ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 17 იან 2008, 15:38

როდესაც ქვეყანაში გასაჭირია, ეს გასაჭირი აისახება ქვეყნის ყველა კუთხესა და კუნჭულზე, ყველა დარგზე თუ მცხოვრებზე. როგორც დედა ვერ იქნება კარგად, რაგინდ ბევრი შვილი ჰყავდეს, თუკი ერთ-ერთ მათგანს უჭირს, ისე ქვეყანას არა აქვს დალხინების უფლება, თუნდაც საუკეთესო და ნარჩევ-ნარჩევი მიზეზები მოეპოვებოდეს ამისათვის, თუკი თუნდაც მცირედი, თუნდაც ერთი მისხალი ქვეყნის კუთხისა თუ დარგისა გასაჭირშია.
ქართული მევენახეობა-მეღვინეობა დღეს მიწასთანაა გასწორებული. დაკარგული და დავიწყებულია ყველაფერი ის, რისი დაკარგვა და დავიწყებაც კი შეიძლებოდა. მევენახეობა-მეღვინეობის ის ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს, მთლიანად უგულებელყოფილია, რის სანაცვლოდაც ჩვენში ვრცელდება ძალად თავსმოხვეული და ამავდროულად ყოვლად მდარე და ღარიბი, ეგრეთწოდებული ევროპული ტექნოლოგიები თუ ვაზის ჯიშები. ადამიანი სწორედ რომ უვიცი უნდა იყოს, რომ საქართველოში, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, იქ, სადაც ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშები არსებობს, რომლებიც შეიძლება მსოფლიოს საგანძურად ჩაითვალოს, შემოიტანოს და გაავრცელოს უცხოური ჯიშები, რომლებმაც დიდი ვერაფერი სიტყვა თქვეს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში თავიანთი სიღარიბის გამო. ეს ხომ სხვა არაფერია თუ არა ქართველი ბრძენკაცის ნათქვამი:
“თურაშაულის პატრონი
ტყეში ეძებდა პანტასაო”.
საინტერესოა პირდაპირ, რა ჭკუამ უკარნახა ადამიანს კახეთში, მხარეში, რომელმაც საფერავი შვა, ეგრედწოთებული ვაქირულას გაშენება. ანდა შეიძლება გლეხკაცმა არც კი იცოდეს, თუ რა ჯიშის ყურძენი უდგას ვენახში?
შეიძლება კაცს მამაპაპეული ქვევრები უქმადა ჰქონდეს და თავად კი ღვინოს სპირტის კასრებში აყენებდეს?
შეიძლება, კაცმა ღვინო მარნის მაგივრად გარაჟში დააყენოს?
შეიძლება, კაცმა მსხმოიარე ვენახი გაჩეხოს_ ყურძენში ცოტას მიხდიანო?
შეიძლება, კაცმა ვენახში და ღვინოში მარტო შემოსავლის გარკვეული წყარო დაინახოს და სხვა არაფერი?
არ ვიცი, კიდევ რამდენი “შეიძლება” ჩამოვთვალო. შესაძლოა, ეს ყველაფერი სხვა რომელიმე ერისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და ამაში მან საგანგაშოც ვერაფერი დაინახოს, მაგრამ ჩვენ ხომ ის სხვა რომელიმე ერი არა ვართ, რომლისთვისაც ეს ყველაფერი “შეიძლება”?
ოდესღაც ქართული მეღვინეობა თავისი ღრმა შინაარსით მსოფლიო მეღვინეობის სათავეში იდგა. დღეს იგი ყველაზე ბოლოა და აღარც არავის აინტერესებს, როგორც ასეთი. მსოფლიო თურქულ ღვინოებსაც კი იცნობს, მაგრამ ქართულს კი აღარავინ ახსენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ჩვენ რაიმე სიმაღლისათვის მიგვიღწევია, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართველ კაცს თავისი წინაპრების ადათი არ დაუვიწყებია და მას მიჰყოლია. მას არ სჭირდებოდა იმ ვაიტექნოლგიების კალკირება, რომელთა თავს მოხვევასაც დღეს ასე აქტიურად ცდილობენ ამ საქმეში “კომპეტენტური” ადამიანები. სიტყვამ მოიტანა და კომპეტენციის თაობაზე ერთ გულისტკივილსაც გეტყვით და თავად განსაჯეთ: ადამიანს, რომელიც ყველაზე დიდი ქომაგი