ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Mta Mkvarebia » 31 ოქტ 2008, 01:11

გიო, მართალია ხალხი, არ იყო ამის ადგილი "აუ რაღაც მინდა ვთქვა"-ში, სად გვემეტება დასაკარგად შენი ნაწერები? :D შენ თუ არ გახსნიდი თემას, აგერ ბატონო მე გავხსენი და შენ თუ არ დადებ შენს ნაწერებს აქ, გამოგეკიდები პოსტდაპოსტ და მე დავაკოპირებ, თუ ისევ იმ წასაშლელად განწირულ თემაში დადებ რამეს :D. მაგრამ იმედია, არ მაწვალებ და შენვე შემოიხედავ აწი აქ, როცა მუზა მოგაკითხავს :wink::
qvevri wrote:ლერწმის სტვირების გამყიდველი
საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა. ფეხზე სალდათის ძველი ჩექმები ხოლო ტანზე გაცრეცილი ლურჯი პიჯაკი ეცვა ზამთარ-ზაფხულ. ჩაუვლიდა ბაკა-ბუკით ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს დინჯად და გასწევდა ლერწმის ჭალისაკენ. მაღალი იყო, თხელი. დინჯადვე შევიდოდა ჭალაში და დაიწყებდა სასტვირე ლერწმების მოგროვებას. მოაგროვებდა, შეჰკონავდა, გაიდებდა მხარზე და წავიდოდა და გადაიკარგებოდა სადღაცა ერთიხანობა. გასცდებოდა მცხეთას და ღართისკარს, აუხვევდა მარცხნივ თოფების საწმენდისაკენ, მთლად ბოლოში რომ ავიდოდა გადასახედთან შეჩერდებოდა მხარიდან კონაჩამოუღებლად და გასცქეროდა ერთხანს რაღაცას გაოცებული, რაღაცას კი არა და, იმ ადგილიდან ფშავის მთები მოსჩანდა მოწმენდილზე და იმას უცქერდა. მართლაცდა საოცარი სანახავი იყო მოწმენდილზე ფშავის მთები, იდგნენ მძიმე-მძიმეთ წუთისოფლის ღრიანცელით დაღლილები, არც არაფერს ამბობდნენ ამოდენა ამბის მომსწრენი და არც არავის ელოდნენ, ერთი კი იყო, როდესაც ბამბის ქულასავით თეთრი ნისლები მიაკითხავდნენ და მთებს ზედ შუბლზე დაადგებოდნენ გვირგვინად, მაშინ რაღაცნაირად გახალისდებოდნენ მთები, სულ სხვა ელფერს მიიღებდნენ ხოლმე. ნისლიც თითქოს გრძნობდა მთების ამგვარ ამბავსა და უფრო მეტად ეკვროდა ტანზე მთებს მიჯნურივით. ლერწმის სტვირების გამყიდველი კი იდგა და გასცქეროდა წარბებშეკრული და რაღაცაზე ჩაფიქრებული ყველაფერ ამას. თოფების საწმენდზე სხვაც ბევრი გადადი-გადმოდიოდა, მაგრამ ისინი მთისა და ნისლის მიჯნურობას კი არა საკუთარი ცხვირის იქით რა იყო იმასაც კი ვერა ხედავდნენ, ლერწმის სტვირების გამყიდველს კი სიშორის მიუხედავად ლამის სათითაოდ დაეთვალა მთის კალთების ნაოჭები და ხევები. ერთხელ მთების ცქერით დაღლილმა ამგვარი რამა სთქვა:
“ნისლოვ რას ჰფიქრობ ოხერო
შემდგარო მაღალს მთაზედა
ნუთუ შენც რამე გაწუხებს
ამ ტიალ ქვეყანაზედა”
ვინ იცის რამდენ რამეს შეეწუხებინა ლერწმის სტვირების გამყიდველი, ვინ იცის რამდენჯერ ატკინა მას გული ტიალმა ქვეყანამ, რომ ამგვარ რამეს ეკითხებოდა ნისლს “ნუთუ შენც რამე გაწუხებსო”.
უთქმელი იყო, მაგრამ ერთხელ კი ეს დასცდა ტაძრის გალავანთან მდგარს: “ადამიანი დიდი სევდის პატარა ნაწილიაო”...
ეხლაც ყურში მიდგას იმ პატარა სტვირების ტკბილი ზუზუნი, რომელზედაც ლერწმის სტვირების გამყიდველი უკრავდა ხოლმე. იშვიათად გამოჩნდებოდა ტაძრის შესასვლელთან, მაგრამ როცა მოვიდოდა, ხალხი მაშინვე მასთან მოიყრიდა ხოლმე თავს და უსმენდა მისი სტვირის მხიარულ ხმას. ეს ყველაფერი დიდათ ვერ მოსწონდა იქვე შორიახლოს მდგომარე მოხუცს, რომელიც ფანდურს აფხაკუნებდა მთელი დღე მომაბეზრებლად და ზედაც უნიჭოდ დაამღერებდა ხოლმე ლექსს მოწყალების მოლოდინში. იგი ყოველთვის ბრაზით მისჩერებოდა ლერწმის სტვირების გამყიდველს, რომელიც გრძნობდა კიდევაც ბერიკაცის ფარულ პაექრობას და ერიდებოდა მასთან სიახლოვესა და საუბარს. მოხუცი კი, დაინახავდა თუ არა თავის მეტოქეს უფრო ხმამაღლა ააფხაკუნებდა თავის გამჭვარტლულ ფანდურს და თან ბრაზმორეული ხმით მღეროდა რაღაცას. ხალხს უკვე კისერში ჰქონდა ამოსული მოხუცის უნიჭო სიმღერა და ფანდურის გულისწამღები ფხაკუნი, მაგრამ რა ექნა?
ერთ დილას მოხუცი რაღაცნაირად, მედიდურად მოვიდა თავის ალაგას და დადგა ვიღაცის მოლოდინში, მას მთელი ღამე არ დაუძნია და ლერწმის სტვირების გამყიდველს ერთი შაირი მოუგონა, რომელიც მერე ფანდურზეც დაუმღერა:
ემაგ ლერწმისა სტვირსაო
ნაღდად რაღაცა სჭირსაო
ვერცა სათქმელსა ამოსთქომს
პატრონსაც უქმად რჯისაო.
ლერწმის სტვირების გამყიდველი ამ დროს ტაძრის გალავანს მიჰყუდებოდა და მთებზე და ნისლებზე ჩაფიქრებულიყო. მოისმინა თუ არა ნათქვამი უცებ გამოფხილდა და დაუფიქრებლად, შაირითავე უპასუხა მოხუცს, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებული უშნოდ იღრიჭებოდა:
ნეტავ არ აფხაკუნებდე
ემაგ ფანდურსა უშნოდა
შენ და შაირი იგრე ხართ
როგორც მადლი და მრუშობა.
მოხუცს უშნო ღიმილი სახეზე შეეყინა, თავი დახარა და ფეხის თრევით მოშორდა იქაურობას...
... ერთ დღეს წეროვნელ მწყემსებს უცნაური ამბავი უნახავთ თოფების საწმენდზე, გადასახედთან ჯოხზე დაყრდნობილი კაცი დაუნახიათ ფშავის მთებისაკენ მაცქერალი, დიდხანსა მდგარა თურმე გაუნძრევლად, მერე ერთი მწყემსი მისულა ახლოს და ვინაობა უკითხია, ჯოხზე დაყრდნობილ კაცს არაფერი უპასუხია, როდესაც მწყემსი მთლად ახლოს მისულა უნახია, რომ კაცი ცოცხალი აღარა ყოფილა. მწყემსის თქმით, კაცს ღიად დარჩენილი და თან საოცრად ლურჯი თვალები ჰქონია, ფეხზე სალდათის ძველი ჩექმები ხოლო ტანზე გაცრეცილი ლურჯი პიჯაკი სცმია...
გ. ბარისაშვილი
2008წ.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 ოქტ 2008, 02:59

ქვევრი გულიანი კაცია და გულიანი ნაწერებიც აქვს.
აბა, შარშანდელი ბალთიაც გაიხსენეთ.
ისიც დევს "კარავზე"...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by legenda » 31 ოქტ 2008, 09:25

Mta Mkvarebia


გაიხარე მთაშენკა .....

8)

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by zika » 31 ოქტ 2008, 09:30

რაკარგია რომ გადმოიტანეთ, ნამდვილად არ არის დასაკარგი :D

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2182
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by nusa » 31 ოქტ 2008, 09:55

სატევრისელი მშვილდოსანი
qvevri wrote:შავფარდი ვეფხვსა ნაწილსა,
დრონ იყვნენ შუაღმისანი
ვეფხვი რომ წამომიფრინდა,
თვალნი მარისხნა ხთისანი.
ხალხური.

