გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by qvevri » 07 სექ 2007, 16:28

სწორედ რომ სენი უნდა ეწოდოს იმას, რაც ჩვენს დედაქალაქში ბევრმა ადამიანმა უკვე რამდენიმე წელია წესად შემოიღო. სენი კი მოგეხსენებათ გადამდებია და მოედო კიდევაც თითქმის მთელ თბილისს. რომელ სენზე გელაპარაკებით?
ამას წინათ კახეთში გახლდით სტუმრად, ერთ ჩემს უფროს მეგობართან. კარგი მეურნეა, კარგად მოვლი¬ლი ბაღ-ვენახიცა აქვს და კარგი ეზოკარიც. სახლის გვერდზე, ნეკერჩხლების სქელ ჩრდილში მამა, პაპეული მარანი უდგას, რომლის თავზეც სხვენი აქვს მოწყობილი. ეზოში ის-ის იყო შევედი, რომ ჩემმა მასპინძელმა, რომელიც სამოცდაათს მიტანებული ჭარმაგი კაცია, პირდაპირ მარანში შემიპატიჟა. შემოდგომის ერთი ლამაზი დღე იდგა. ნეკერჩხალს ფოთლები აქა იქ უკვე შესწითლებოდა. “აქა მშვიდობა” და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვე და მარანში შევედით. მე იქაურობას მოვავლე თვალი: უზარმაზარი ქვითკირის საწნახელი თავისი თაღარით, ვეებერთელა ჩასავალი ქვევრები თუ პატარა ქოცოები, თახჩა-ნიშებში შელაგებული ხელადები, ტოლჩები, გოზაურები, ხელჩაფები, მენახევრეები თუ ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ სიძველე. მარანს ოთხივე კედელში ქვის ჯვრები ჰქონდა დატანებული. ჩემი მასპინძელი ერთ ქოცოსთან მივიდა, პირჯვარი გამოისახა და თოხით აუჩქარებლად დაიწყო მისი მოხდა, მერე დაიჩოქა და ხელჩაფით ფრთხილად ამოიღო ღვინო. ცოტა ხნით ნაკლულ ქოცოს ჩააცქერდა, მე მომხედა და მეუბნება: ძმისწულო, შვილები მე არა მყავ და მშობლები მე აღარ დამრჩნენ, ეს არი, ე დალოცვილი, ჩემი მშობელიცა და ჩემი შვილიცაო. პატარძალს არ უნდა იმდენი ფერება და მოვ¬ლა, რამდენიც ქვევრსაო, და იმიტოა, ღვინოც ეგეთი კარგი რომ გამოდისო. ქოცოს სიპი დააფარა, ხელჩაფი მარნის კედელთან მდგარ კასრზე შემოდგა და ცოლს გასძახა: ქალო, სატანი რამ ჩამოგვიტა-ოოო. ორ წუთში მარანში შაოსანი საშუალო ტანის ქალი შემოვიდა; ხელში ხონჩა ეჭირა, რომელზეც ქოთნით ლობიო, რამდენიმე შოთი, მარილი, თუშური გუდაყველი, ახლად მოკრეფილი კიტრები და ხაშლამის მოზრდილი ნაჭრები ეწყო. ი სურათი რო გვიკიდია შინა, გოდრით რო ვაარო, ამი გადაღებულიაო,-უთხრა ცოლს, შარშან რთველში რო გვიშველა და მერე ალაზნი ლიფსიტასავით გაგვისხლტა, აბა ეხლაც წამივიდესო, ამბობდა ღიმილით ჩემს გასაგონად. აიმ გოზაურს რო უყურებ, პაპიჩემის მამის ნახელავიაო, იმ დღეი ერთი ვინმე უცხოელი გადამეკიდა, გინდა თუ არა მომყიდეო, კაი ფულ მოგცემო, გაგიგია, ჯოო? მე უთხარ, რომა, ჩემი წინაპრები სახელ არა ვყიდიმეთქი. მააშ. მოდი, ჩემო ძმისწულო, ამით ჩვენი წინაპრების განათლება იყოი იმ ქვეყნადაო, ღმერთმა ბრძანოი, რომა პირნათლები შევყროდით იმათ სულებსაო, თქვა და საფერავით სავსე, კარგად მოზრდილი ჯამფილა გამოსცალა. დაასხა და ახლა მე გადმომილოცა. ცოტა რო შევზარხოშდით, გარეთ გამომიყვანა და მეუბნება, აბა გახედე, ძმისწულო, აქაურობაი რამე შეედრებაო? და უკან მიმახედა, მე სუნთქვა შემეკრა, მოსაღამოვებულიყო, ალაზნის ველი ხელისგულზე იდო, ნეკერჩხლის შეწითლებული ფოთლებიდან