უნდა იყოს ქართული ვზისა, ჯერ კიდევ ვერ გაუგია, ვაზი ირგვება თუ ითესება. ხოლო ის, ვინც თავისი დღე ვაზსა და ღვინოს შეალია და ამ საქმის მამამთავრად ითვლება საქართველოში, პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ თურმე ამა თუ იმ ვაზის ჯიშისაგან მიღებული ღვინო სიმსივნეს იწვევსო. ამაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან თავში უკვე მოგახსენეთ რომ დასაკარგიც დაკარგულია და დასავიწყებელიც დავიწყებულია. მხოლოდ ორიოდ სიტყვას კი იმ სენზე მოგახსენებთ, რომელიც, როგორც ჩანს, კარგა საფუძვლიანად აპირებს ჩვენში ფეხის მოკიდებას ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ქართველივე “მოკეთეების” წყალობით. იმისათვის, რომ უკეთესად გადმოგცეთ, თუ რომელ სენზე გესაუბრებით, მოვიშველიებ დიდი ილიას სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ილიასეული სიტყვები დიდი ხნის წინაა დაწერილი, ეს თემა თუ საკითხი დღესაც საკმაოდ აქტუალურია. ვფიქრობ, ილიას ამ გულისტკივილს ნამდვილად ჩასწვდებით:
“... რაკი კაცი უცხო ქვეყნიდამ მოვიდოდა ჩვენში, სწავლულია თუ უსწავლელი, ჭკვიანი თუ სულელი,_ ამას აღარ დავდევდით და პირღია შევყურებდით, ჭკუის მასწავლებელი აბა ეს არისო. გარდა ამისა, საკმაო იყო კაცს ეთქვა, საზღვარგარეთ ესე არისო, რომ ჩვენც მიგვეღო განუსჯელად, აუწონლად, დაუფიქრებლად. იქურმა ხალხმა ეს ჩვენი პირღიობის ამბავი კარგად იცოდა და ამიტომაც ყველა ისინი, ვისაც თავის ქვეყანაში ვერა გაეკეთებინა-რა, ჩვენკენ გამორბოდა, თან ორიოდე მზად გაკეთებული და მოგონებული რეცეპტიც მოჰქონდა და მტვერს გვიყენებდა ხოლმე თვალწინ ჩვენ უმეცრებს და უცოდინრებს ცოდნისა და მეცნიერების სახელითა. საზღვარ-გარეთ ესეაო, თქვენც ისე უნდ მოიქცეთო და ჩვენც, სხვა გზა არა გვქონდა, უნდა დაგვეჯერებინა და ვიჯერებდით კიდეც. ამას კიდევ არ გვაკმარებდნენ ხოლმე: რაც კი რამ ჩვენს სამშობლოში იყო, ყველას გვიქოლავდნენ, თქვენ რა იცით, ბრიყვები ხართო, აბა კარგი რა გექნებათო. ჩვენც ვიძახოდით: მართალი ბრძანებააო. რაკი სხვაგან ჩვენზედ გაცილებით დიდი ოსტატობა გამოიჩინა ბევრმა ბევრში, ჩვენც დავიჯერეთ, რომ, ბევრი ბევრში კი არა, ყველანი ყველაფერში ჩვენზედ უკეთესნი ოსტატები არიან. დავიჯერეთ და მერე როგორ? ჩვენი აღარაფერი ვიწამეთ, აღარაფერი ვიგულვეთ. ის-კი გონებიდამ გამოგვეპარა, რომ ჩვენც გვიცხოვრია, გვიმოქმედნია თავის საკვებავად, ჩვენშიაც ყოფილა ხელობა და ოსტატობა მიწათმოქმედებობისა, და თუ ჩვენი ნაცხოვარი, ნაკეთარი და ნამოქმედარი მეცნიერებამდე არ აგვიყვანია, ანგარიშში ჩასაგდები, გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი ხომ არის, როგორც ნაცადი დიდიხნისა, როგორც მრავალის წლის მოღვაწეობით შემოწმებული საქმე და საქმიანობა. ეს ჩვენი გამოცდილება გაგვიბათილა, გაგვიქარწყლა სახელმა და აბრუმ უცხო ქვეყნისამ, რომელმაც ყველაფერში ბრმად ჩაგვითრია, რადგანაც ბევრში სამართალი და საბუთი მიუძღოდათ, როგორც გაცილებით ჩვენზე წინ მავალთა და წარმატებულთ. ამ გარემოებას ერთი არავინ ჩაუფიქრდა და არა სთქვა: კაცო, იქნება ჩვენშიაც იყოს ერთი რამ კარგი, სხვისის სიტყვით ყველაფერს რატომ ესე ხელაღებით ვიწუნებთ!.. ეგ ჩვენი უმეცრების, უცოდინარობის ბრალია. თვით