მეკვლემ მხრებიდან დათოვლილი ნაბადი მოიხსნა და სახლის კარებთან მიაყუდა. მერე აბგიდან ჩურჩხელები ამოიღო და სახლში შესძახა: ოჯახისშვილოოო... სახლში ჩოჩქოლი და ჟრიამული ატყდა. ჩალხომ კარი შეაღო და სახლში შეაბიჯა ღიმილით. გწყალობდესთ, გწევნოდესთ, გფარავდესთო, სთქვა და დაილოცა:
გიმრავლოთ და შეგარჩინოთ შვილები და რძლები, ყანები და ზვრები, ბეღელი და მარანი.
საქონელი და საყოლელი, კამეჩი და ხბორი, მოზვერი და ღორი.
ურემი და გუთნეული.
მრავალი გქონოდეთ კოკა და კოკურა, ჩაფი და ჩაფურა, წაფი და წაფურა.
ძეობა და მზეობა, ლხინი და დღეობა.
შინათაც შინაური, გარეთაც გარეული.
გაშოროთ და გარიდოთ სატევარი და მატევარი, მდევარი და მაწევარი.
შიმშილი და ავადობა, მიწისძვრა და შავადობა, ცოდვა და ბრალი.
ჭერი გიდღეგრძელოთ, მეფე გიმზეგრძელოთ.
აგაშენოთ, გაგამრავლოთ, გაგახაროთ, გაცხოვნოთ, გაცოცხლოთ, გაგიმარჯვოთ.
იცოცხლე ჩალხიავ იცოცხლე, მიუგო მასპინძელმა მეკვლეს და სავსე ჯიხვი მიაწოდა...
თუთაააა... თუთააა... დაუძახა ჯავრიამ თავის დას. ხმა რომ ვერ გაიგო გაეღიმა, მიხვდა, რომ თუთა რომელიღაცა ხის უკან იდგა და ძმას ემალებოდა. დამაცა ჯერ გიპოვო, თქვა ჯავრიამ და ორიოდე ნაბიჯი გადადგა. თუთამ თავი ვეღარ შეიკავა, კისკისი ატეხა და სამალავიდან გამოვიდა. აკი გიპოვე, თქვა ჯავრიამ და თუთასკენ გაიქცა, თუმცა უცბადვე შეჩერდა და დაბლა დააჩერდა რაღაცას გაფაციცებით. რა მოხდა ჯავრია? ჰკითხა ძმას დამ. ნახე, უთხრა თუთას ჯავრიამ და თოვლზე ვებერთელა კვალი დაანახა, მხეცის კვალი. გვითვალთვალებს, თქვა ჯავრიამ, კაპარჭიდან ისარი ამოიღო და მშვილდის ლარს გამოსდო, მერე წელზე შებმული სატევარის ვადას ჩახედა უნებლიეთ.
ჯავრია სატევრისელი იყო. სატევრისი ქართლის ერთი პატარა სოფელი იყო, თრიალეთის ქედზე შეფენილი. სოფელს თავზე ვებერთელა კლდოვანი წამოსდგომოდა. იდუმალებით მოცული იყო ეს მთაკლდე. სწორედ ეს იყო სატევრისელი ვაჟების გამოსაცდელი და ვაჟკაცობის საზომი. დღეობისა თუ ხატობის წინა დღეს ჩაიცვავდნენ სატევრისელები ჯაჭვის პერანგებს, აისხავდნენ ხმალ-სატევარსა და დაადგებოდნენ მთაკლდისაკენ მიმავალ საცალფეხოს. დაბრუნდებოდნენ ზედ შუა ხატობა-დღეობის დროს და ატყდებოდა ტაშის ცემა და ძახილი. ჯავრია კარგი მშვილდოსანი იყო. კარგი ვაჟობისათვის ერთხელ მეფემ მოოქროვილი სატევარი უწყალობა, რომელსაც ჯავრია წელიდან არ იშორებდა. ბეჭბრტყელი, ვებერთელა ვაჟკაცი იყო , კარგი მონადირეც იყო და კარგი მებრძოლიც. შიშს არ გაივლებდა გულში. მოზიდავდა მშვილდის ლარსა და ვაი იმას, ვისაც მოხვდებოდა ისარი, ცოცხალს არ გაუშვებდა ნადირი იყო თუ მტერი. ერთი უბედურება რამ სჭირდა სოფელს, მხეცი რამე შემოსჩვეოდა და მუსრი გაევლო საქონელისათვის. წააქცევდა ხარი იყო თუ კამეჩი, გამოსჭამდა გულმუცელს და მიაგდებდა ესე... წავიდოდა, გადაიკარგებოდა ერთი ხანობა. ამოისუნთქებდა სოფელი, მგონი გვეშველაო, მაგრამ ისევ ჩამოვარდებოდა სოფელში გულგახეთქილი მწყემსი ქოშინით...
გვითვალთვალებს, გაიმეორა ჯავრიამ და ტყეს მიეყურადა. თუთა ძმის ვებერთელა ტანს მიეკრო აცახცახებული და თითქმის ტირილით უთხრა წავიდეთო. ჯავრიას ბრაზი მოერია, თვალები ჩაუწითლდა , რა ახლოს იყო მხეცთან, მაგრამ თუთას რას უზავდა? წავიდეთ, თქვა ჯავრიამ და მხეცის კვალს კიდევ ერთხელ დააკვირდა. ახლოს, სულ ახლოს დახედა ნაფეხურს. ბრჭყალები შენიშნა, თუ მხეცი ბრაზიანათ არ არის ბრჭყალებს არ გამოაჩენს, თქვა ჩუმად და საცალფეხოს დაუყვა დასთან ერთად. ჩაიარეს იფნიანი, სოფლის სასაფლაო. გამოჩნდა სახლიც. მხოლოდ ერთხელ, წამით კიდევ გაიხედა ჯავრიამ უკან ტყისაკენ და ჩუმად, სულ ჩუმად ჩაილაპარაკა რაღაცა. რა ამბავია ჩვენს თავსა? ჰკითხავდა სუფრეული ჯავრიას. არაფერია, თქვა მან და სუფრას მიუჯდა უხალისოდ. მხოლოდ მამამ შენიშნა, რაღაცას აეფორიაქებინა შვილის გული. აღარ იტყვი ვაჟო რას გვიპირებს მტერ-მოყვარე? ჰკითხა შვილს მამამ.
მხეცი მობრუნდა- თქვა ჯავრიამ და დაბლა დაიხედა, თითქოს არ უნდოდა ვინმეს თვალებში შეეხედა მისთვის. მერე მაგან დაგაღონა ვაჟო? რა სუფრა გაგვიმწარეო? ჰკითხა ჯავრიას მამამ. შენ ერთი ეს ჯიხვი ჩამომართვიო, შეაშველა მასპინძელს სიტყვა მეკვლემ და ჯავრიას პირთამდე გალიპლიპებული ჯიხვი მიაჩეჩა ხელებში. გვწევნოდეს შობის მადლი და მშვიდობა ქვეყანასა ზედაო- თქვა ვაჟმა და ჯიხვი მიიტუჩა უხალისოდ.
გატყდა ზამთარი, უკან დაიხია. თოვლი კი ჯიუტობდა, მაგრამ გაზაფხული თავისას შვებოდა. ჯავრიამ ტყეში სიარულს მოუხშირა, ტახზე ნადირობას მიზეზობდა, თორე მისი გონება სხვაგან იყო. სულ მხეცი ელანდებოდა სადაც წავიდოდა.
ბევრჯერ სულ ახლოს დაუნახია ეშვი, მაგრამ ჯავრიას ლარიც კი არ მოუზიდია სასროლად.
ერთხელ ტყიდან მობრუნებულსა და სოფელს მოახლოვებულს სოფლიდან ქალის გულისწამღები კივილი მოესმა, გაბმული კივილი. მერე ორი თუ სამი ცხენოსანი დაინახა მთაკლდისაკენ მიმქროლავი. სირბილით დაეშვა სოფლისაკენ, კაპარჭი და მშვილდი ცალ ხელში დაბღუჯა და ისე მირბოდა. გული ისეთ ამაზრზენ რაღაცას ეუბნებოდა, რომ გაფიქრებაც კი ტანში ზარავდა. მივიდა. მოგროვილ ხალხში სოფლის მენახირე გაარჩია თვალით, რომელიც რაღაცას ბლუკუნებდა თავდახრილი, ჩოხის კალთები სულ შემოხეოდა, პირისახე დაჰგაზოდა და ალაგ სისხლიც ჩამოსდიოდა ღაწვებზე და შუბლზე. ქალის კივილი არ წყდებოდა... ხალხი ჯავრიას სახეს არიდებდა, ქალები იცრემლებოდნენ. ჯავრიამ მშვილდი და კაპარჭი ძირს დაყარა და ორივე ხელი სახეზე მიიფარა. თუთააა, ჩემი თუთაააა აღმოხდა საბრალოს... საოცარი სიცარიელე იგრძნო სხეულში, თითქოს ვიღაცამ სული თუ გული ამოართვაო, გაანახევრაო.
ჯავრიას მამა ორ ცხენოსანთან ერთად დაღამებულზე მობრუნდა სოფელში. სახლში მუნჯად მოსულსა და გულდათუთქულს ახალი უბედურება დაახვედრეს მეზობლებმა, საბრალო დედის გულს ვეღარ გაეძლო შვილის სიკვდილისათვის და....
ჭრელი კენჭები ჯავრია, ჭრელი კენჭები წამოვკრიფოთ ღელეში, დაუძახა ძმას დამ და კისკისითა და სირბილით დაუყვა ღელისაკენ მიმავალ ბილიკს. ჭკუით იყავით შვილებო მიაძახა ღელისაკენ ხტუნვა-ხტუნვით მიმავალ ბავშვებს დედამ ღიმილით, თუთას ოქროსფერ დალალებს სიო ხარბად ეთამაშებოდა, დიდრონი, ლურჯი, წყლიანი და სევდიანი თვალები ჰქონდა თუთას, ვებერთელა წამწამებს ლამაზად აფახულებდა ხოლმე. დედის თვალები აქვსო, იტყოდნენ ხოლმე მეზობლის ქალები... ჯავრიას სევდიანად გაეღიმა და ჩუმად სულ ჩუმად ჩაიჩურჩულა- რა კარგი იყავ წარსულო, სად გამიფრინდი, სად წაიყვანე ჩემები... იდგა და დაჰყურებდა ყვავილებს, დედის საფლავზე ამოსულ ყვავილებს და ეგონა თითქოს ეს ეს არის რომელიღაცა ხის უკან დამალული თუთა გამოვიდოდა სამალავიდან კისკისით...
იგლოვა ჯავრიამ. ისე იგლოვა, როგორც ნამდვილ ვაჟკაცსა ჰშვენის. გლოვასაც ცოდნა სდომნია თურმე. დედისა და დის დაკარგვიდან წლამდე პირზე ღიმილიც კი არ მიუკარებია. არც ტყისაკენ არ გაუდგავს ფეხი. ერთი კი იყო, ხანდახან გახედავდა მთაკლდეს, პირქუშად მდგარს, იდგა და ფიქრობდა და ფიქრობდა. ფიქრობდა მხეცზე და იმაზე თუ როგორ ფლეთდა იგი თავისი ბასრი ბრჭყალებითა და კბილებით თავის დას, თავის თუთას და ბრაზისაგან თვალები სუმთლად უსისხლიანდებოდა. სადღაც იქ კლდეებში ცხოვრობდა ჯავრიას გულის მკვლელი მხეცი, ჯიქი.