მოჩანდა გასპეტაკებული კავკასიონი, ალაგ-ალაგ ღრუბლის ქულებში გახვეული, არაფერი სჯობდა იმ სილამაზის ყურებას. მეორე დილით ადრევე გამოვუდექი გზას. მასპინძელმა ორი კალათა გამოიტანა და მანქანასთან დამიწყო, ერთიდან კარგა მოზრდილ დოქს მოუჩანდა ყელი (ყველაზე მეტად ამან გამახარა). შარშან რო რთველში მიშველე, იმ ღვინისააო, შეგარგოსო. დანარჩენი? ესა ჩვენი ეზოი კაკალიო, ესა კიდენა შოთები თავი გუდითაო, ცოტა ჩვენი ბაღის კიტრი და ხილიო. ამ რთველზეც მესტუმრე შავი ციკანი უნდა დაგიკლაო ღიმილით მითხრა და გზა დამილოცა. წამოსვლისას მანქანის სარკეში შევამჩნიე რაღაცნაირი, ნაღვლიანი სახე ჰქონდა, თითქოს ცრემლიც კი შევნიშნე. მარნის თავზე, სხვენში, დიდი ხნის წინათ ატანილ და დამტვერილ აკვანს მოუჩანდა ცალი გვერდი, სწორედ მას უცქერდა ჩემი მასპინძელიც. დღემდე არ მავიწყდება ის დღე და იმ საფერავის სურნელი, რომელშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მწიფე მაყვლის, შავი ქლიავისა და ალუბლის გემო თუ სუნი, რომელიც ღვინოს საოცარ ხალისსა სძენდა. ისეთი რა საიდუმლო იცის იმ დალოცვილმა, რომ ესეთ ღვინოს აყენებსმეთქი, ვფიქრობდი. ეგეთი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, სცხონდებიან, აბა რა იქნება.
მესამე თუ მეოთხე დღეს, დილით ადრე, ჩემს კარგა ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი ბაზრობასთან, ყურძენს ყიდულობდა. მეღვინეს გაუმარჯოს, მეღვინესო! -დამიძახა შორიდანვე და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, მე ვუთხარი. მეცხრე სართულზე ყურძენი სად უნდა დაწურო-მეთქი, რა¬ტომ მეცხრეზე, მერვეზეო, ღიმილით შემისწორა; რო¬გორც მთელი თბილისი წურავს, მეც ისე ვიქცევიო. მე ვუთხარი, გამოგყვები და მაჩვენე შენი ჭურ-მარანი-მეთქი, ოღონდაც ოღონდაცო, შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე და მერე გამექეცი, განა დამავიწყდაო, მითხრა და წინ გამიძღვა თავისი ყურძნით დატვირთული “ჯიპით”. მივედით. მანქანები “გარაჟის” ფართოდ გაღებულ კარებთან მივაჩერეთ. აი, ეს არის ჩემი მარანიო, მითხრა ღიმილით. კი მაგრამ “გარაჟის” მარნობა ვინა თქვა და სად გაგონილა-მეთქი, ვუთხარი. კარგი ერთი, ნუ დაიწყეო, მაშ პირველყოფილი ველურები ხომ არა ვართ, ღვინო ქვევრებში დავაყენოთო. მე “მარანში” შევედი, “აქა მშვიდობა” და ხვავი და ბარაქა ვუსურვე და იქაურობას მოვავლე თვალი: მანქანის მოტორის ზეთიანი ნაწილები, ნახმარი საბურავების ჯარი, ბენზინის კანისტრები, მანქანის ზეთის სავსე თუ ცარიელი ბოთლები, სპირტის ლურჯი “ბოჭკები”, კარგახნის ლექშემხმარი მინის ბოცები და, ვინ იცის, კიდე რამდენი რამ. იცი რა ღვინოს ვაყენებთ ბიჭები აქაო? აიმ ლურჯ, პლასტმასის “ბოჭკებს” რო უყურებ, იცი, რა იოლი მოსახმარია? ორ წუთში გარეცხილიაო და ღვინოც იმიტო დგება მაგეებში ეგეთი კარგიო. ცოტა მაცალე, საქმეს მივხედო, და მერე გაგასინჯებო. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, ძალიან მეჩქარებამეთქი, მაშინ, კარგიო, და სადღაც გაიქცა... მე იქვე ჩამოვჯექი, უცებ “მარანში” ძაღლმა შემოიხედა, მისუნ-მოსუნა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ დავუძახე, მოვიდა, ყურებიცა და კუდიც შიგ ძირში ჰქონდა დაუნანებლად მისხეპილი. მე ხელი გავუწოდე და იმან ჩემდა გასაკვირად, ჩამომართვა თათი. მერე პლასტმასის ბოთლი გადავუგდე, რომელიც წამშივე უკან მომიტანა, ფეხებთან დამიგდო და თავი მუხლებზე ამისვ-ჩამისვა. ძალიან მომეწონა და ეტყობა, იმასაც მოვუვედი თვალში. ბალანიცა და თვალებიც ერთიანად თაფლისფერი ჰქონდა, მეც მივეფერე, სულ გადაირია და აღარ მომშორდა, მელაქუცებოდა და თვალებით რაღაცას მეუბნებოდა. ნეტავ რა ჰქვია-მეთქი, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემი მეგობარიც მოვიდა; თაფლუჭ, შენ აქ რა გინდაო, და ძაღლი გარეთ გააგდო, თვითონ ხელში თევზის კონსერვი, პური და, კიდევ არ ვიცი, რაღაცა ეჭირა. ყველაფერი ხის ყუთზე დააწყო და თაროდან პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები გადმოიღო, ნაკლულ ბოცას თავი მოხადა და ჩამოასხა. სადღეგრძელო ჩქარ-ჩქარა თქვა: ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოსო, და ღვინო გადაჰკრა, მერე დაბლა დაიხარა, ორი ცალი კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლი მოძებნა და იმავე ღვინით გაავსო. შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე, იმ ღვინისააო, მითხრა, და ბოთლები მანქანაში ჩამიყარა. მე ღვინოს დავსუნე და გაჭირვებით ცოტაოდენი მოვსვი... ის, რომ ღვინო უკვე კარგა ხნის დაძმა¬რებული იყო, ამაზე არც კი ღირს რამის თქმა. დანარჩენი? ღვინოში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბენზინის, პლასტმასის, ლაყე კვერცხისა და რაღაც თევზისმაგვარი “არომატები”. როგორიაო? მკითახა ჩემმა მეგობარმა. მე ვუთხარი: “მალადეც”-მეთქი. მერე ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე აუჩქარებლად დავუყევი დაღმართს. დღემდე არ მავიწყდება იმ ღვინის საშინელი გემო. მაგნაირი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, ისინი რამ უნდა აცხონოს? მოვდივარ და უცებ ერთი, ორი, სამი, ათი... მანქანა გავაჩერე და ცოტაოდენი ფეხით გამოვიარე, ვხედავ, ხალხს გაუღია “გარაჟის” კარები და მიდის გაჩაღებული ყურძნის წურვა და ფუსფუსი, დაუვსიათ სპირტის “ბოჭკები” დასადუღებელი ტკბილით და გაცხარებულები კამათობენ, ევროპული სჯობია თუ კახურიო? იმერული თუ ქართლისაო? ზოგან უკვე მიუბარებიათ შემოდგომა “მარნებისათვის” და იქვე “გარაჟებშივე” გაჩაღებულა ლხინი. წინაპრებისაო, ტრადიციებისაო, ვაზის ფესვებისაო, ქართული სუფრისაო, შესანდობარიო, სადიდებელიო... თანაც სულ ლექსებით ამკობენ ყველა სადღეგრძელოს. შემირცხვენია ქვევრებში გაცვლილი სპირტის “ბოჭკებიცა” და გამარნებული “გარაჟებიც”. კაცთან სტუმრად მიხვიდე მარანში და ყველაზე მეტად ძაღლი მოგეწონოს? არა, ძმაო, არც მაგნაირი მარნისა და ღვინისა მწამს და არც მაგნაირი სადღეგრძელო-შესანდობრისა. მასეთ, “სპირტისბოჭკებიან” გარაჟებს, თავისი ღვინითა და თავისი ფუჭი სადღე¬გრძელოებით, ერთ ფიალა ნამდვილ, ალალ ღვინოში გავცვლიდი და იმით კიდევ ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოს შევსვამდი.
Image :?:

User avatar
Rivium
ბოდიალა
Posts: 110
Joined: 07 აგვ 2007, 17:57
Location: Georgia
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Rivium » 07 სექ 2007, 17:17

ეს რა არის ტო? მოვყევი წავიკითხავ მეთქი და... უფ საღოლ შენ

ოოო მეც კაი ღვინოს ვაკეთებ :lol: :lol: დგება უკვე ყიდვის დროც...
www.CityGame.ge - CiTy GaMe CluB
Me & MyNOKIA

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by GOGONA » 07 სექ 2007, 17:22

qvevri
აუუუუ, ეს რა ჰქენი ჰაააა! :cry:
ისედაც თავი ფსევდო თუ სუბლი... ცხოვრებაში მგონია ქალაქური მარაზმების გადამკიდე და კიდევ ეგ მეჭირვებოდაააა?? :roll:

ეს რა ნოველა დაწერე ჰააააა?
ბარაქალა!!!! :P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by qvevri » 07 სექ 2007, 17:25

Rivium wrote:ეს რა არის ტო? მოვყევი წავიკითხავ მეთქი და... უფ საღოლ შენ

ოოო მეც კაი ღვინოს ვაკეთებ :lol: :lol: დგება უკვე ყიდვის დროც...
იმედია გარაჟში არ აპირებ ყურძნის დაწურვას :lol: :?: :?: :?:

User avatar
Rivium
ბოდიალა
Posts: 110
Joined: 07 აგვ 2007, 17:57
Location: Georgia
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Rivium » 07 სექ 2007, 17:39

რა მნიშვნელობა აქ სად დაწურავ...

მე მაგ სატონეში ვწურავ ხოლმე თუ გაგიგიათ სათონე...

ხოდა ერთხელ გაგასინჯებთ... :wink: :wink: :wink:
www.CityGame.ge - CiTy GaMe CluB
Me & MyNOKIA

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Archil » 07 სექ 2007, 19:16

qvevri

წავიკითხე, გულზე მომხვდა...

შენი გულისტკივილი გავიგე და მიგიხვდი რაიც გტკივა, ქვევრი ხარ და მით უმეტეს...

დედულეთი კახეთში მაქვს, ჩემმა ბიძაშვილებმა უარეს, უარეს ვენახს აქედან, მუშებს ქირაობდნენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, უფრო იაფი ყურძნის ყიდვა გამოდის, ვიდრე მისი აქედან მოვლაო. პაპისეული ვენახიც რაღაცა შესაწამლავმა სულ გაანადგურა და იმის მერე გულიც აუცრუვდათ, ყიდულობენ ყურძენს და სხვას აწურინებენ აქვე ....

ერთი პირობა ვიფიქრე, კახეთშივე ვიყიდი ყურძენს, პაპისეულ მარანში უზარმაზარ ქვევრებში (ადამიანი უნდა ჩავიდეს რომ გარეცხოს, იმხელებია)დავწურავ და საქორწილოდაც მექნება ღვინო შემონახული თქო და სახარჯოდაცო. თანაც ძველი ქვევრებია, ყურძნის ტკბილით საუკუნეების მანძილზე გაჟღენთილი და მათში მოყვანილ ღვინოს იმისთანა ჯანი აქვს, იმისთანა კაცურ-კახური გემო, რომ ორ ჭიქაში გებულობ რას სვავ და სალაზღანდარაოდ არ გაგიშვებს, წეს-ჩვეულებით დაგაწყებინებს სა-დღეგრძელ-ოების თქმას.

სურვილი ერთი იყო და განხორციელება მეორე. ყურძენს კი იყიდი, მაგრამ იმას მოვლა უნდაო. მართალნიც არიან. ჯერ მინიმუმ ერთი კვირა იქ უნდა იყო, რომ ყოველდღე ურიო, ყოველ კვირა კახეთში ირბინო, რომ გადასხმა, გადმოტანა და ეგეთები ქნა, სანამ ღვინო დაღვინდება და დაიწმინდება, იქ უნდა იყო. მაშინ სამსახური მქონდა და ასე ხშირად ვერ ვირბენდი, თანაც გაცილებით ძვირიც გამოდის მასე რომ გააკეთო, ასე რომ ისევ თბილისში დაწურვა გამოდის უფრო მოსახერხებელი და იაფიც. სხვას რომ ანდო ღვინო, მაგისათვის ხალხი აღარ ვარგა, ბოლომდე უკვე ვეღარავის ვეღარ ენდობი, ასეა და ვინც არ დამეთანხმება, ანდოს სხვას თავისი ღვინო და სვას მერე ყიპაჭო.