მსჯელობა შეგვიშინა უცხო ქვეყნების აბრუმა, გამბედაობა გამოაცალა. ამის გამო ჩვენი ვეღარა ვიკვლიეთ-რა, ვეღარა გამოვიძიეთ-რა. ან რასღა ვიკვლევდით, რომ ჩვენი აღარა გვჯეროდა-რა. ყოველ მხარეს ჩვენის ცხოვრებისას ამ გაუბედაობამ გონებისამ თავისი დამღა დაასვა და დღეს ჩვენში უცხოქვეყნელი სულელიც ჭკვიან კაცად გადის და იქაური ტყუილი მართალია, მერე როგორი ტყუილი? იქავ ტყუილად ცნობილი და აღიარებული. ამ ტყუილმა ისე არსად არ იჩინა თავი, როგორც ჩვენებურ ღვინის კეთების საქმეში. აქ არამც თუ უცხოქვეყნელები გზა-კვალს გვირევენ, თითონ ჩვენებიც კი, მათის სახელით და სიტყვით ბრმად გატაცებულნი და ფეხის ხმის ამყოლნი, იმათზე უარესად გვხვევენ მჩვარში...
...ნურავინ ნუ იფიქრებს, ვითომც ჩვენ ამით იმის თქმა გვინდოდეს, რომ ჩვენს კეთებას და დაყენებას ღვინისას არა აკლია-რა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ბევრი რამ აკლია, ამას თქმა არ უნდა. მხოლოდ იგი ნაკლი ჩვენის ღვინისა, რომელსაც ჩვენებურს ღვინოს წუნად უთვლიან ჩვენნი შინაურნი თუ გარეულნი ოსტატები, სწორედ იგი ნაკლი ღირსებაა ჩვენის ღვინისა, და თუ ჩვენი ღვინო ოდესმე გზას გაიხსნის საქვეყნო ბაზარისას, სწორედ ამ ღირსების წყალობით გაიხსნის, თუ ძალადმაცხოვნე შინაურ ოსტატების ზედმოსევას და ქადაგებას ღვთისა და თქვენის წყალობით გადავურჩით”. ამას ამბობდა თავის დროზე ილია ჭავჭავაძე. ამაზე კარგად ერის სატკივარს ვერავინ და ვერასდროს ვერ გადმოსცემს. როგორც ჩანს, იმ დროშიც და ახლაც მავანნი საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ და ცდილობენ, ქართველ ერს თავისი წინაპრების ოფლითAდა სისხლით მოტანილი ადათ-წესების სანაცვლოდ თავს მოახვიონ ის უცხოური ტექნოლოგიები, რომლებიც თავად უცხოეთშივე დრომორჭმულად და უვარგისად ითვლება. პირადად არაერთხელ შევხვედრივარ და მისაუბრია იმ იტალიელ თუ გერმანელ ეგრეთ წოდებულ ღვინის მცოდნეებთან, რომლებიც ერთი ღვინის ქარხნიდან მეორეში დაწანწალებენ და ხალხს დაბეჯითებით არწმუნებენ, ეგ თქვენი ტრადიციული მეღვინეობა კაპიკად არ ვარგა და თავიდან მოიცილეთო. მინდა ამ მართლაცდა “ძალად მაცხოვნე ოტატების” გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენთვის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითრება და ფეხზე წამოყენება მდგომარეობს არა უცხოური ტექნოლოგიებისაკენ ყურებაში, არამედ ჩვენივე წინაპრების მიერ შექმნილი და დღემდე მოტანილი ტრადიციების დაბრუნებაში. მათსავე გასაგონად ერთსაც დავამატებ: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებზე და მის ავკარგიანობაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ქართველების საქმეა და თუკი ჩვენს უცხოელ მეგობრებს გადაუწყვეტიათ ჩვენი დახმარება, რაზედაც, რა თქმა უნდა, დიდი მადლობელი ვართ, სწორედ რომ ჩვენი ტრადიციების გათვალისწინება და პატივისცემა მოუწევთ. ამის გარდა, პირადად მე, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებ მათს ხანგრძლივ მოღვაწეობას საქართველოში, და ჩემს ხალხს შევახსენებ, რომ ამ უკანასკნელთ, გარდა ფულის კეთებისა, სხვა არაფერი გაუკეთებიათ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისათვის.
გ. ბარისაშვილი.
მცხეთა. 2007წ.



