ცნობები შემოქმედის (გურიის) ეპარქიაზე:
შემოქმედის ეპარქია - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსო. მოიცავს გურიის მხარეს.
არის ვარაუდი, რომ პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი XV საუკუნის მეორე მეოთხედში მოღვაწეობდა, მაგრამ მისი ვინაობა ცნობილი არ არის. პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI_XVII საუკუნეებში მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე (1635 წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე. შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. მიტროპოლიტი იაკობი, შემოქმედის ეპისკოპოსის ტახტზე მალაქია გურიელმა შეცვალა, რომელიც ეპარქიას 1684 წლამდე უძღვებოდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს მალაქია II გურიელი ისევ დაუბრუნდა შემოქმედის ეპარქიას, ამავე დროს, მან გურიის სამთავრო ტახტიც დაიკავა, მაგრამ, მამია გურიელთან წარმოშობილი წინააღმდეგობის შემდეგ, მან ორთავე ტახტი დათმო. მამია III გურიელმა, შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1689-1719). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე 1713 წლამდე ბრძანდებოდა. 1713-1776 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო, რომლის შემდეგ, 1777 წლიდან მიტროპოლიტად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს. იგი შემოქმედის კათედრას 17 წლის განმავლობაში განაგებდა და 1788 წლიდან ჯუმათის კათედრაც შეითავსა. იოსებ შემოქმედელის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა.
მეფის რუსეთის დრო 1797 წლიდან 1827 წლამდე შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი ნიკოლოზ შერვაშიძე-ერისთავი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა ეპარქია ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ 1833 წელს , შემოქმედის ეპარქია იმერეთის ეპარქიას არ შეუერთეს. ასე გაგრძელდა 1844 წლის 1 აპრილამდე, შემდეგ კი გურიაში სრულიად ახალი საეკლესიო კათედრა- გურიის საეპისკოპოსო შემოიღეს. მაგრამ ამ კათედრამ მხოლოდ 41 წელი იარსება და 1885 წელს ოდიშის ეპარქიასთან შეერთებით დასრულდა.
საბჭოთა პერიოდი 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია I ხელდასხმულ იქნა პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. შემდგომ შემოქმედისა და ბათუმის ეპარქიები გაერთიანდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიად.
თანამედროვეობა 1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. 1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე) დაინიშნა.
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8% ... 8%E1%83%90