმოდგინდეს მოცემულ ტერიტორიაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში.
და ა.შ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის კი უკვე კარგად ნაცნობია თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებდა საბჭოური მიდგომები (ფედერალური დაყოფა, ეთნიკური დაყოფა და ა.შ.) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოში.
დასკვნების გაკეთება სათანადო არგუმენტების გარეშე შეუძლებელია. იმის ცალსახად მტკიცება, რომ, სხვებთან ერთად, ხსენებულ მეცნიერთა ჯგუფი, ნეობოლშევიზმის, პროსაბჭოურობის, ჰიუიტების და სხვათა და სხვათა დაკვეთილ პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოში, რაც მიმართულია ჩვენი ეროვნული გათიშულობის მისაღწევად ან ახალი სეპარატისტული ტალღების ასაგორებლად, ცხადია არ შეიძლება. საამისოდ ან ზუსტი დასამტკიცებელი საბუთი ან ქმედებათა შედეგობრივი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს ადამიანს.
მეც, ბუნებრივია, ამ მასალით არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, მიუხედავად იმისა, რა ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს არსებული მონაცემები. თუმცა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ცხადია, ლოგიკური ხდება ის ვერსიაც, რომ შესაძლებელია მართალიც იყოს “დაკვეთილი პოლიტიკის” ის მოდელი, რაზეც უკვე დიდი ხანია ფართოდ საუბრობენ ჩვენში. სარწმუნო წყაროების ცნობით: ენობრივ პოლიტიკაში ამ მოდელის რეალიზატორად ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელდება; პოლიტიკურ წრეებში ამ პოლიტიკის საყრდენად რესპუბლიკური პარტია, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ, ქვეყნის ფედერაციულ ერთეულად დაშლისკენ სწრაფვას;
სახელმწიფო ინსტიტუტებში ამავე მიზეზით სახელდება სახალხო დამცველის ინსტიტუტიც, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ საერთო ქართული კუთხეებისათვის ეთნიკურ უმცირესობათა სტატუსის მინიჭების, ენობრივი დიალექტების უმცირესობათა ენებად გამოცხადების მიღწევას, რაც უნდა განხორციელდეს ერთიანი საეკლესიო ენის დაშლის მიღწევის გზით (მაგ, სახარებისა და ბიბლიის ქართულიდან სვანურად “თარგმნა”) და ა.შ.
პირადად მე, ამ აზრს, ცხადია, არ ვიზიარებ, უფრო ის მგონია, რომ გარკვეულ დამთხვევებთან უნდა გვქონდეს საქმე, თუნდაც სამივე მათგანის შემთხვევაში. ობიექტური დასკვნისათვის საჭირო უტყუარი ავტორიტეტი არც გავრცელებული ხმებია, არც თუნდაც დაბეჭდილი კრებულები და მეცნიერთა ხედვები, არც უკვე რეალურად განხორციელებული ქმედებები, რაც, შესაძლოა გავრცელებულ ხმებს ამტკიცებდეს კიდეც.
არც ვინმეს კუთხეში მიყენება წარმოადგენს ჩემს მიზანს, არც მტყუან-მართალის ძიება, არც იარლიყების მიწებება, შექება ან დისკრიმინაცია. ზემოთ ვახსენე, ჩემი მიზანი, ატეხილი ხმაურის გამო გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა გახდა-თქო. ცხადია, დასმული კითხვა და კითხვები რიტორიკულიც იყო ჩემთვის, რადგან პასუხები მასალის პირველივე ფრაზებში მაქვს გაცემული. სამწუხარო ის არის, რომ ეს შეკითხვები ზოგიერთისათვის მაინც ჩნდება, თუნდაც პროფესიულ-სამეცნიერო მოტივაციით.
სამწუხაროა, მაგრამ... ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმესთვის რაიმე კითხვები მაინც დარჩა მოცემულ თემებზე, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ პასუხებს, რაც სხვა პასუხებისაგან განსხვავებით, მართლაც უტყუარი და ობიექტური ავტორიტეტის პასუხებია.
7. პასუხი ყველა შეკითხვაზე
პასუხი ყველა შეკითხვაზე მოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთ-ერთ ქადაგებაში:
“ენა არის უდიდესი ძალა და ჩვენ მუდამ ვიცავდით და კვლავაც დავიცავთ მას. მრავალი უძველესი ხელნაწერი შექმნილა ქართულ ენაზე, მათმა ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია. დღეს კი ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ ენას მეგრული და სვანური დიალექტები ჩამოაშორონ და ისინი დამოუკიდებელ ენებად გამოაცხდაონ. უფრო მეტიც, მათ განზრახული აქვთ, ბიბლია და ლოცვები მეგრულად და სვანურად თარგმნონ. ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე!
ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა თვითონ სამეცნიერო წრეებშიც. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ქართული, მეგრული და სვანური _ ქართველური ენებია. ერთხელ ჩემთან მოსულები იყვნენ ორივე ჯგუფის წარმომადგენლები. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ თავიდანვე განსხვავებული იყო ქართული ენისაგან მეგრულ-სვანური და ასე პარალელურად ვითარდებოდა. მე ვკითხე მათ: ერთი ხელნაწერი მაინც თუ არსებობს მეგრულაად ან სვანურდ დაწერილი? ცხადია, არ არსებობს.
მათ სხვა მეცნიერები უმტკიცებენ, რომ არსებობს ერთი ქართული ენა და შემდგომში მისგან წარმოიშვა განსხვავებული დიალექტები. მე მეცნიერებს შევთავაზე, იქნებ ვთქვათ ასე _ ქართული ენა თავისი განშტოებებით. მსგავსად იმისა, როგორც შტო ამოუვა ხეს, _ ასე ეს დიალექტებიც, მაგრამ მათი საერთო ძირი და ფუძე არის ქართული ენა. უძველესი დროიდან არც ერთ მეგრელს ან სვანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ თავისი დიალექტისათვის ცალკე დამწერლობა შეექმნა, რადგან თავს მუდამ ქართველად მოიაზრებდა და მისი მშობლიური ენა ქართული იყო. განა დღეს რაიმე შეიცვალა?
ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ამას აკეთებს მტერი: ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ამიტომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და სხვებსაც დავუმტკიცოთ, რომ ქართული ენა არის ერთი, მეგრული და სვანური დიალექტები კი მისი განშტოებებია. განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენ სიამაყეს _ უძველეს და მშვენიერ ქართულ ენას”.
(ამონარიდი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან. სამების საპატრიარქო ტაძარი. 13 მაისი 2007 წელი)
არჩილ გამზარდია
2008 წელი მარტი