ქვევრების სიკეთეზე...

ქვევრების ტიპებისა და წარმომავლობის შესახებ ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა და ამჯერად ამ თემას აღარ შევახებით, არამედ შევჩერდებით ქვევრის იმ სიკეთეზე რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ გამოუკვლევია და ვფოქრობთ, რომ ეს თემა ძალზე საინტერესოა. ამჯერად შევეხებით სამ ძირითად და ძალზე მნიშვნელოვან მომენტს, რომლებიც წარმოადგენენ: ტემპერატურულ რეჟიმს ქვევრში, ღვინის დადუღება-დავარგების პროცესსა და ღვინის ქვის გამოყოფის პროცესს. უნდა აღინიშნოას, რომ იმას რასაც ქარხნულ პირობებში სხვადასხვა ქიმიური დანამატები ესაჭიროება, იმისათვის რომ ღვინომ შეიძინოს სტაბილურობა, ეს ყოველივე ქვევრებში, თუკი რა თქმა უნდა ქვევრი წესების დაცვითაა დამზადებული ბუნებრივად მიმდინარეობს და არანაირ ქიმიურ დანამატს არ საჭიროებს. მოგეხსენებათ ალკოჰოლური დუღილი და მთელი დაღვინების პროცესი ურთულესი ქიმიური პროცესია. არანაირი ქიმიური ფორმულებით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ, მხოლოდ მოკლედ შევეხებით ზემოხსენებულ სამ ძირითად მომენტს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქვევრთან. პირველი და ძირითადი სიკეთე ქვევრისა არის ის, რომ მასში ღვინის შენახვის ტემპერატურა თითქმის უცვლელია და ზამთარსა და ზაფხულში ქვევრში ტემპერატურა სულ რამოდენიმე გრადუსით იცვლება, ყოველი შემთხვევისათვის ის ტემპერატურე რაც მიღებულია ღვინის შენახვისათვის ქვევრებში ბუნებრივადაა დაცული. ტემპერატურულ რეჟიმს არა მარტო ღვინის შენახვისათვის, არამედ დუღილის პროცესისათვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო კონკრეტულად, როგორც წესი ქვევრის გარეთა ზედაპირს კირით ლესავენ. ქვევრის კირით შელესილი კედლები, ბუნებრივია დუღილის დროს წარმოქმნილ გარემოსთან შედარებით მაღალ ტემპერატურას უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებს. როგორც ირკვევა, ქვევრის კედლები სწორდ იმდენ ხანს ინარჩუნებს სითბოს რა დროც მალოლაქტიკურ ანუ როგორც ამას ხშირად უწოდებენ მეორად დუღილს ესაჭიროება. აღნიშნული დუღილის პერიოდი დაახლოვებით ორი სამი კვირიდან თვე თვენახევრამდე გრძელდება შინაურ პირობებში. მალოლაქტიკური დუღილი განსაკუთრებით აქტუალური წითელ ღვინოებშია, თუმცა მას გარკვეული მნიშვნელობა თეთრ ღვინოებშიც ენიჭება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მაღალმჟავიანი ღვინოების შემთხვევაში, ამ დროს ღვინოში