ერთ დილას ჯავრია მამამისმა მიიხმო თავისთან და უთხრა, რომ სოფლის განაპირას რომ მთიული ჯურხა ცხოვრობდა იმასთან წასულიყო.
საღამო ხანი იყო, ჯურხა ბუხარს ეჯდა და ყალიონის კვამლში გახვეულიყო. გამიგის შენ ნაქებ ვაჟობაის ამბავ, უთხრა სტუმარს ჯურხამ, მეც გითხრობ ჩემას ვაჟობას-ო თქვა და მოყოლა დაიწყო. უსმენდა ჯავრია მოხუცი მთიულის მონათხრობს და თითქოს ეს ყველაფერი ეხლა, ამ წუთას ხდებოდა და მისი თვალით უყურებდა ყველაფერს. ცხადლივ დაინახა, როგორ დაეცა წარსულ დროში მხეცი სოფელს, როგორ დასჭრეს სოფლელებმა ისრით გავეშებული მხეცი და დაედევნენ უკან მოსაკლავად, როგორ დაეტაკა გაქცეული და გადარეული ნადირი წყაროდან მომავალ გოგოს და დაფლითა წამში.... ჯურხას გულისსწორი... მერე როგორ აისხა ჯურხამ ხმალსატევარი და როგორ დაადგა მთაკლდისაკენ მიმავალ ბილიკს, როგორ ეძებდა სამი დღე და ღამე მხეცის ბუნაგს და როგორ მიაგნო, როგორ შეებრძოლა და დაამარცხა მხეცი ვაჟკაცმა. ჯურხამ ძველი სკივრიდან მხეცის ტყავი ამოიღო და სტუმარს აჩვენა, ჯავრიამ უნებლიეთ სატევრის ვადაზე გაივლო მარჯვენა. დასდექ ვაჟო, ამან თავის ხვედრ უკვ შასჭამა და მაინევლა, თქვა და კედელზე დაკიდებულ სატევარს გახედა. მოხუცმა კედლიდან სატევარი ჩამოხსნა და ჯავრიას გაუწოდა, გამამართვ ვაჟო, ამით სძლიე, ნაჩვევ არს მაგათ გორის სისხლის სმასა. შამიტყვივ, მაგის გორ არ დაიშლს ჩვენ გორის სისხლის სმასა... ჯვარიმც გეწეროს ვაჟო და გახსამდეს, რაიც არ უნდ ეწადნო, მხეც არ და პიველ მაგისი აჯობებს, ხოლ მეორე შენ უნდ იყვნეს, შენზე ძლიერია და თუ ჭკუითამც მაგიგო იცოდე... მოხუცი გაჩუმდა. ჯავრია მიხვდა ნათქვამსა და დარიგებას. წასვლის ნიშან ძილჩი მაგეცემ, დაიხსომ და გიმწყალობოს...
წამოვიდა ჯავრია ჩაფიქრებული. პირველს ის დაგასწრებს, ხოლო მეორე შენი უნდა იყოსო, წასვლის ნიშანი ძილში მოგეცემაო, შენზე ძლიერიაო და თუ შენზე ჭკვიანიც გამოდგა მაშინ... მაშინ ვეღარ დაბრუნდებიო უნდოდა თქმა, მაგრამ გამიფრთხილდა. უყურებ მაგასა? როგორ მორევია იმოდენა მხეცსა სატევრითა? ეკითხებოდა თავის თავს ჯავრია.
ტყიდან ტოტების მტვრევის ხმა, ფოთლების შრიალი და მხეცის ბრდღვინვა ისმოდა, ხმა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მერე სიჩუმე ჩამოწვა, ჯავრიას მძორის სუნი მოუვიდა, მინდორზე იდგა, იმ მინდორზე რომელიც ჯურხამ მიასწავლა. მინდორი ძვლებით იყო მოფენილი, ჯავრიას დაბლა დახედვისა ეშინოდა, ვინძლო დახრულ ძვლებში ადამიანის ძვალი არ ამოეცნო, საყვარელი ადამიანისა... წყნარად, სულ წყნარად გამოვიდა ჯიქი მინდორზე, წყნარადვე მოზიდა მშვილდი ჯავრიამ, მოზიდა და მოზიდა, უნდა ისროლოს კიდეც, მაგრამ რაღაცა ძალა აჩერებს თუ ბორკავს. გახედა მხეცს, რომელიც დამცინავად გამოჰყურებდა ჯავრიას. გადმოდგა ჯიქმა ერთი ნაბიჯი, მეორე, აუჩქარა, გამოიქცა, ახტება საცაა და დაეტაკება ვაჟს...
თითქოს თავპირზე სათლით ცივი წყალი დაასხესო ისე წამოხტა ჯავრია ლოგინიდან გულგახეთქილი. შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. გათენებულიყო, ჩიტები ტკბილად ჟღურტულებდნენ. უცებ ჯურხას სიტყვები გაახსენდა, წასვლის ნიშანი ძილში მოგეცემაო... გარეთ გამოვიდა და ჯანღში გახვეულ მთაკლდეს გახედა, მერე შინ შეტრიალდა და ჯურხას მიცემულ სატევარს დაუწყო პირვა. მეორე დილით გათენებამდე ადგა, შემოირტყა სატევარი, აიღო მშვილდი და მხოლოდ ერთი ისარი, ეს ისარი თავად გამოჭედა, მხეცისთვის გამოჭედა. ეს ერთიც მეყოფა თუ საყოფია და გამარჯვება მიწერიაო გაივლო გულში, პირჯვარი გადაიწერა და შეუყვა საცალფეხოს. თოვლი ახალი აღებული იყო, გარემოში მზისაგან გაფუებული მიწის სასიამოვნო სურნელი იდგა. ჩიტების გალობასა და შაშვების ჭახჭახს რაღაცნაირი ხალისი შემოჰქონდა კაცის გულში. მალე ბუნების ხმიანობა შეწყდა და უჩვეულო სიჩუმე ჩამოწვა. ჯავრია სატევარის ვადას ხელს არ უშვებდა და იმ გზას მიუყვებოდა, რომელი გზაც ჯურხამ მიასწავლა. ჯავრიას ჯურხას ხმა ეხლაც ყურში ედგა- პირველი ის დაგასწრებს, მარა მეორე შენი უნდა იყოსო. მაშ ვითომ დამასწრებს? ფიქრობდა ჯავრია. უცებ მძორის სუნი იგრძნო, მერე ყორნების ყრანტალიც გაიგო სადღაც. ვინ იცის იქნებ თუთასაც ასე ჯიჯგნიდნენ ყორნებიო, გაიფიქრა და ამან სულ გააცოფა, მკლავებში უზარმაზარი ძალა იგრძნო, მაგრამ იმ წამსვე მიხვდა, რომ მხეცსაც უზღვავი ძალა უნდა ჰქონოდა. ჩამოშლილი თმები თასმით შეიკრა და მთლად სმენად გადაიქცა. თუ ჯურხას ნათქვამს დაუჯერებდა, მაშინ უკვე მოსული უნდა ყოფილიყო. წინ, ახლოვე ერთი პატარა მონდორი შენიშნა, რომელიც წუხანდელი სიზმარისა არ იყოს ძვლებით იყო მოფენილი. როგორც სიზმარში, ეხლაც უმძიმდა დაბლა დახედვა ჯავრიას. ის კი არა ძეძვის ბუჩქებსაც ვერ უსწორებდა თვალს, იქნება და სადმე თუთას კაბის ნაფლეთი დაენახა. ამას მისი გული ვერ გაუძლებდა ვერა, რა არ გამოევლო, რა არ ენახა, მაგრამ... თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, თითქოს რაღაც ჩქამიც კი გაიგო ტყის პირიდან, გაიგო და რაღაც ჭრელს, ისეთს როგორიც ჯურხამ ანახა მოჰკრა თვალი. თვალებს არ დაუჯერა,
მშვილდი მოამზადა და წამს დაელოდა. მხეცი მინდორზე გამოსვლას არ ჩქარობდა და ჯავრიას გარს უვლიდა ტყით. დრო გაჰყავს, მართლა ჭკვიანი ყოფილა, მაგრამ ჩემზე ჭკვიანია? აი გამოვიდა კიდეც მხეცი ტყიდან, ჯავრიას რაღაც თვალში ემცირა მხეცი, მაგრამ წამის მეასედში მოზიდა მშვილდი და... მხეცი დაეცა. ჯავრია გაოცდა, სულ ეს იყო? იქნება მიტყუებს, რომ უეცრად დამეცეს თავს? მშვილდი და კაპარჭი იქვე, მინდორზე დაყარა, სატევარი გააძრო და მხეცისაკენ წავიდა. ახლოს, სულ ახლოს მივიდა მხეცთან და... შვილია, ბოკვერია თქვა გაკვირვებულმა ხმამაღლა. ჩაიმუხლა და ბოკვერს ახლოდან დახედა, რომელსაც სიმწრისაგან ენა კბილებში მოექცია და დახუჭული თვალებიდან ჯერ კიდევ გადმოსდიოდა ცრემლები. ისარი შიგ გულში მოხვედროდა, რომელიც წაქცეულს შუაზე გადაემტვრია. ისრის ნამტვრევი ოდნავღა მოსჩანდა ჭრილობიდან. ჯავრია გამოერკვა და თავის თავთან დაიწყო ლაპარაკი. კი მაგრამ ეს ხომ შვილია, ბოკვერია? ამან რა დამიშავა? თუმცა რაღაცნაირ კმაყოფილებას მაინც გრძნობდა გულში. ეხლა იმის გულშიც ის მოხდება რაც დედაჩემის გულში მოხდა. ეხლა იმასაც დაეთუთქება და დაემდუღრება გულ-მუცელი, ეხლა მოვიდეს და შემეყაროს ტოლსა და სწორს. თუმცა კი საოცრად შეებრალა თავისი მსხვერპლი. ვერა, ვერ შეეხებოდა ამ სილამაზეს ჯავრიას ხელი გასატყავებლად. ბოკვერი აქვე, თავის სახლში უნდა დარჩენილიყო, მისი ძვლებიც ამ მინდორზე უნდა მოფენილიყო. დაღლილობა და მოქანცულობა იგრძნო, მაგრამ ეს დაღლა სხვა დაღლა იყო. სევდითა და დარდით დაღლილიყო, ბრძოლით დაღლილიყო, სისხლით დაღლილიყო. როდის მორჩება ეს ყველაფერი, როდის? ამ წუთას საოცრად მოუნდა ამ á
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2182
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by nusa » 31 ოქტ 2008, 10:00

