საინტერესო სტატცნობები საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებზე:
საქართველო და ხორვატია – ვინ ვინ არის...
14.03.2011 10:32
14 მატჩია, ხორვატიის ნაკრებმა წაგება არ იცისევროპაში სულ 12 ქვეყანაა, რომლებსაც საქართველო ეროვნული ნაკრებების დონეზე არ შეხვედრია – არც შესარჩევში, არც ამხანაგურში. მათ შორისაა ხორვატიაც. 26 მარტს, თბილისის “ეროვნულზე” ისეთი მატჩია, რომელსაც მთელი საქართველო (და ცხადია, ხორვატიაც) მოუთმენლად ელის. ევროშესარჩევში 6-ქულიანი “ჯვაროსნები”, ჯგუფის 10-ქულიან ლიდერს უმასპინძლებენ და გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს - ვინ არის საქართველო და ვინ - ხორვატია.
“მსოფლიო სპორტს” ერთი კი აქამდეც ეწერა - 2010 წელს, ევროპული ნაკრებებიდან მხოლოდ საქართველო და ხორვატია იყვნენ, რომლებსაც ერთი მატჩიც კი არ წაუგიათ.
საქართველო ბოლოს 2009 წლის 15 ოქტომბერს დამარცხდა - ბულგარეთთან 2:6, ხოლო ბალკანელებმა იმავე წლის 9 სექტემბერს ინგლისში 1:5 წააგეს. მას შემდეგ “ჯვაროსნებმა” 9 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (4 მოგება, 5 ფრე), ხორვატებმა კი 14 (11 მოგება, 3 ფრე). “ვატრენის” (ხორვატთა მეტსახელი) სტატისტიკა მართლაც რომ შთამბეჭდავია.
უფრო ვრცლად, შესარჩევების საინტერესო ფაქტებიდან: ორივე ქვეყანამ პირველად 1996 წლის შესარჩევში მიიღო მონაწილეობა და 8 შესარჩევი ციკლი გაიარა.
საქართველო: 1996-ის შესარჩევი – მე-3 ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-4 (5 გუნდში), 2000 – მე-6 (6 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში), 2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-6 (7 გუნდში), 2008 – მე-6 (7 გუნდში), 2010 – მე-6 (6 გუნდში).
საშუალოდ: 4,8-ე ადგილი.
ხორვატია: 1996-ის შესარჩევი – პირველი ადგილი (6 გუნდში), 1998 – მე-2 (5 გუნდში), 2000 – მე-3 (6 გუნდში), 2002 – პირველი (5 გუნდში), 2004 – მე-2 (5 გუნდში), 2006 – პირველი (6 გუნდში), 2008 – პირველი (6 გუნდში), 2010 – მე-3 (6 გუნდში).
საშუალოდ: 1,75-ე ადგილი.
როგორც ხედავთ, ხორვატები მე-3 ადგილს ქვემოთ არასოდეს ჩასულან და ასეთი შედეგიც სულ ორჯერ ჰქონდათ. განვლილი 8 შესარჩევიდან, მხოლოდ ორჯერ გამოტოვეს ფინალური ეტაპი (ევრო-2000 და მუნდიალ-2010). და კიდევ, “ვატრენი” ორჯერ მოხვდა ფლეი ოფში და ორჯერვე სძლია მეტოქეს –მუნდიალ-1998-ზე გასასვლელად უკრაინა (2:0, 1:1) დაამარცხა, ხოლო ევრო-2004-ზე მოსახვედრად სლოვენიას (1:1, 1:0) აჯობა.
ანუ, ბალკანელებს სამ-სამჯერ უთამაშიათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე. საუკეთესო შედეგი კი (რა შეხსენება გინდათ), 1998 წელს აჩვენეს, როცა მე-3 ადგილს უწიეს.
დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ პროსინეჩკი, ალან ბოქშიჩი, ალიოშა ასანოვიჩი, რობერტ იარნი, თავად ხორვატთა ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, სლავენ ბილიჩი - ასეთი ვარსკვლავებით სავსე გუნდი ჰყავდა ნაკრების მაშინდელ მწვრთნელ მიროსლავ ბლაჟევიჩს.
საინტერესოა, მთლიანობაში, ყველა შესარჩევ ეტაპზე ერთად აღებული, როგორი შედეგი აქვთ საქართველოსა და ხორვატიას.