იკლებს ვაშლმჟავა და ღვინო იძენს გარკვეულ სიმრგვალეს და მასში აღარ იგრძნობა არასასიამოვნო თუ აგრესიული მჟავიანობა, ამავე პროცესს ემსახურება ღვინის ქვის გამოყოფის პროცესიც რომელზეც შემდგომში გვექნება საუბარი. მეორე და ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ქვევრის ღვინის დაყენებაში ეს არის ქვევრში ღვინის დადუღება-დავარგება. თუმცა ამ უკანასკნელის გარშემო არსებობს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა. ქვევრი როგორც უკვე აღინიშნა წარმოადგენს ძალზე დახვეწილ ჭურჭელს, რომელიც არის არა მარტო ღვინის კარგი შესანახი ჭურჭელი, არამედ იგი მონაწილეობს ასევე ღვინის ტექნოლოგიურ პროცესშიც, და მონაწილეობს იმაზე მეტად ვიდრე მუხის კასრი და ამრიგად დღემდე გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქვევრი აბსოლიტურად ნეიტრალური თუ ინერტული ჭურჭელია და იგი ღვინის ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილეობას არ იღებს უსაფუძვლოა. ქვევრის ის სასარგებლო თვისებები, რომლითაც იგი ღვინოზე დადებითად ზემოქმედებს ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ და სათანადოდ შესწავლილი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ხალხი ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს ქვევრსა და მის ფენომენს ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიაში. ქვევრში კახური ტიპის ღვინის დამზადებისას სწორედ რომ ქრონოლოგიორად მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რასაც მაგალითად ქარხნულ პირობებში რიგ შემთხვევაში ბევრი დანადგარი თუ აპრატურა ესაჭიროება. ქვევრს, როგორც უნიკალურ და დახვეწილ ჭურჭელს გააჩნია დუღილის ცენტრი ანუ, თუკი ცისტერნაში ალკოჰოლური დუღილი არათანაბრად იწყება და სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ქარხნულ პირობებში დუღილი საფუარის წმინდა კულტუით მიმდინარეობს, რომლის გამოყენების შემთხვევაში ღვინო, სადაურიც არ უნდა იყოს იგი, ქართული თუ ევროპული, აბსოლიტურად ერთნაირი ხასიათისაა და ემსგავსება “კოკა-კოლას” რომელსაც არანაირი აზრი არა აქვს სად დაამზადებ თუ ჩამოასხავ ქვევრის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამორიცხულია, რადგანაც როგორც უკვე აღინიშნა მასში დუღილის ცენტრისა და ტემპერატურული რეჟიმიდან გამომდინარე გამოირიცხება მასიურად წარმოებული საფუარების გამოყ
Last edited by qvevri on 25 აპრ 2008, 13:55, edited 1 time in total.