qvevri wrote:
ვუძღვნი გოდერძი ჩოხელის ხსოვნას... ბალთია

Image
ბალთია ერუშეთში, ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს დაიბადა. მთლად თეთრი იყო, მხოლოდ ზურგზე ჰქონდა ერთი დიდი შავი ლაქა. იმ ღამეს გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ. მისი და-ძმები მალევე გაასხვისეს, დედა იმავე ზამთრის მიწურულს შეუჭამეს მგლებმა. დარჩა ბალთია მარტოდმარტო. მისი პატრონიც მალევე გარდაიცვალა და მეზობელ-მოკეთეებმა ჯერ კიდევ ლეკვი, ერთ მგზავრს მისცეს, რომელიც კლარჯეთიდან ბრუნდებოდა შინ. ჩასვეს ბალთია ხურჯინში, გადაჰკიდეს ჯორზე და გაუყენეს გზას. მისი ახალი პატრონი, ლაზარე, რომელსაც ცოლშვილი არა ჰყავდა, ქართლის ერთ პატარა სოფელში, სხალტბაში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის განაპირას, წყაროსთან იდგა, საიდანაც კვირაცხოველის ახლად აგებული ტაძრის, ლამაზად მოჩუქურთმებული სვეტები მოსჩანდა. მოწმენდილზე ამავე ადგილიდან თითქმის მთელ კავკასიონს დაინახავდი. სახლის უკან ტყე იწყებოდა და სამასიოდე ნაბიჯში ისე ხშირდებოდა, რომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. ეს ტყე იყო ამ სოფლის მარჩენალი: რა ტყის ხილიო, რა სოკოო, რა ხის მასალაო თუ შეშაო სულ იქიდან უნდა გამოეზიდათ სხალტბელებს. სოფლის თხა და ღორიც იქვე იკვებებოდა, რკო იქნებოდა თუ წაბლი, წიფელი თუ პანტა და მაჟალო. ამ ადგილებში ზამთარი კარგა გვარიანი იცოდა. ჩამოჰყრიდა თოვლს მარა რას ჩამოჰყრიდა. ითოვებდა ორ სამ დღეს რაც კი ძალი და ღონე ჰქონდა და ამ ორი სამი დღის ნათოვში ცხენკაცი დაიფარებოდა, იმოდენა იყო. მერე დაიწყებოდა ნამქერი და კაცს რომ არ ემარჯვა და თოვლი არ გადაეხვეტა, სახლკარს მთლიანად დაუფარავდა ქარის მოტანილი თოვლი. გაგრძელდებოდა და გაიწელებოდა ზამთარი ისე, რომ ბოლო აღარ უჩანდა. მოეძალებოდა დამშეული ნადირი სოფელს და რას მოეძალებოდა, მგელს საქონელი ლამის ბოსლებიდან მიჰყავდა. ლაზარე, ბალთიას პატრონი ერთი გამხდარი, შავ-შავი კაცი იყო. შეუხედავ სახეს დიდრონი ცხვირი კიდევ უფრო უუშნოვებდა. სამაგიეროდ თვალები ჰქონდა, ხუთას ნაბიჯში სცნობდა კაცსა. ლაზარე მჭედელი იყო და თავსაც ამ ხელობით ირჩენდა. ხოდა აბა სოფლის მჭედელს საქმეს რა გამოულევდა და იდგა და სჭედავდა ლაზარეც ნალებსა თუ ლურსმნებს, დანებსა თუ სასხლავებსა და იყო ამ შრომაში. საქონელიცა ჰყავდა ლაზარეს, თითო ხარ-ძროხა და ოთხი თუ ხუთი თხა. საქონლის სადგომი სახლის უკან, ტყის პირას ჰქონდა გამართული. ბალთიას ლაზარე, სწორედ ამ საქონლის მწყემს-დარაჯადა ზრდიდა. ჯერ რა მაბადია და ესეც მგლებს შევაჭამოო- იტყოდა ხოლმე. ბალთია ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ ლაზარემ რკინის კბილებიანი საყელური გამოუჭედა, გაიზრდება და გამოადგებაო. მართლაც ბევრჯერ გამოადგა ბალთიას ლაზარეს გამოჭედილი საყელური დიდობაში. ლაზარე ბალთიას წვრთნასაც არ აკლებდა: იშოვა ერთი მგლის ტყავი, დაახვია, კეტზე თოკით გამოაბა და მიუგდებდა ხოლმე საჯიჯგნად ბალთიას და ცოტა ხანში ისევ გამოჰგლეჯავდა კბილებიდან და ასე. ბალთია კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ეშვები იმოდენანი დაეზარდა, რომ პირში ძლივსღა მალავდა. ერთხელ ჯერ კიდევ გამოუცდელი ბალთია, ტყეში ხეტიალისას ფოცხვერს გადააწყდა, თუმცა კი თვალში ედიდა, მაგრამ იერითა და ფერით ლაზარს მეზობლის, ფშავი გეგენას მსუნაგ კატას მიამგვანა და მიეტანა. მიტანება ეგრე არ უნდაო, ერთი დაუქნია ფოცხვერმა თათი ბალთიას და თავპირი ჩამოაღადრა. ეგ რა მოგსვლიაო, მიაძახა სახლში წკავწკავით მივარდნილ ბალთის ლაზარემ. თუმცა კი მალევე უწმლა წყლულებზე, მარა იარები კი მთელი ცხოვრება უმშვენებდა თავპირს ჩვენ ბალთიას. მერე იყო და ზაფხულის ერთ დღეს, სახლში მომხრჩვალი მაჩვი მიათრია. მოერიეო? თუ თავი გაქვს და ღონე გერჩის მგლებს მიხედე, რომ ლამის გადაგვჭამესო. იცოცხლე მოსცხეს და მოსცხეს ბალთიას წკეპლა. აღარ იცოდა სად შემძვრალიყო და დამალულიყო ბალთია, ანდა სად უნდა დამალულიყო ამოდენა ტანისა? ის დღე იყო და ბალთიას ტყეში მარტო ხეტიალი ამოეკვეთა. დააბეს ბოსელთნ, ეგდე მანდა და მაგათ უგდე ყურიო. მეტად შეწუხდა ლაღობას ნაჩვევი ძაღლი ტუსაღობით, მარა რაღას იზავდა? შეეგუა იღბალს. ერთ ალაგას ყოფნამ ბალთია ცოტა არ იყოს მოაკეთა, და იმხელა შეიქნა რომ მტრისას. ლაზარესაც მალე გადაუვარდა გულიდან მაჩვის ამბავი და დაიბრუნა ბალთიამ ლაღობა.
სოფლის ქალები უკვე ბალთიათი აშინებდნენ თავიანთ ჭირვეულ შვილებს: აი შე საძაგელო შენა, დამაცა თუ ბალთიას არ დავაწეწინო კბილებით შენი თავიო;
აბა დაიძინეთ თორემ ჩამოივლის ბალთია და იმას მიგცემთო;
იცოდე სახლიდან არ გაადგა ფეხი, თორემ სოფელში მშიერი ბალთია დადენილა და ერთ წამში შეგყლაპავსო და მისთანანი. ნადირიც კი, ბალთიას შიშით იყო თუ რიდით, ნაკლებადღა აწუხებდა სოფელს. ამ დროისათვის კი ბალთიას უკვე მოეხრჩო სამი მგელი და ამ ყველაფერმა ისეთი პატივი და სახელი მოუტანა ჩვენს ბალთიას, რომ სოფელში საკლავი ისე არ დაიკვლებოდა, რომ მისთვის საგანგებო ძღვენი არ მოერთმიათ. ბალთია კი იწვა და ხრავდა თავისი ვებერთელა ეშვებით მორთმეულ ძვლებს. ერთ წელსაც ჩვეულებისამებრ, მკაცრი ზამთარი დაიჭირა. თოვლი მოვიდა ისეთი, რომ სულ დაფარა მთელი სოფელი. მხოლოდ კვამლზეღა თუ შეატყობდი რომ ამ ადგილას ხალხი ცხოვრობდა. გაჭრეს სხალტბელებმაც ერთმანეთთან ბილიკები და მოხშირდა მას მერე სტუმრობა და ღვინის სმა. შობაც ორი თუ სამი დღის დამდგარი იყო და ოჯახი არ იყო, რომ საკლავი რამ არ ჰყოლოდა დაკლული. ზამთარი ჯერ კიდევ მედგრად იდგა და თოვლიც როგორც სჩანდა, ჯერ სულაც არ აპირებდა დნობას. გაჭირდა საქმე. იცოცხლეთ, სხალტბელებს კი ჰქონდათ ზამთრის სარჩო ბლომად, მარა ნადირი კი ნამეტანი შეაწუხა შიმშილმა. დამშეული ირმები პირდაპირ სახლის კარებზე აკითხავდნენ სოფლელებს, და ხალხიც აპურებდა უჩვეულო სტუმრებს ვინ ჩალით, ვინ თივით, ვინ ქვამარილით.
ერთ სუსხიან დღეს, ლაზარეს თავისი მეზობელი გეგენა ეწვია სტუმრად. ოჯახისშვილო, დაიძახა გეგენამ, მობრძანდი გეგენ, გამოსძახა ლაზარემ. აბა ამგვარ ამინდში რა საქმე უნდა ჰქონოდა გეგენას ლაზარესთან თუ არა ნუნუას წყურვილი? და ლაზარემაც წამოავლო დოქს ხელი და მარანში შევიდა ქოცოს მოსახდელად. რა კარგი დამდგარა ე დალოცვილი ესა, სთქვა გეგენამ და დაცლილი ჯამი ტაბლაზე ჩამოდო. არა ძმაო ლზარო, გორული მწვანესთანა ღვინო არ მეგულება ამ ჩვენში, ეგრე არ არი კაცო? შეუქო ღვინო მასპინძელს გეგენამ. ეგრეა ეგრე გეგენ, თან ფერიც როგორ გაჰკეთებია ამ მადლიანს ამასა, ამბობდა ლაზარე და თან დოქიდან ღვინოს ასხავდა ჯამში. ამ საუბარში იყვნენ, რომ გარედან კაცის ხმა შემოისმა: მაინძელო... მობრძანდი, დაეხმიანნენ ერთმანეთს სტუმარ-მასპინძელი. ოოო გიგუცას გაუმარჯოს გიგუცას, რა თავი მოგვანატრე კაცო, შეაგებეს სიტყვა სტუმარს, რომელსაც ხელში ჩურჩხელები და ტკბილი კვერი ეჭირა. გაჩაღდა ლხინი. ცოტა ზარხოშში რომ მოვიდნენ ლაზარემ, რომელიც სხვათა შორის კარგი მომღერალი იყო სიმღერა წამოიწყო: “ზამთარი ვარდსა დააჭკნობს ფურცელი ჩამოსცვივაო”. აჰყვნენ გეგენა და გიგუცა და ისეთი სიმღერა გამოუვიდათ, რომ თვითონვე გაუკვირდათ. მერე იყო და გეგენამ ლექსი მოაყოლა:

“განა ლაღი ვარ რომ ვმღერი, გულისა დარდსა ვიქარვი
ვინც ჩემზე იტყვის ლაღია, ჩემსაებ ლაღიმც ის არი
ძმასაც მაუკვლენ ლეკები, მამას ნასროლი ისარი
ანამც მაუკვლენ ნაძმობსა, გან ძმაზე ნაკლებ ის არი”.
ჩვენი ბალთია, იქვე, ბუხრისპირას მიწოლილიყო და სთვლემდა, თან ეტყობა სიზმარში ნადირს რასმე მისდევდა და ფეხებს გაიქნევდა ხოლმე შიგადაშიგ, ამ ამბავში გამოიღვიძებდა, ლაზარს გახედავდა და ისევ მიეცემოდა ძილს. უცებ, ბალთია ფეხზე წამოიჭრა და კარებისაკენ შეუღრინა რაღაცას თუ ვიღაცას. ლაზარს ეს ამბავი არ გამოჰპარვია, წამოდგა კართან მივიდა, გამოაღო და ენა დაება. მერე შინ შემოსძახა: მოდი კაცო ნახეთ ერთი რა ამბავიაო, გეგენა და გიგუცა პატარა ბავშვებივით მიაწყდნენ კარებს და ეხლა იმათ დაებათ ენები... ზედ სახლის კარებზე ქორბუდა რქიანი ხარირემი იდგა ურცხვად. ლაზარე ფრთხილად გავიდა კარში და ირემს მიუახლოვდა, რომელმაც ქორბუდა რქები უკან მიატრიალა და ისე გაჩერდა, თითქოს ვიღაცას ელოდებაო, მართლაც ცოტა ხანში ეზოს მოყინულ ბილიკზე ფურირემი შემობაკუნდა და ხარს დაუდგა უკან. დიდება შენდა მაცხოვარო ჩვენო, თქვა ლაზარემ. არიქა ბალთია არ გამოვიდეს თორემ სტუმრებს გაგვიქცევსო, უთხრა ლაზარემ თავისიანებს და თვითონ სათივეში შევიდა, საიდანაც ერთი იღლია თივა და ქვამარილის ნატეხები გამოიტანა და ხარირემს დაუყარა წინ. ირემმა თივას პირი არ დაადო, უკან დაიხია და საჭმელთან ფურირემი მიუშვა. დახე ბიჭო, მაკეთ არა ყოფილა? დღე-დღეზე მოიგებს კიდევაცაო, თქვა გიგუცამ.
უყრე როგორ დაუთმო საჭმელი ფურსა? შენ ნადირი ეძახე და ვერა სჯობია კოკორაანთ თედუასა? სანამ თვითონ არ გამოძღება ცოლ-შვილი არც ახსოვს მანამდინაო, თქვა ლაზარემ. ამის თქმა იყო და დააყარეს სიცილი სამთავემ. ამასობაში საიდანღაც ბალთიაც გაოძვრა და მიაჩერდა ეჭვის თვალით ირმებს, თუმცა ხარირემის ქორბუდა რქები კი ვერ მოუვიდა თვალში, მარა სტუმრები სოფლის საქონლად ჩასთვალა, მათთან ახლოს მივიდა და ასუნ-დასუნა, ირმებმაც მიუშვეს და უცბადვე დაიმეგობრეს “მგლის ბიძაშვილი”. ლაზარემ ახლა ხარ ირემს გამოუტანა საკვები, ეხლა კი იკადრა ირემმა და შეახრამუნა გემრიელად თივა. ირმები გატრილდნენ და ნელი ნაბიჯით გაუყვნენ მოლიპულ ბილიკს. გეგენა და გიგუცა ახალი წასულები იყვნენ, რომ ბალთია კიდევ ერთხელ წამოიჭრა ფეხზე და ეხლა უკვე ყეფით მივარდა კარებს, ლაზარემ კარები გააღო თუ არა ძაღლი კარში გავარდა გადარეულივით და ტყისაკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა სირბილითა და ყეფა-ყეფით. მგლები, ირმები, ბალთია... ჩაილაპარაკა ლაზარემ, მამისეულ შუბს წამოავლო ხელი და ბალთიას გაჰყვა უკან სირბილითვე. აბა ხარირემს მგელმა რა ინდა უყოს, ვერც ბალთიას დამიჩაგრავენ, მარა ფური შეიძლება შეჭამონ წყეულებმა, ფიქრობდა ლაზარე. მივიდა კიდევაც და რას ხედავს: მოუქცევიათ შუაში მგლებს ირმები და ეტანებიან. უყურებს ლაზარე როგორ იგერიებს ხარირემი მტერს რქებით და როგორ მიჰკრობია ფური ხარს გულგახეთქილი მთელი ტანით და ისვრის წიხლებს რაც ძალი და ღონე აქვს. ხუთნი არიან, მარა რამხელები კაცო, სად დაიზარდნენ ამოდენანი ეს წყეულები ესენი, თუმცა ბალთიასხელა არცერთი არ არის. ლაზარემ შუბი მოიმარჯვა. ხედავს, როგორ დაეტაკა ბალთია ერთ მგელს და ავარდა თოვლის ბდღვირი, კაცი ხარ და გაარჩიე ვინ ზევითაა და ვინ ქვევით. უცებ ხარირემმა რქები მის წინ მდგარ მგელს დასცხო და ძირს დაანარცხა, მერე წაქცეულს რქები მუცელში ჩაარჭო, თავი უკან გაიქნია და მკვდარი მგელი კარგა შორს გადაისროლა. ამასობაში ფურს წაეპარა ერთი მგელი და ბარძაყი გამოაგლიჯა. თუმცაღა კი მიიღო კბილებში წიხლი, მარა როგორც ჩანს თავის დანებებას არ აპირებდა, ამ დროს გაიქნია ლაზარემ მამისეული შუბი... მგელი უსულოდ დაეცა, მაგრამ ახლა ლაზარეს წამოუარა მგელმა და ვინ იცის საქმე რითი გათავდებოდა ბალთია რომ არ წამოშველებოდა პატრონს. არავინა ხართ კაცო, მოგვხედეთო, ყვიროდა ლაზარე სოფლისაკენ. ამ დროს ბალთია ფეხებში ამოდებულ მგელსა სწეწავდა კბილებით. ბალთია, ბალთია, დაუყვირა ლაზარემ ძაღლს. ბალთიაც მიხვდა პატრონის გასაჭირს და სულ გადაირია და გაგიჟდა. მივარდა პატრონზე მიტანებულ მგელს და დაიწყო ბრძოლა, მგელმა მოასწრო და ბალთიას სწვდა ყელში, მაგრამ ძაღლი ლაზარეს გამოჭედილმა რკინის კბილებიანმა საყელურმა იხსნა... ბრძოლა გათავდა. სოფლელებმაც მოაღწიეს ვინ შუბით, ვინ სატევარითა და ვინ კეტით ხელში. ეს რა ამბავი დაგიტრიალებია კაცო? ჰკითხავდა ხალხი ლაზარეს. ხუთი მგელი ძირს ეგდო უსულოდ. უცებ ფურირემმა ამოიბღავლა, მერე პირი დააღო, თითქოს რაღაცას ამბობსო და ძირს, პირდაპირ თოვლზე დაწვა. ლაზარე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აჩენს, თქვა მან და ფურს მიუახლოვდა. ორ წუთში ფურმა ხბო გააჩინა, დედა ირემი ფეხზე წამოდგა და თავის შვილს დაუწყო ლოკვა, რომელიც ფეხზე წამოდომას ცდილობდა. ბალთიას ვეღარ გაეგო რა ხდებოდა ან ეს ხბო საიდან გაჩნდა აქ და მისჩერებოდა ხან ირმებს, ხანაც სოფლელებს, რომლებიც ლაზარეს შემოჰხვეოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ.
გავიდა დრო. ლაზარეს ხანი დაეტყო, ბალთიაც მობერდა. სოფელმა იფიქრა: ცოდოა ასეთი ძაღლის უშვილძიროდ გადასვლაო და მოუყვანეს ბალთიას პატარძალი მეზობელი სოფლიდან, რომლის დაბინავება და მოვლა გეგენამ ითავა.
კიდევ ერთხელ დაიჭირა მკაცრი ზამთარი, კიდევ ჩამოყარა ცხენკაცის სიმაღლე თოვლი, კიდევ მოეძალა ნადირი სოფელს და კიდევ აუჩქროლდა გული ბალთიას ძველებურად. გაენთო გარეთ, გაირბინა ეზო-კარი, ტყისაკენ მიმავალი ბილიკი და ძველებურად შევარდა მგლების ხროვაში....
ის დღე იყო და ის. მას მერე ბალთია აღარავის უნახავს...
ხოლო იმავე ღამით, გეგენამ ლაზარე მიიხმო თავისთან სასწრაფოდ. რა ამბავია? ჰკითხა დანაღვლიანებულმა ლაზარემ თავის მეზობელს, ბალთია დაიბადა, მიუგო სევდიანი ღიმილით გეგენამ ლაზარეს და ახლად დაბადებული ლეკვი აჩვენა, რომელიც სუმთლად თეთრი იყო, მხოლოდ ზურგზე ჰქონდა დიდი შავი ლაქა. ნაღვლიანადვე გაეღიმა ლაზარეს და თვალებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა... იმ ღამეს გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ.
გამოზაფხულზე, როდესაც თოვლი მთლიანად აიღო, ლაზარემ იმ ადგილას, სადაც ბალთია ბოლოჯერ შეება მგლებს, თავისივე გამოჭედილი, რკინისკბილებიანი საყელური იპოვა და გეგენას გადაუტანა, გაიზრდება და გამოადგებაო...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2182
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by nusa » 31 ოქტ 2008, 10:03

ესენი კი იყო ცალკე თემებად, მაგრამ იმდენად ჩაკარგულია დამენანა :?
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2182
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by nusa » 31 ოქტ 2008, 11:11

qvevri wrote:ვუძღვნი თმოგვის ციხეს

ციხე ჩიოდა

ეხლა რომ მიცქერი, ეგრე კი არ არის საქმე? მაშინ უნდა გენახე ფეხზე რომ ვიდექი რა კაცი ვიყავი. არწივიც კი ვერ მიბედავდა თავზე გადაფრენას. შენ აქ ამოსვლაში ამოგვარდნია გული და იმას აღარა ჰკითხულობ აქ ვინ ამომზიდა და დამადუღაბა? დიახ კიდევაცა ვჭაბუკობდი და კიდევაც ვიბრძოდი, ჩემი საჭურველ-იარაღი ჩემი ქონგურები და გოდოლები იყო. მაყრიდა ურჯულო ტყვიაწამალსა და იასარს სეტყვასავით მარა ვერ მივართვი ჩემი აღება. პატრონი მყვადა, კაციც ის იყო და ქუდიც იმას ეხურა, თქვენს ქალკუდა პატრონს კი არა ჰგავდა. მომეფერებოდა და მეტყოდა “ჩემო ფარო და ნამუსო”-ო. სწორედ რომ ფუტკარსა ჰგავდა თავისი ცხოვრებით. სიცოცხლე სულ ბრძოლასა და შრომაში გალია. თქვენც ფუტკრებსა ჰგევხართ, ოღონდ მამალ ფუტკრებსა, რომლის საქმეც თაფლის ჭამა და დედა ფიტკრის დამამვლაა, მარა მაგის თავიც აღარა გაქვთ. თუ არა და ერის სიმრავლეზევე გეტყობათ რა ბედენაცა ბრძანდებით, გააჩენთ თითო კინკილა შვილსა და მერე ქვეყანაზე მტვერს დააყენებთ ბაქიაობით. ან-კი თქვენ თვითონ გასაზრდელებმა შვილები როგორ უნდა გაზარდოთ? ვიცი მე თქვენი ზრდილობაცა და თქვენი რწმენაც. თქვენ მორწმუნეები მარტო ეკლესიაში ხართ, წირვა-ლოცვის დროსა და გარეთ კი გავიწყდებათ თქვენი ქრისტიანობა. კაცი რო დღეში, სარკის წინ უფრო მეტ დროს გაატარებს ვიდრე ხატის წინა, მასეთი ქრისტიანობა არ გაიშვას. რა ვიცი თქვენს ფიქრებში მაგრად დააგელვებთ ცხენებს ხმალშემართულები დიდგორზე? მარა ცხადლივ, ცხენი კი არა, წიხლის შიშით ვირთან ვერ მისულხართ ახლო და ხმალი კი არა, ჯაყვით კიტრი ვერ გაგითლიათ. მიიხედ-მოიხედეთ, ეგ თქვენი დღევანდელი დღე არის თქვენი დიდგორი. რით ვეღარ მიმხვდარხართ, რომ ბრძოლის ველზე ხართ და მტერი თავს დაგცემიათ მგელივით. ან, ამ ჩემს ჩამოქცეულ მხრებს რო არ უწამლებთ, ვინ მოგცათ მაგის ნება? არ შეგვიძლიაო? რას მიქვია არშეძლება? თქვენთვის ხომ კარგად აშენებთ მაღალ-მაღალ აგარაკებსა და... ჩიოდა ციხე, ჩიოდა არა იმაზე, რომ მარტოდმატო დარჩენილიყო ყორნების ამარა, არა, იმაზე ჩიოდა, რომ ყველაზე მეტად ეხლა იყო საჭირო ქვეყნისათვის და ქვეყანას კი ყველაზე მეტად ეხლა არ ეცალა მისთვის, რადგან აგარაკ-აუზებისა თუ რესტორან-საროსკიპოების მშენებლობით იყო გართული. ხედავდა ციხე, კარგად ხედავდა, როგორ შემოსულიყო და მოსდებოდა მტერი ქვეყანას და იძახდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხალხოო, მაგრამ ხალხს ციხისა კი არა, დიდი ხანია უკვე ერთმანეთისაც კი აღარ ესმოდათ. ხანდახან ნისლის თეთრი ქულები მიაკითხავდნენ ციხეს, მიეალერსებოდნენ და მიეფერებოდნენ თავის ძველ მეგობარს, მერე ჩასწვებოდნენ ხევში და წავიდოდნენ სადღაც შორეთში. ნისლოვ სპეტაკო, დაუძახებდა ციხე თავის მეგობარს, იქნებ სადმე ჩემს პატრონს გადაეყაროო. თუმცაღა, კარგად იცოდა ციხემ, რომ მისი პატრონისა უკვე ძვლებიც აღარ იყო მიწაში, მარა მაინც ეძახდა. ოხ ერთი ერთხელ კიდევ მანახა იმისი თავი ჩემს ქონგურებზე მდგარი და დამარცხებულ მტერზე გადამყვირალი და მერე თუნდ ამ ხევში ჩამაქცია ერთიანადაო, იტყოდა ხოლმე. ჩიოდა ციხე და თან ცრემლები ჩამოსდიოდა ბებერ ტანზე. ამ ცრემლებს მისი გალავნის დუღაბში გამოსული ბალახები ისრუტავდნენ. ეს იყო არა შიშის, არა მარტოობის, არამედ მონატრების ცრემლები, დიახ მონატრებისა... :cry:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Mta Mkvarebia » 31 ოქტ 2008, 11:41

nusa
ყოჩაღ, გოგონი :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 31 ოქტ 2008, 17:14