საქართველო:
სულ: 82 მატჩი, 20 მოგება, 16 ფრე, 46 წაგება, ბურთები 90:131, ქულა 76.
შინ: 41 მატჩი, 14 ნოგება, 12 ფრე, 15 წაგება, ბურთები 49:48, ქულა 54.
სტუმრად: 41 მატჩი, 6 მოგება, 4 ფრე, 31 წაგება, ბურთები 41:83, ქულა 22.
ხორვატია:
სულ: 84 მატჩი, 52 მოგება, 23 ფრე, 9 წაგება, ბურთები 161:63, ქულა 179.
შინ: 42 მატჩი, 28 მოგება, 13 ფრე, 1 წაგება, ბურთები 92:25, ქულა 97.
სტუმრად: 42 მატჩი, 24 მოგება, 10 ფრე, 8 წაგება, ბურთები 69:38, ქულა 82.
ერთადერთხელ წაუგია ხორვატიას შინ, შესარჩევის მატჩი და ეს მოხდა 2008 წლის შემოდგომაზე – ინგლისთან 1:4 განადგურდა. ბალკანელებმა გასვლაზე ჩატარებული მატჩებიდან, თითქმის ნახევარი (19 შეხვედრა) გოლგაუშვებლად ჩაამთავრეს და მხოლოდ 9 შემთხვევა იყო, როცა სტუმრად გოლი ვერ შეაგდეს. თუმცა, აქედან ექვსჯერ 0:0 დაფიქსირდა.
ხორვატებს სტუმრად ექვსჯერ მოუგიათ დიდი ანგარიშით და მხოლოდ ერთხელ წააგეს – 1:5 უკვე ნახსენებ ინგლისთან.
საქართველოს ნაკრებს შინ დიდი ანგარიშით ორჯერ მოუგია (უელსთან 5:0 და პოლონეთთან 3:0) და 4-ჯერ წაუგია. “ჯვაროსნებმა” საკუთარ მოედანზე 15 მატჩი ჩაატარეს გოლგაუშვებლად და 12 გოლგაუტანლად.
საქართველოს ბოლო 10 საშინაო მატჩი შესარჩევში: 2 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება, ბურთები 6:8.
ხორვატიის ბოლო 10 გასვლითი მატჩი შესარჩევში: 7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბურთები 22:12.
უშუალოდ მარტის თვეში რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს, ახალი არავისთვისაა – 8 შესარჩევი მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს, დანარჩენი კი წააგეს. მარტში ხორვატებსაც 8 შეხვედრა ჰქონიათ: 6 მოგება და 2 ფრე.
26 მარტიც ვერაა ქართველებისთვის იღბლიანი დღე - 2005 წელს, საბერძნეთთან 1:3 მარცხი, ალენ ჟირესის მწვრთნელობის პერიოდში. ხორვატებსაც ერთხელ უთამაშიათ გაზაფხულის პირველი თვის 26 რიცხვში და ისლანდიას 4:0 სძლიეს. ესეც 2005 წელს იყო.
ამ ყველა მონაცემის შემხედვარე, ხორვატია საქართველოსთან შედარებით ტოპ-კლასია და მე-2 ეშელონის გრანდებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია, თუმცა, სტატისტიკა ძალიან გულშემაღონებელი რომ არ იყოს, ისიც ვთქვათ, რომ ბალკანელებს სხვადასხვა დროს წაუგიათ სტუმრად მაკედონიასთან (0:2), ფრედ უთამაშიათ მალტასთან (1:1) და შინ ვერ მოუგიათ ესტონეთისთვის (0:0).
ერთიც, ხორვატებს გველის ნაკბენივით ახსოვთ თემურ ქეცბაიას ერთი დარტყმა - 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ნიუკასლმა” შინ 2:1 სძლია ზაგრების “კროაციას” (ახლანდელი “დინამო”), სტუმრად, ძირითად დროში 1:2 დამარცხდა და 120-ე წუთზე, ქეცბაიამ მკვლელი გოლი (ვიდეო) გაიტანა, რითაც “ნიუკასლი” ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, “კროაცია” კი...
ილია ნანობაშვილი
წყარო:
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=17682&lang=1