დღემდე არ დამიწურია არც აქ, ვერ მოვიხერხე, ვერ მოვაწყე, მით უმეტეს გარაჟიც არ მაქვს და... თუმცა სულ გული მწყდება, რომ ჩემი ღვინო არ მაქვს და ნათესავების მიერ სამადლოდ გამოგზავნილი ღვინოებით გამაქვს თავი....

პრობლემა მგონი სხვაა, ხალხს უბრალოდ აქ უფრო ადვილად გამოსდით ღვინის დაწურვა და მაგიტომაც იქცევა ასე. როგორც გამოსდით, ისე აკეთებენ. ერთი რამ ამაშიც სასიამოვნოა - ხალხი არ ივიწყებს ყურძნის დაწურვის ტრადიციას, როგორც მოუხერხდებათ, მე-8 სართულზე, გარაჟში თუ სარდაფში მაინც ცდილობენ ღვინო დააყენონ და მამა-პაპური წესი არ მოშალონ. მგონი ეს კარგია. რა თქმა უნდა, კახეთში, მარანში, მეღვინეობაში დაბერებული ბერიკაცის მიერ დაწურული, ჯვარ მოხატული თიხის ჯამით მოწოდებულ, შენს თვალწინ მოხდილი ქვევრიდან ამოღებული ღვინოს სულ სხვა გემო და ანდამატი აქვს, მაგრამ ეს შემთხვევა ალბათ როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო სიტუაციაა. როცა ყოველ შაბათს სოფელში წასვლის საშუალება გვექნება, და ი სოფელშიც შენახულს არავინ არ ახლებს ცუყდად ხელს, ალბათ მაშინ დავუბრუნდებით სოფლებში, მარნებში, ქვევრებში ყურძნის დაწურვას, მანამდე კი, სანამ იმაზე ვფიქრობთ, რომ გარაჟში დაწურული არ მოგვპარონ, არა მგონია ვინმემ ზნე შეიცვალოს და ისევ მარნებს დაუბრუნდეს.

ამდენი ალბათ გულისტკივილმა დამაწერინა, ხვალე მივდივარ კახეთში, იქ, სადაც ნეკრესის მადლს ილოცებიან და ვიცი, უზარმაზარი საწნახელისა და ქვევრების დანახვაზე ისევ ძველი ტკივილი გამახსენებს თავს. არადა რ უნდა ქნას კაცმა?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by GOGONA » 07 სექ 2007, 22:43

Rivium wrote:რა მნიშვნელობა აქ სად დაწურავ...

მე მაგ სატონეში ვწურავ ხოლმე თუ გაგიგიათ სათონე...

ხოდა ერთხელ გაგასინჯებთ... :wink: :wink: :wink:
რავი აბაა :roll:
მე ამ მონათხრობით მკვეთრი განსხვავება ვიგრძენი მარანსა და გარაჟს შორის :roll:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Toma » 07 სექ 2007, 23:11

Archil
მამაპაპური წესი ცოტა სხვა რამ არის და გარაჟში დაწურული ღვინო კი უკაცრავად და სალოთაოდ უნდათ და არა ადათისთვის, მაგან დაგვღუპა რომ ადათისგან იმას ვერ ვარჩევთ რაც ჩვენივე უზნეობისთვს ვაკეთებთ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Gvalva » 08 სექ 2007, 00:23

პრობლემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ არაკომპეტენტურობის გამო

"როგორიაო? მკითახა ჩემმა მეგობარმა. მე ვუთხარი: “მალადეც”-მეთქი." :)

სანამ პასუხს წავიკითხავდი ვფიქრობდი ნეტა რა უთხრა-მეთქი...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Archil » 08 სექ 2007, 02:28

Toma wrote:Archil
მამაპაპური წესი ცოტა სხვა რამ არის და გარაჟში დაწურული ღვინო კი უკაცრავად და სალოთაოდ უნდათ და არა ადათისთვის, მაგან დაგვღუპა რომ ადათისგან იმას ვერ ვარჩევთ რაც ჩვენივე უზნეობისთვს ვაკეთებთ.
სალოთაოდ ღვინო შეგიძლია მარანშიც დაამზადო, და გარაჟში დამზადებული ღვინო შეიძლება კეთილ საქმეს მოახმარო, ანუ იმას მნიშვნელობა არა აქვს სად აკეთებ, მთვარია რა გულით აკეთებ...