თქვენის ნებართვით მეც გადმოვიტან ერთ პატარა ნოველას აქტივობის სხვა სახეობიდან :wink:
Image
პატარა იყო, ცქნაფა. შავი, მთლად შავი თვალები ჰქონდა, ერთი ციდა ნისკარტი და ლამაზად აპრეხილი ბოლო. ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ყველაფერი აინტერესებდა და რამე უცხოსა თუ ახალს რომ დაინახავდა არ მიოსვენებდა, სანამ მთლად ახლოს არ მივიდოდა, გარს არ შემოუვლიდა და არ დარწმუნდებოდა, რომ ესეც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მის გარშემო მისი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბედნიერებისთვის სულ ერთი მისხალი ჰყოფნიდა. საკმარისი იყო ამომავალ მზეს ერთი სხივი ეჩუქებინა მისთვის, რომ ყველანი უზომოდ უყვარდა ამ დროს. წამოფრინდებოდა თავისი ციცქნა ბუდიდან და მოჰყვებოდა ნაცნობი ადგილების შემოვლას. სულ დაივლიდა ღობის ძირებსა და ღელის პირებს, ორღობეებსა და ყორეებს. დარწმუნდებოდა რომ ყველაფერი ძველებურად, თავის ალაგას იყო და დაწყნარებული ჩამოჯდებოდა თავის საყვარელ ლოდზე და იქიდან ადევნებდა თვალს ბავშვების თამაშსა და ჟრიამულს. ეს ჟრიამული დიდ სიხარულსა ჰგვრიდა, მაგრამ ტკივილსა და მწუხარებასაც ახსენებდა და გულს უკლავდა. თვალებზე ცრემლმომდგარი შესჩიოდა დედა ბუნებას: ნუთუ ესოდენ საჭირო იყო ჩემი უმწეო ბარტყების სიცოცხლე ადამიანისთვისო? ნუთუ მოსაკლავი და ბოროტი დაილია ამ სატიალო ქვეყანაზე, რომ ჩემს საბრალო შვილებს მიადექი და დამიხოცეო? სიკეთის მეტი განა მიქნია ამ ქვეყანაზე რამეო? განა კაცთა მოდგმის თვალისა და გულის გასახარად არ გამაჩინე სააქაოზეო? მაშ რატომ მომისიე გულქვა ადამიანი და მომიკალი გულიო? ამბობდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა ღობემძვრალას. მაგრამ მიუხედავად დიდი ტკივილისა მაინც უყვარდა ადამიანი, ეცოდებოდა კიდეც... დაიბადებიან, დაიზრდებიან, დაოჯახდებიან, იჯახირებენ ერთხანს და მერე წავლენ ერთიმეორის მიყოლებითო, ატყდება ერთი ვაიუშველებელი და ცრემლის ღვრა, მაგრამ გავა ცოტა ხანი და დაივიწყებენ იმათ სახელებსაცა და იმათ ნაჯახიარალსაც ყველანიო...
მაინც უყვარდა...
მეტადრე კი ერთი ოქროსთმიანი ყმაწვილი ჩავარდნოდა პატარა გულში. წამში გამოარჩევდა ტოლ-სწორებში და უცქერდა და ტკბებოდა მისი სილამაზითა და სიცილ-კისკისით. ღმერთო რა ლამაზიაო, რა მშვენიერიო- იტყოდა ხოლმე. პირდაპირ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევს თვალებიდანაო. ზოგჯერ, მისი ცქერით დაღლილი აფრინდებოდა, რათა ზემოდან დაეხედა უკვე კარგად წამოზრდილი ყმაწვილისათვის და მისი ოქროსფერი თმებისათვის.
დრო გასულიყო. ღობემძვრალას ახალი ბუდე დაედო ერთი ხის ფუღუროში სოფლის განაპირას. ფუღურო მდინარეს გადაჰყურებდა. ეხლა უკვე ახალი ბარტყები ჰყავდა, ისეთი ცელქები, ისეთი სასაცილოები იყვნენ რომ...
ბარტყებს ჯერ ბუმბულიც არ ამოსვლოდათ და დედის მეტი არაფერი იცოდნენ ამ ქვეყანაზე. ღობემძვრალა თავს დაჰფოფინებდა ბარტყებს, წამით არ შორდებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა...
...ხმაური შემოესმა, ღობემძვრალა გაინაბა... აიმ ფუღუროში შეფრინდაო, გაიგონა ერთის ხმა. შიშმა აიტანა და შვილებს გადაეფარა. ბატყები უნდა ჰყავდესო, თქვა მეორემ და ხეზე აცოცება დაიწყო, თუმცა ვერას გახდა და გაბრაზებულბა იმ ტოტს, რომელშიც ბუდე ეგულებოდა წალდი დაუშინა. რა ქნას, სად წავიდეს, რა წყალს მისცეს თავი... ცრემლი მოადგა. ბარტყებს ვერაფერი გაეგოთ რა ხდებოდა და დედას მისჩერებოდნენ შეშინებულები. მზე ეშვებოდა. ვაიმე, აღმოხდა საბრალო ღობემძვრალას. ტოტი, რომელშიც მისი ბუდე იყო ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, მერე უცებ მოსწყდა ხეს და მდინარეში ჩავარდა. ღობემძვრალა თავის ბარტყებს მაშინაც არ შორდებოდა, როდესაც წყალში მთლიანად დაიფარა ბუდეცა და ტოტოც. ერთი კი მოახერხა და საბოლოოდ ამოხედა კამკამა წყლიდან ნაპირსა და იქ მდგარ ადამიანებს სადაც, ტოლებში მდგარი ოქროსთმიანი ჭაბუკი გამოარჩია ხელში წალდით...
ჩაიხრჩვნენ წყალში ღობემძვრალაცა და მისი ბარტყებიც. კიდევ ერთხელ ჩაესვენა დაღლილი, შეცბუნებული და ცრემლმორეული მზე.

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by ele » 31 ოქტ 2008, 23:40

:cry: :(


ყოველთვის ასეა
ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს მისი ხელით უნდა გავნადგურდეთ?

რატომ? :roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 02 ნოე 2008, 15:10

დაცემული ერის დაჟანგებული ხმალი
იმისთვის, რომ სათქმელი უკეთ გადმოვცე, მინდა ეს პატარა წერილი იოანე ზოსიმეს ცნობილი ლექსის ერთი თვალით დავიწყო:
“დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”...
მსოფლიოს ყველა ერსა და მათ შორის ქართველობასაც გააჩნიათ თავიანთი როლი ამ ქვეყანაზე. ქართველ ერს თავისი როლი და მისია ყოველთვის ბრწყინვალედ ჰქონდა გაცნობიერებული. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რა დატვირთვას ატარებდა ჩვენი ერის არსებობა და რა უნდა გვეთქვა მსოფლიოს სხვა ერებისათვის. მართალია, მეთე საუკუნეში დაწერილი
“ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” იოანე ზოსიმეს ეკუთვნის, მაგრამ ამ ლექსში გადმოცემული შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ ავტორის იდეა და აზრი არ არის, არამედ ეს არის ქართული აზრი ქართული ენისა და ქართველი ერის მისიის შესახებ.
“რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”
ჩვენი მისია მისიად რჩება იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი კი არა ჩვენი ვინაობა დავივიწყეთ, სახელმწიფო გავაყვავყორნეთ, ხოლო ერი ბრბოს დავამსგავსეთ და გავათითოკაცეთ. გასაყიდი გავყიდეთ, დასაკარგი დავკარგეთ, და დასავიწყებელი დავივიწყეთ. ჩვენს ისტორიულ მიზანს ავცდით, ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი თუ სიმძიმე ზურგიდან მოვიხსენით და სადღაც შორს მოვისროლეთ. ჩვენი ადათწესი დრომორჭმულად და ძველმოდურად ვაღიარეთ. ვთქვით, რა საჭიროა ამდენ ხანს მდინარის აღმა სვლა, როდესაც არსებობს ამხელა უკიდეგანო ოკეანეო? ჩვენც ავუშვათ სხვასავით აფრები, ვიცუროთ ლაღად წინ და უკან და დავტკბეთ ტალღების ლივლივითა და მზის ამოსვლა ჩასვლითო. იმაზე კი სულ აღარ გვიფიქრია, რომ ოკეანემ ზოგჯერ ისეთი აბობოქრება იცის, რომ ვერანაირი ხომალდი ვერ გაუძლებს მის ზვირთებს და ვერც გაუძლია. ისე ჩანთქმულა ოკეანის სიღრმეებში, რომ მისგან სახელიც კი არ დარჩენილა. არ დარჩენილა და არც არის საჭირო ისეთი ერის სახელის არსებობა, რომელსაც თავის მიზნად ზურგის ქარს მიყოლა და აქეთ-იქით სეირნობა აურჩევია მხოლოდ.
მაგრამ სხვისას რასა ვჩივით მაშინ, როდესაც ჩვენც ამ გზაზე დვდექით და ერთადერთ საზრუნავად გართობა და კომფორტი ავირჩიეთ? ყველაზე დიდი უბედურება რაც კი შეიძლება ერსა სჭირდეს ის არის, რომ მას აღარ ანაღვლებდეს წართმეული თუ გაყიდულ-გასხვისებული მიწები, დავიწყებული ისტორია და მინავლებული სარწმუნოება. უფრო მეტიც, ლამის არის ამ სამეულს, ენას მამულსა და სარწმუნოებას ბრძოლა გამოვუცხადოთ. ამაზე მეტი უგუნურება რაღა გვინდა, როდესაც იმ მასაზრდოებელ და წინაპრებთან დამაკავშირებლ ძარღვს ჩვენ თვითონვე ვჭრით და ძირს დათხეული ჩვენივე სისხლი არ გვენაღვლება. ოკეანის აბობოქრებული ზვირთები შთანთქმით გვემუქრება, გავთითოკაცდით, გავპარტახდით, დავეცით და ვინც დავრჩით ისინიც მოვდექით და ერთმანეთასა ვჭამთ და ვჩეხავთ. და ეს მაშინ, როდესაც საქმე წლებზე და თვეებზე კი არა საათებზე და წუთებზეა. რომელ სხვა ერების განსწავლაზე და “ამით ენით მხილებაზეა” ლაპარაკი როდესაც თავად დაგვივიწყებია მორალი და მივცემივართ ცოდვის ჭაობს? ანდა ჩვენ თვითონ სამხილებლებმა სხვის მიმართ ხმა როგორ უნდა დავძრათ? რა ხმა ამოგვეღება, მაშინ როდესაც საქართველო ვაზისა და ღვინის ქვეყანაა და კაცი ნამდვილ ღვინოს ვერსად იშოვის? მაშინ როდესაც ქართული ხორბლის ჯიშების პატრონები თურქულ, ნიტრატებით გატენილ სახამებელს შევექცევით? მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ზეთის უძველესი წნეხები (ერთ დროს ჩვენი ქვეყნიდან ჩვენს წინაპრებს ზეთი გაჰქონდათ კიდეც), ჩვენ კი თურქულ ზეთებს ვიყენებთ, რომელთა უმეტესობა ვადაგასული და ხშირ შემთხვევაში ადამიანის საკვებად უვარგისია. მაშინ როდესაც სიტყვა “მედიცინა” ქართული სიტყვაა და მსოფლიოშიც სწორედ აქედან გავრცელდა, თავად ჩვენში კი ლამის არის მთლიანად ჩავკლათ ეს დარგი და სხვას შევყურებთ პირღიები?
დამწერლობიდან დაწყებული, მიწაწყალით, იარაღითა და საჭმელ- სასმელით დამთავრებული ჩვენ ქართული ყველაფერი გაგვაჩნდა და სხვისკენ საცქერი და დღევანდელივით სამათხოვრო არაფერი გვჭირდა. თუ რამე გვაკლდა ვქმნიდით, თუ რამეს ითხოვდა ჟამთასვლა ვიგონებდით, მაგრამ ეს ყოველივე ქართული იყო, ქართველების მიერ შექმნილი. ხმლის ჭერა იყო საჭირო? ქართველი ოსტატის მიერ ნაჭედი ფოლადი გვეჭირა; სტუმართმოყვარეობა და ლხინი იყო? ქართული პურღვინო გვქონდა ბეღელსა და მარანში; ასაშენებელი იყო? სვეტიცხოველსა და ბაგრატს ვაშენებდით; სიმღერა და საგალობელი იყო? მრავალჟამიერსა ვმღეროდით; დასაწერი იყო? ვეფხისტყაოსანსა ვწერდით; მოსახატი და მოსავარაყებელი იყო? ყინწვისის მთავარანგელოზსა ვხატავდით და ხახულის კარედსა ვჭედავდით; სულიერი სიმაღლე და ძლევამოსილება იყო საჭირო? იერუსალიმის გასაღები გვებარა და დიდგორის სიმაღლეებზე ვიდექით ამაყად...
ჟამი და წამი არ გაგვიცდენია და ნიადაგ იმაზე ვფიქრობდით რა შეგვექმნა, ვისთვის რა სიკეთე გვექნა, ვის დავხმარებოდით ბრძოლასა და თავის გადარჩენში, სწორ გზაზე დაყენებაში. მას მერე კი...
იყო ბაზალეთი, კრწანისი, წიწამური, აფხაზეთი...
ჩამავალი მზესავით მინავლდა ჩვენი დიდება, ჩვენი რწმენა, ჩვენი ძლევამოსილება. დაიფერფლა, დანაცრდა, გაქრა.
რასაც ჩვენით ვერ მოვერიეთ იმის მოსასპობად სხვებს მოვუხმეთ, ისე როგორც ერთ დროს დასახმარებლად ვუხმობდით, თუმცაკი არსადა სჩანდნენ. ხოლო, როდესაც ჩვენსავე დასამხობად მოვიწვიეთ, მაშინვე გაივსო ქვეყანა მტრებით. მტრებით ჩვენი ქვეყანა დღესაც სავსეა და ისინი სხვადასხვა სტრუქტურებს ამოფარებულნი აკეთებენ თავიანთ ბნელ საქმებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყოველ დარგს მოსდებიან. ეს ხალხი აქ ჩვენი მოწვევით მოსულა და მათგან თავის დაღწევას სწორედ ჩვენივე ძალისხმევა ესაჭიროება, მაგრამ ჩვენი სენიც ხომ ეს არის? ოღონდ საკუთარ კეთილდღეობას თუნდაც ერთი მისხალი არ მოვაკლოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს გავწირავთ. შეგვინდე უფალო, რომ გავეცით და გავასხვისეთ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი, შენი დედულეთი... შეგვინდე. მოგვიტევე, რომ საზეპურო ერი ტურების სათრევად ვაქციეთ. ენა შევბღალეთ, რწმენა შევაგინეთ, მიწა გავასხვისეთ... მოგვიტევე ჩვენ, გზასა და მიზანს აცდენილებს.
რა პირით შევეყაროთ ჩვენს წინაპრებს?
რას ვეუბნებით დავითს, თამარს, ილიას?
რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს?
ამგვარი ყოფა სწორედაც, რომ ჩვენ თვითონვე დავიმსახურეთ და ტყუილუბრალოდ ვიშვერთ თითებს შადიმანებისკენ, ბერბიჭაშვილებისკენ, ორჯონიკიძეებისკენ, თათქარიძეებისკენ...
ნათქვამია, რამდენი რწმენაცა გაქვს იმდენივე მადლი გერგოსო. მაშინ ვაი ჩვენ ურწმუნოთა და უმადლოთა. ამ რწმენით ვაპირებთ იბერიის გაბრწყინებას?
მცხეთა 2008 წ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 06 ნოე 2008, 10:37

