Page 74 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 ივლ 2010, 14:36
by ARCHILI
LEVANIKO

გიგრძვნია...






:!:






ბებიაშენმა თუ იცის, ლექსებს რომ წერ?

;)

(მხ.ფ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)


:)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 ივლ 2010, 16:32
by LEVANIKO
ARCHILI
ეგ იყო ბოლო და უკანასკნელი ლექსებზე ტვინის ჩყლეტვას არვაპირებ ;)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 07 სექ 2010, 11:04
by ln_ln
სექტემბერი

ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა,
ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!

ო. ჭილაძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2010, 13:37
by Bivrili
სურვილების ყულაბა

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად -თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 ოქტ 2010, 14:27
by ln_ln
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

ო.ჭილაძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 ოქტ 2010, 15:19
by mariamooo
meleksa wrote:ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!
გაზაფხული მომინდა. . . ვისი ლექსია? :roll:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 ოქტ 2010, 15:26
by ln_ln
mariamooo
ხო ნამდვილად მოგინდება გაზაფხული,
ავტორი კი გიორგი ზანგურია



გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართAნ.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები დილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები ,რაც იყო გუშინ?
ტკივილი ,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...

გ.ზანგური

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 ოქტ 2010, 14:23
by ln_ln
სიყვარულით

ქაფქაფა ფინჯანია ფანჯარა და ფერების ჩეფირს
მივყვები ,სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს.
ცოტაც და აღარ ხარ, ცოტაცც და მაგიდაზე რჩები,
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ, მაგრამ


წასვლა რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან მშობლიურზე უცხოდ.


არავინ გჭირისუფლობს ,ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფრსკულების აფრენის სწორფერი და ღირსი,
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი.



რ.გეთიაშვილი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 30 ოქტ 2010, 14:26
by ln_ln
ლი

შეღამებაა. მაშინდელი. წიფლნარია.
ლი. მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.
გაღიმებაა. ქუჩა-ქუჩა. მიფლანგული.
ურნებიცაა. მავთულები. ამბები.

სისულელეა. ან რა სევდა. ან რა ჟინი.
ლი. დაბრუნებაა. გაქცევაა. ამბოხი.
შენი კანია დაქცეული არაჟანი.
შენი მზერაა გატეხილი ზამბახი.

ღამეებია. სათითაოდ. გასავლელი.
ლი. არაფერია. არაფერი. არავინ.
ოდნავ სიცივე. აქცენტია დასავლური.
ნაბიჯებია. თვლაა გადასარევი.

აფიორაა. სურვილები. სარეველა.
ლი. დედამიწაა. წარსულია. ამბოხი.
უცნაურია. სიტყვებია. ცარიელი.
მონატრებაა. ქარიაო. ამბობენ.

რ.გეთიაშვილი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 ნოე 2010, 22:20
by გვალდა
მომეწონა!


მეთხვარ ცვადიგ (1)

მამბერს (2) მგლები აუშვია,
მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
დალაშლახვრას (3) დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.

მგლებისკერძად ქორფა შუნი (4) გავიმეტე,
ლალცხატისას (5) გზებს გაგიხსნი ჩემსკენ სავალს,
ნადირობა დაივიწყე იღბლიანო,
სიყვარულით მოეახლე დალის სამანს...


წარაფს თუკი დაეკიდე ნისლთცვენაში,
გულით მიხმე, ჯანღს გაფანტავს ჩემი კაბა...
კლდისკენ რქები მოიღერა იერსკენმა (6)ლოდები რომ საფეხურად შეეკაფა.

ღამით კლდისპირს დაგიდგები ადიუხად,(7)
ოქროს თმებით და ხელებით ავინთები,
უხვაანში ( 8 ) შენთვის გზაა შინისაკენ,
მეთხვარ, ლოცვით გამთბარია ჩემი მთები.

მეთხვარ ცვადიგ, სანამ ფეხი შემოგიდგამს,
ნარქენალზე დაგრჩენია სანამ კვალი,
დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ,(9)
სიყვარულის ტკივილისგან კვდება დალი.

მეთხვარ ცვადიგ, აუშვია მამბერს მგლები,
ცისფერთვალა, ეჭვიანობს მგლების მამა,
მეთხვარ შენ ვერ შეგაშინებს მისი ღრენა,
უმყალვალო(10) დალიმ გულით შეგიყვარა.

მამბერს მგლები აუშვია, მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
დალაშლახვრას დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.


1მეთხვარ ცვადიგ _ მონადირე შეჩერდი (სვან.)

2 მამბერი – მგლების მბრძნებელი (სვან.)

3 დალაშლახვრა – დალების სამყოფელი (სვან.)

4 შუნი – დედალი ჯიხვი

5 ლალცხატი – საღვთო ადგილი (სვან.)

6 იერსკენი – დალის საბედიწერო შუნი, რომლითაც მონადირეებს ჭიუხებში სასიკვდილოდ იტყუებს

7 ადიუხა – მითიური მანათობელხელებიანი ქალი, რომელიც ქმარს გზას უნათებს

8 უხვაანი - დალის საბრძანებელია, მონადირისთვის მანამდე უნახავი ადგილი

9 დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ - დალის გული სუსტია ყვავილივით, დალის გული სუსტია…(სვან.)