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by TuTa » 17 იან 2008, 17:03

qvevri

გიო აი თურმე რითი იყავი დაკავებული ბაკურიანში :) ჩვენ კიდევ დროდადრო ხელსაც კი გიშლიდით :oops:

ძალიან საინტერესო იყო, მადლობა

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by legenda » 17 იან 2008, 17:45

qvevri

ხვალ დავწერ პასუხს.... ისე სანამ წავიკითხავ უკვე მალადეც! :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 17 იან 2008, 17:46

legenda wrote:qvevri

ხვალ დავწერ პასუხს.... ისე სანამ წავიკითხავ უკვე მალადეც! :wink:
ამობეჭდე, სახში წაიღე და ხვალისთვის ჩამაბარე :P

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by legenda » 17 იან 2008, 17:50

qvevri

უკვე ამობეჭდილია უფროსო! მივდივარ და მიმაქვს :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 17 იან 2008, 18:39

იცით რა არის მეღვინის როლი ღვინის დაყენებაში :?:
მან უნდა შეარჩიოს ჭურჭელი, დრო და ადგილი. დანარჩენი :?: დანარჩენი თავისით მოხდება, რადგან ამაში ღმერთის ხელია ჩარეული. მეღვინის როლი არის არა ის, რომ მან მოიგონოს რაიმე ახალი, არამედ ის, რომ იგი დაეხმაროს ღვინოს იმაში, რომ მან თავისი თავი უკეთ გამოავლინოს. ახალი ღვინო ის ჯვალოს ნაჭერია, რომელიც აბრეშუმად უნდა გადაიქცეს. მაგრამ ამისათვის იმისი ცოდნაა საჭირო თუ რითი გაირჩევა ერთმანეთისაგან ჯვალო და აბრეშუმი. ღვინოს ძალიან უყვარს სიცივე, რადგან მასზე ეს ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ მას ყველაზე მეტად სითბო ესაჭიროება. ადამიანური სითბო, სულიერი სითბო. მასში ჩადებულია უდიდესი ძალა, რომელიც ადამიანმა სწორედ უნდა გამოიყენოს, მაშინ ღვინო თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. მაგრამ შესაძლოა მისი ბოროტად გამოყენებაც, როგორც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს. მაშინაც იტყვის ღვინო თავის სათქმელს, ღვინო თუ არა, ის უგუნური იტყვის, ვინც მას ბილწად შეეხება.
შენ ღვინოვ ჭაჭანაურო უცეცხლოდ ამოსდუღდები,
ჭკვიან კაცთანა ბრძენი ხარ, უჭკვოსთან წამოჰქუხდები.
ღვინო მართალი სითხეა, იგი სუნთქავს, სულიერია. მისი სიწმინდე კი დიდათაა დამოკიდებული მისი დამყენებლის სულის სიწმინდეზე. ანუ მართალი ღვინის დაყენებას მართალი ნამუსი ესაჭიროება და სხვა არაფერი. როგორც ცუდი კაცი ვერ დააყენებს კარგ ღვინოს, ისე კარგი კაცი არ დააყენებს ცუდ ღვინოს. მოეპყარით მას ისე, როგორც ღვთის ბოძებულს და გახსოვდეთ, რომ თუნდაც ერთი ჭიქა ღვინის დალევას დამსახურება უნდა.
გ. ბარისაშვილი 2007წ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by Gvalva » 17 იან 2008, 21:42

კაცების მესმის მარა, ამ ღვინოს ვერ გავუგე ვერაფერი :roll:

ღვინოს ძალიან უყვარს სიცივე, რადგან მასზე ეს ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ მას ყველაზე მეტად სითბო ესაჭიროება.

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by korti » 18 იან 2008, 00:53

exla mivxvdi ratom gqvia qvevri

zalian sainteresoa
Last edited by korti on 18 იან 2008, 10:04, edited 1 time in total.

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by korti » 18 იან 2008, 00:54

:D :D :D :D
Last edited by korti on 18 იან 2008, 10:04, edited 1 time in total.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by გვალდა » 18 იან 2008, 01:43

qvevri
გენიალურად წერ და ჭეშმარიტებას ღაღადებ. ერთი მინდა გკითხო, ეს ნაწერები ქვეყნდება სადმე? თუნდაც ინტერნეტში, კარავის გარდა?
სვანეთოლოგი

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by Archil » 18 იან 2008, 02:42

qvevri

ღვინოს მზეც უყვარს, ჯანს აძლევს და გამძლეობას, ოღონდ ეგაა, არ უნდა გაათბოს, არ უნდა გადააძმარებინო მზეს ღვინო.

ღვინო ქრისტეს სისხლია... დედამიწაზე დატოვებული, მაგიც არ დაგვიწყებიათ მგონია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by legenda » 18 იან 2008, 09:47

qvevri

უკემენტაროდ.....


მაგარია.....!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by qvevri » 18 იან 2008, 09:51

გვალდა wrote:qvevri
გენიალურად წერ და ჭეშმარიტებას ღაღადებ. ერთი მინდა გკითხო, ეს ნაწერები ქვეყნდება სადმე? თუნდაც ინტერნეტში, კარავის გარდა?
ქვეყნდება, თანაც რეგულარულას სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში: 24 საათი, ბიზნეს მენეჯერი, პალიტრა, ახალი ვერსია, საპატრიარქოს რადიო, ელკანას"ბიომეურნე"....


User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ცოტ-ცოტა ღვინოზე და ქვევრებზე...

Post by Linda » 20 იან 2008, 14:06

ოხო, ძალიან საინტერესო კი ჩანს მარა, კომპიუტერში წაკითხვააა....


qvevri

რომელ ჟურნალში დაიბეჭდა ეს სტატია?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]