როდესაც ქვეყანაში გასაჭირია, ეს გასაჭირი აისახება ქვეყნის ყველა კუთხესა და კუნჭულზე, ყველა დარგზე თუ მცხოვრებზე. როგორც დედა ვერ იქნება კარგად, რაგინდ ბევრი შვილი ჰყავდეს, თუკი ერთ-ერთ მათგანს უჭირს, ისე ქვეყანას არა აქვს დალხინების უფლება, თუნდაც საუკეთესო და ნარჩევ-ნარჩევი მიზეზები მოეპოვებოდეს ამისათვის, თუკი თუნდაც მცირედი, თუნდაც ერთი მისხალი ქვეყნის კუთხისა თუ დარგისა გასაჭირშია.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობა დღეს მიწასთანაა გასწორებული. დაკარგული და დავიწყებულია ყველაფერი ის, რისი დაკარგვა და დავიწყებაც კი შეიძლებოდა. მევენახეობა-მეღვინეობის ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს, მთლიანად უგულებელყოფილია, რის სანაცვლოდაც ჩვენში ვრცელდება ძალად თავსმოხვეული და ამავდროულად ყოვლად მდარე და ღარიბი, ეგრეთწოდებული ევროპული ტექნოლოგიები თუ ვაზის ჯიშები. ადამიანი სწორედ რომ უვიცი უნდა იყოს, რომ საქართველოში, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, იქ, სადაც ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშები არსებობს, რომლებიც შეიძლება მსოფლიოს საგანძურად ჩაითვალოს, შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ჯიშები, რომლებმაც დიდი ვერაფერი სიტყვა თქვეს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში თავიანთი სიღარიბის გამო. ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა ქართველი ბრძენკაცის ნათქვამი:
“თურაშაულის პატრონი
ტყეში ეძებდა პანტასაო”.
საინტერესოა პირდაპირ, რა ჭკუამ უკარნახა ადამიანს კახეთში, მხარეში, რომელმაც საფერავი შვა, ეგრედწოთებული ვაქირულას გაშენება. ანდა შეიძლება გლეხკაცმა არც კი იცოდეს, თუ რა ჯიშის ყურძენი უდგას ვენახში?
შეიძლება კაცს მამაპაპეული ქვევრები უქმადა ჰქონდეს და თავად კი ღვინოს სპირტის კასრებში აყენებდეს?
შეიძლება, კაცმა ღვინო მარნის მაგივრად გარაჟში დააყენოს?
შეიძლება, კაცმა მსხმოიარე ვენახი გაჩეხოს_ ყურძენში ცოტას მიხდიანო?
შეიძლება, კაცმა ვენახში და ღვინოში მარტო შემოსავლის გარკვეული წყარო დაინახოს და სხვა არაფერი?
არ ვიცი, კიდევ რამდენი “შეიძლება” ჩამოვთვალო. შესაძლოა, ეს ყველაფერი სხვა რომელიმე ერისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და ამაში მან საგანგაშოც ვერაფერი დაინახოს, მაგრამ ჩვენ ხომ ის სხვა რომელიმე ერი არა ვართ, რომლისთვისაც ეს ყველაფერი “შეიძლება”?
ოდესღაც ქართული მეღვინეობა თავისი ღრმა შინაარსით მსოფლიო მეღვინეობის სათავეში იდგა. დღეს იგი ყველაზე ბოლოა და აღარც არავის აინტერესებს, როგორც ასეთი. მსოფლიო თურქულ ღვინოებსაც კი იცნობს, მაგრამ ქართულს კი აღარავინ ახსენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ჩვენ რაიმე სიმაღლისათვის მიგვიღწევია, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართველ კაცს თავისი წინაპრების ადათი არ დაუვიწყებია და მას მიჰყოლია. მას არ სჭირდებოდა იმ ვაიტექნოლგიების კალკირება, რომელთა თავს მოხვევასაც დღეს ასე აქტიურად ცდილობენ ამ საქმეში “კომპეტენტური” ადამიანები. სიტყვამ მოიტანა და კომპეტენციის თაობაზე ერთ გულისტკივილსაც გეტყვით და თავად განსაჯეთ: ადამიანს, რომელიც ყველაზე დიდი ქომაგი უნდა იყოს ქართული ვზისა, ჯერ კიდევ ვერ გაუგია, ვაზი ირგვება თუ ითესება. ხოლო ის, ვინც თავისი დღე ვაზსა და ღვინოს შეალია და ამ საქმის მამამთავრად ითვლება საქართველოში, პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ თურმე ამა თუ იმ ვაზის ჯიშისაგან მიღებული ღვინო სიმსივნეს იწვევსო. ამაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან თავში უკვე მოგახსენეთ რომ დასაკარგიც დაკარგულია და დასავიწყებელიც დავიწყებულია. მხოლოდ ორიოდ სიტყვას კი იმ სენზე მოგახსენებთ, რომელიც, როგორც ჩანს, კარგა საფუძვლიანად აპირებს ჩვენში ფეხის მოკიდებას ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ქართველივე “მოკეთეების” წყალობით. იმისათვის, რომ უკეთესად გადმოგცეთ, თუ რომელ სენზე გესაუბრებით, მოვიშველიებ დიდი ილიას სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ილიასეული სიტყვები დიდი ხნის წინაა დაწერილი, ეს თემა თუ საკითხი დღესაც საკმაოდ აქტუალურია. ვფიქრობ, ილიას ამ გულისტკივილს ნამდვილად ჩასწვდებით:
“... რაკი კაცი უცხო ქვეყნიდამ მოვიდოდა ჩვენში, სწავლულია თუ უსწავლელი, ჭკვიანი თუ სულელი,_ ამას აღარ დავდევდით და პირღია შევყურებდით, ჭკუის მასწავლებელი აბა ეს არისო. გარდა ამისა, საკმაო იყო კაცს ეთქვა, საზღვარგარეთ ესე არისო, რომ ჩვენც მიგვეღო განუსჯელად, აუწონლად, დაუფიქრებლად. იქურმა ხალხმა ეს ჩვენი პირღიობის ამბავი კარგად იცოდა და ამიტომაც ყველა ისინი, ვისაც თავის ქვეყანაში ვერა გაეკეთებინა-რა, ჩვენკენ გამორბოდა, თან ორიოდე მზად გაკეთებული და მოგონებული რეცეპტიც მოჰქონდა და მტვერს გვიყენებდა ხოლმე თვალწინ ჩვენ უმეცრებს და უცოდინრებს ცოდნისა და მეცნიერების სახელითა. საზღვარ-გარეთ ესეაო, თქვენც ისე უნდ მოიქცეთო და ჩვენც, სხვა გზა არა გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა და ვიჯერებდით კიდეც. ამას კიდევ არ გვაკმარებდნენ ხოლმე: რაც კი რამ ჩვენს სამშობლოში იყო, ყველას გვიქოლავდნენ, თქვენ რა იცით, ბრიყვები ხართო, აბა კარგი რა გექნებათო. ჩვენც ვიძახოდით: მართალი ბრძანებააო. რაკი სხვაგან ჩვენზედ გაცილებით დიდი ოსტატობა გამოიჩინა ბევრმა ბევრში, ჩვენც დავიჯერეთ, რომ, ბევრი ბევრში კი არა, ყველანი ყველაფერში ჩვენზედ უკეთესნი ოსტატები არიან. დავიჯერეთ და მერე როგორ? ჩვენი აღარაფერი ვიწამეთ, აღარაფერი ვიგულვეთ. ის-კი გონებიდამ გამოგვეპარა, რომ ჩვენც გვიცხოვრია, გვიმოქმედნია თავის საკვებავად, ჩვენშიაც ყოფილა ხელობა და ოსტატობა მიწათმოქმედებობისა, და თუ ჩვენი ნაცხოვარი, ნაკეთარი და ნამოქმედარი მეცნიერებამდე არ აგვიყვანია, ანგარიშში ჩასაგდები, გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი ხომ არის, როგორც ნაცადი დიდიხნისა, როგორც მრავალის წლის მოღვაწეობით შემოწმებული საქმე და საქმიანობა. ეს ჩვენი გამოცდილება გაგვიბათილა, გაგვიქარწყლა სახელმა და აბრუმ უცხო ქვეყნისამ, რომელმაც ყველაფერში ბრმად ჩაგვითრია, რადგანაც ბევრში სამართალი და საბუთი მიუძღოდათ, როგორც გაცილებით ჩვენზე წინ მავალთა და წარმატებულთ. ამ გარემოებას ერთი არავინ ჩაუფიქრდა და არა სთქვა: კაცო, იქნება ჩვენშიაც იყოს ერთი რამ კარგი, სხვისის სიტყვით ყველაფერს რატომ ესე ხელაღებით ვიწუნებთ!.. ეგ ჩვენი უმეცრების, უცოდინარობის ბრალია. თვით მსჯელობა შეგვიშინა უცხო ქვეყნების აბრუმა, გამბედაობა გამოაცალა. ამის გამო ჩვენი ვეღარა ვიკვლიეთ-რა, ვეღარა გამოვიძიეთ-რა. ან რასღა ვიკვლევდით, რომ ჩვენი აღარა გვჯეროდა-რა. ყოველ მხარეს ჩვენის ცხოვრებისას ამ გაუბედაობამ გონებისამ თავისი დამღა დაასვა და დღეს ჩვენში უცხოქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური ტყუილი მართალია, მერე როგორი ტყუილი? იქავ ტყუილად ცნობილი და აღიარებული. ამ ტყუილმა ისე არსად არ იჩინა თავი, როგორც ჩვენებურ ღვინის კეთების საქმეში. აქ არამც თუ უცხოქვეყნელები გზა-კვალს გვირევენ, თითონ ჩვენებიც კი, მათის სახელით და სიტყვით ბრმად გატაცებულნი და ფეხის ხმის ამყოლნი, იმათზე უარესად გვხვევენ მჩვარში...
...ნურავინ ნუ იფიქრებს, ვითომც ჩვენ ამით იმის თქმა გვინდოდეს, რომ ჩვენს კეთებას და დაყენებას ღვინისას არა აკლია-რა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ბევრი რამ აკლია, ამას თქმა არ უნდა. მხოლოდ იგი ნაკლი ჩვენის ღვინისა, რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნად უთვლიან ჩვენნი შინაურნი თუ გარეულნი ოსტატები, სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენის ღვინისა, და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზარისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის, თუ ძალადმაცხოვნე შინაურ ოსტატების ზედმოსევას და ქადაგებას ღვთისა და თქვენის წყალობით გადავურჩით”. ამას ამბობდა თავის დროზე ილია ჭავჭავაძე. ამაზე კარგად ერის სატკივარს ვერავინ და ვერასდროს ვერ გადმოსცემს. როგორც ჩანს, იმ დროშიც და ახლაც მავანნი საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ და ცდილობენ, ქართველ ერს თავისი წინაპრების ოფლითAდა სისხლით მოტანილი ადათ-წესების სანაცვლოდ თავს მოახვიონ ის უცხოური ტექნოლოგიები, რომლებიც თავად უცხოეთშივე დრომორჭმულად და უვარგისად ითვლება. პირადად არაერთხელ შევხვედრივარ და მისაუბრია იმ იტალიელ თუ გერმანელ ეგრეთ წოდებულ ღვინის მცოდნეებთან, რომლებიც ერთი ღვინის ქარხნიდან მეორეში დაწანწალებენ და ხალხს დაბეჯითებით არწმუნებენ, ეგ თქვენი ტრადიციული მეღვინეობა კაპიკად არ ვარგა და თავიდან მოიცილეთო. მინდა ამ მართლაცდა “ძალად მაცხოვნე ოტატების” გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენთვის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითრება და ფეხზე წამოყენება მდგომარეობს არა უცხოური ტექნოლოგიებისაკენ ყურებაში, არამედ ჩვენივე წინაპრების მიერ შექმნილი და დღემდე მოტანილი ტრადიციების დაბრუნებაში. მათსავე გასაგონად ერთსაც დავამატებ: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებზე და მის ავკარგიანობაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ქართველების საქმეა და თუკი ჩვენს უცხოელ მეგობრებს გადაუწყვეტიათ ჩვენი დახმარება, რაზედაც, რა თქმა უნდა, დიდი მადლობელი ვართ, სწორედ რომ ჩვენი ტრადიციების გათვალისწინება და პატივისცემა მოუწევთ. ამის გარდა, პირადად მე, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებ მათს ხანგრძლივ მოღვაწეობას საქართველოში, და ჩემს ხალხს შევახსენებ, რომ ამ უკანასკნელთ, გარდა ფულის კეთებისა, სხვა არაფერი გაუკეთებიათ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისათვის.
გ. ბარისაშვილი.
მცხეთა. 2007წ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by qvevri » 06 ნოე 2008, 10:39