თუ მასე მივუდგებით, მაშინ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ ღვინის სმას რა ქვია და ლოთობას რა...

მამაჩემისგან თამადობის კურსები გავლილი მაქვს, თანაც კახელებმაც კაი პურის ჭამის მადლიც მასწავლეს, ასე რომ ლოთაობაც ვიცი რაა და ლხენაც.

ანუ ღრეობა მოლხენისგან განსხვავდება.... დიდად, არსით...

ხვალე კახეთი, დალოცვები... აბა თქვენ იცით....
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Rivium
ბოდიალა
Posts: 110
Joined: 07 აგვ 2007, 17:57
Location: Georgia
Contact:
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Rivium » 08 სექ 2007, 03:08

Archil

გეთანხმები რა მნიშვნელობა აქვს სად დაამზადებ ღვინოს? როდის დადგება მაჭარი სა ასე შემდეგ...

მთავარია გულის გაკეთებული საქმე,მონდომება და შრომა რო შენ გინდა რომ ეს ღვინო(პარტია) კარგი გამოგივიდეს. მე მაგ ასე ვარ :wink:
www.CityGame.ge - CiTy GaMe CluB
Me & MyNOKIA

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Toma » 08 სექ 2007, 11:40

Archil wrote:
Toma wrote:Archil
მამაპაპური წესი ცოტა სხვა რამ არის და გარაჟში დაწურული ღვინო კი უკაცრავად და სალოთაოდ უნდათ და არა ადათისთვის, მაგან დაგვღუპა რომ ადათისგან იმას ვერ ვარჩევთ რაც ჩვენივე უზნეობისთვს ვაკეთებთ.
სალოთაოდ ღვინო შეგიძლია მარანშიც დაამზადო, და გარაჟში დამზადებული ღვინო შეიძლება კეთილ საქმეს მოახმარო, ანუ იმას მნიშვნელობა არა აქვს სად აკეთებ, მთვარია რა გულით აკეთებ...

თუ მასე მივუდგებით, მაშინ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ ღვინის სმას რა ქვია და ლოთობას რა...

მამაჩემისგან თამადობის კურსები გავლილი მაქვს, თანაც კახელებმაც კაი პურის ჭამის მადლიც მასწავლეს, ასე რომ ლოთაობაც ვიცი რაა და ლხენაც.

ანუ ღრეობა მოლხენისგან განსხვავდება.... დიდად, არსით...

ხვალე კახეთი, დალოცვები... აბა თქვენ იცით....
არჩილ როცა ადამიანს ოპერაციას არა საოპერაციოში უკეთებენ არამედ ბოსელში შედეგიც შესაბამიასია, თუ ნამდვილი ღვინის გემო იცი გარაჟში დაწურურსა და მარანში დაწურულის გემოს გაარჩევ

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Bocho » 08 სექ 2007, 15:49

სხვაობა არის, რა თქმა უნდა...
არჩილი რასაც ამბობს , მაგასაც მივხვდი. ასეც ხდება ხოლმე.
ისე ვინ შასაქმნელად მარანი რომ გარაჟს ჯობია, არ უნდა საკამათო.
სამაგიეროდ, მარანში მანქანას ვე შეაყენებ, ბენზინის კანისტრებს, ატფ-ისა და ანტიფრიზის ბალონებს ვერ დადებ. ვოტ
:P :lol: :D
Анархия Мать Порядка

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by Mao » 08 სექ 2007, 16:25

qvevri
xmas vegat vigeb........
dzalian magaria!

:cry:
together on the top!!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
გარაჟის მეღვინეები და სპირტის "ბოჭკების "საიდუმლო

Post by tama » 08 სექ 2007, 16:56

გარაჟში ღვინის დაყენება გამოწვეულია 2 მიზეზით(ჩემი აზრით).

1)ნატურალური ღვინის დეფიციტით.

2)ნატურალური ღვინის დიდი ფასით.

ამ პირობებში სრულიად დასაშვებათ მიმაჩნია გარაჟში ღვინის დაყენება.
მე რამდენიმე წელია მშვენიერ ღვინოს ვაყენებ გარაჟში, რომელსაც იმედია
მალე გაგასინჯებთ. რა ჯობია საკუთარი ხელით დაყენებული ღვინის დალევას :?:

p s თუმცა qvevris ტკივილი ძალიან კარგად მესმის :D :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]