10 უმყალვალო – უშიშარი (სვან.)

ეკატერინე ლომიძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 ნოე 2010, 22:55
by ნიმფა
გვალდა


ვაიმეეეე, მეც ძალიან მომეწონა !!!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 14 ნოე 2010, 23:16
by ნიმფა
ვინაა ეკატერინე ლომიძე?


კიდევ ბერვი სხვა კარგი ლექსი ექნება დაწერილი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 29 ნოე 2010, 12:14
by Monadire
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 29 ნოე 2010, 13:06
by აცაბაცა
აქ საკუთარ ლექსებს სწერთ თუ სხვისას????

ავტორები მიაწერეთ ხოლმე???

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 დეკ 2010, 00:17
by lomikata
ნიმფა wrote:ვინაა ეკატერინე ლომიძე?


კიდევ ბერვი სხვა კარგი ლექსი ექნება დაწერილი.
ეკატერინე ლომიძე ეს მე ვარ:) და აჰა შენ ლექსი ამავე სათაურით::))

ეს მე ვარ...



ახლა ვერავინ დამიოკებს განცდებს ქაოტურს,

ქარი ვარ თვითონ,

ქარიშხალი მძიმე და ცივი,

არ შემიძლია სხვას გავანდო ეს ხვედრი მძიმე

ანდა ცოდვებში თვით ეშმაკსაც დავწამო ცილი.

ეს მე ვარ,

ღმერთსაც რომ ატარებს სხეულით მუდამ

და იქვე ცოდვის უზარმაზარს ვაჩაღებ კოცონს,

ეს მე ვარ,

კარგის მითვისება რომ მიყვარს მუდამ

და ეშაკისთვის დაბრალება ცოდვის რომ მომწონს.

ეს მე ვარ ქალიც,

კაციც,

ღმერთიც და ანგელოზიც,

დაცემულიც და ზეციურიც თვითონ ვარ,

გესმით?

ეს მე ვარ,

როცა გეფერებით თვალებით,

ხმებით,

მაშინაც მე ვარ,

როცა მახრჩობს ბოღმა და გესლი.

ახლაც ეს მე ვარ,

დაკოდილი გულიდან ვმღერი,

სიცოცხლის სონეტს ,

სიყვარულით დაწერილს ოდეს,

ერთი ოცნება შემომიჩნდა ბოლო ხანს მღერით,

ზღვა საკუთარი და მის პირას ქოხი რომ მქონდეს...

დანელებული ქარიშხალი, სველი ფიქრებით,

ეს მე ვარ,

ზოგჯერ გახელება გიჟივით ვიცი,

რამდენჯერ ყულფით შევწყვეტავდი ყოფას უფერულს,

რომ არ დამედო სიყვარულთან სიცოცხლის ფიცი.

ეს მე ვარ ქარიც, ზოგჯერ სუსტი, ზოგჯერ სასტიკი...

ნ----------------------------------------
და აჰა ესეც, რომელიც მიყვარს:)

წერილი ქმარს


ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს,



სავსე ვარ გრძნობით ჯერ განუცდელით



და როგორც ირემს გაშლილი რქები,



ისე ამაყად დამაქვს მუცელი.





სხეული ორი სულით მაქვს სავსე,



მერე რა, თუკი დავმძიმდი კიდეც



და უფრო რთული დასაკრავია



კლავიშაშლილი ხის ძველი კიბეც.





ჩემს მკერდქვეშ ორი გულის ხმა ისმის,



ჩემია ერთი, ჩვენი მეორე



და როცა კიბის კლავიშებს ვითვლი,



ნოტების ნაცვლად სულ ვიმეორებ:





ერთს პლიუს ერთი ტოლია სამის,



ოთხის, ექვსის და ხანდახან ათის,



ტყუილად ფიქრობ, რომ შემეშალა



ანდა უნარი აღარ მაქვს დათვლის.





იცი, კიბეზე ხშირად ვჩერდები.



იმ გულთან ერთად ვუსმენ ცის ჰანგებს,



მე ველოდები მის დაბადებას



და იმ წამს, როცა დედას მიაგნებს.





დედას ჩემს მკერდზე,



ლოდინით სავსე



ძუძუსთავებზე რძით აცრემლებულს,



ტკბილად შემომხვევს პაწია თათებს,



ჩემეულ თითთა უნაზეს კრებულს.





მე ველოდები მის გაღვიძებას,



მის სიზმრებს ვუსმენ და ზოგჯერ ვდარდობ,



ვაითუ წამით ჩამთვლიმოს ფიქრში,



ვაითუ სიზმრად დამირჩეს მარტოდ...







და როცა მისი პაწია ფეხი,



მომებჯინება მუცლის ქვეშ ანცად,



ასე მგონია ამაზე ტკბილი



აღარ არსებობს ამქვეყნად განცდა.





თბილ ხელისგულებს ვაფარებ ტერფზე,



ზოგჯერ ფაჩუჩებს ვაზომებ ფრთხილად,



ძლიერ მინდება ჩავიკრა გულში,



შემეძლოს მისი თვალების ხილვა.





ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს,



ორ სულს ვატარებ, დავმძიმდი კიდეც,



მერე რა,



როცა შენ მყავხარ გვერდით,



ვეღარ მაშინებს ხის ძველი კიბეც.