....საჭიროა თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახის აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად შეილახა; სინამდვილეში მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვადახვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან, ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება. ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით. ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივიცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

ალბათ, ეს სიტყვები ყველა მამაკაცს ჩააფიქრებს. პრობლემა რომ არ არსებულიყო არც ამ სიტყვების დაწერის აუცილებლობა იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სენს საკმაოდ ღრმად გაუდგია ფესვები ქართველ ერში და, რაც მთავარია, ამ ყოფას ისე შევგუებივართ, რომ გვგონია, ეს ყველაფერი სწორედ ასეთი იყო ყოველთვისო. ქართულ სუფრას დღეს, გარდა უიშვიათესი გამონაკლისისა, შეცვლილი აქვს თავისი სახე და შინაარსი. დაკარგული და დავიწყებულია მისი დედააზრი. სახეცვლილია ასევე სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა თუ შინაარსობრივი მხარე, სუფრის ხანგრძლივობა, სუფრასთან შეკრების მიზეზი, თამადის ფუნქცია, ღვინის სმის წესი და კულტურა. მოკლედ- ყველაფერი ის, რასაც ძველად ქართული სუფრა წარმოადგენდა თავისი მდიდარი შინაარსით. აღარას ვამბობთ თავად იმ ფაქტზე, როდესაც მარხვის დროს თბილისისა თუ მცხეთის ეგრეთ წოდებული რესტორნები, რომელთაცAნამდვილ რესტორანთან არანაირი საერთო არა აქვთ, მთლიანად გადავსებულია თავისი ერთგული მრევლით, რომელსაც, სალოცავ ადგილად გაუხდია ამგვარი ხუხულა ვაირესტორან-საროსკიპოები. შეიძლება, ქვეყანა, ერთი მხრივ, უკიდურეს სულიერ გასაჭირში იმყოფებოდეს და მისი ყოფნა-არყოფნა წყდებოდეს და, მეორე მხრივ, ღრეობად ქცეული სუფრების საბაბი არ ილეოდეს და ყოველი დღე, მიუხედავად მარხვის დღეებისა, ღრიანცელით მთავრდებოდეს? ქართველი ერისათვის უმთავრეს საზრუნავად გადაქცეულა ის, თუ სად და როგორ იზეიმოს ბედობა, ვალენტინობა, 8 მარტი თუ ეგრეთწოდებული კათოლიკური შობა, მაშინ როდესაც ბევრმა საუფლო დღესასწაულმა შესაძლოა სრულიად შეუმჩნევლად ჩაიაროს და გარდა დედა ეკლესიისა და ჭეშმარიტი, თუმცაღა გათითოკაცებული მრევლისა არავის გაახსენდეს? შეიძლება, ერი იყოს “ვეფხისტყაოსნის” პატრონი და ამავდროულად აღნიშნავდეს ვინმე ვალენტინის დღეს, რომლის არც წარმომავლობა და არც ვინაობა არავინ იცის? შეიძლება, თამარის, ნინოს, ქეთევანისა და ბარბარეს მოსავებმა ხალხმა, როზა ლუქსემბურგისა და კლარა ცეტკინისადმი მიძღვნილი დღე- 8 მარტი აღნიშნოს? რაც სხვათა შორის ამ რამდენიმე წლის წინათ განაახლა ჩვენმა პარლამენტმა ქალბატონი პარლამენტარების ერთი “რჩეული” ნაწილის მოთხოვნით, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ პარლამენტარივე მამაკაცებისაგან ნარჩევ-ნარჩევი საჩუქრები მიეღოთ? შეიძლება ერი საშობაო მარხვის მიწურულს მაშინ, როდესაც მარხვის დასრულებას და შობის შემობრძანებას სულ რამდენიმე დღე აკლია, აღნიშნავდეს გაურკვეველი წარმოშობისა და დღემდე ყურით მოთრეულ ეგრეთ წოდებულ ბედობას? რაც ამ დღეს სუფრა იშლება და ღვინო ისმევა, რით ვეღარ მოაღწია იმ ნანატრმა ბედნიერმა დღემ ჩვენამდე და რით ვეღარ გვეღირსა ჩვენთვის ესოდენ სანატრელი ბედი თუ იღბალი? საკვირველია პირდაპირ! ქართული სუფრა, ქორწილი, ძეობა თუ სტუმრიანობა ყოველთვის იყო საქართველოში, თვით ძნელბედობის ჟამსაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტიანული მორალის ჩარჩობში იყო მოქცეული. სუფრა მაშინაც კი იშლებოდა, როდესაც საქართველო მტერთაგან იყო დაპყრობილი, მაგრამ ამაში, დღევანდელისაგან განსხვავებით, არაეთიკური და ამორალური არაფერი ყოფილა. პირიქით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ბევრი საქმე სწორედ ქართულ სუფრასთან გადაწყვეტილა. იმისი დრო ნამდვილად არ არის, რომ ამ პრობლების გამოსწორება და მოგვარება ჟამთა სვლას მივანდოთ. ვერც სხვა მოაგვარებს ამას ჩვენს მაგივრად, რადგან სხვა ჩვენზე უარეს დღეშია.მანამდე კი ვიზეიმოთ და ვიქეიფოთ ძვირფასო თანამმემამულენო, საამისოდ ხომ ასე მრავალი და ერთიმეორეზე უკეთესი მიზეზი გვაქვს ღვთის წყალობით?
მცხეთა 2007წ
Last edited by qvevri on 07 ნოე 2008, 12:41, edited 1 time in total.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ქვევრის გულიდან გადმოსული სიტყვები

Post by Druides » 06 ნოე 2008, 12:11

qvevri


esd kide ufro sashineli problemebis chamonatvalia vidre is tundac rom qveyanas ekonomikurad uchirs da "dzia sems" shevyurebt xelshi neta ras gadmovigdebso...........martla chavfiqrdi ra doneze yofila chveni sazogadoeba dabechavebuli.............
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]