Page 1 of 7

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 15:56
by Ismail
ხოდა, გადავედით ხდის ხეობიდან ჯუთაში... : )

ლაშქრობა ძალიან რთული იყო და მადლობა ღმერთს, მშვიდობით დავბრუნდით. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა ვუთხრა ასეთი სიყოჩაღისთვის. რომ არა ასეთი ჯგუფი, დიდი შანსი იყო, რომ მიზნისთვის ვერ მიგვეღწია. თქვენ ვინ ყოფილხართ კაცო!.. :)

ეს გასვლა პირველი იყო კარვის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით არცერთი სხვა შემთხვევა. ეს კი არადა, საერთოდ, არ გაგვიგია არცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ვინმეს ეს მარშრუტი განეხორციელებინოს. თუმცა, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები არსებობს, რასაც უღელტეხილზე დატოვებული წარწერები და იქ ნაპოვნი კალაშნიკოვის დაცლილი ვაზნებიც მოწმობს.



1. რეგიონი:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (ხევი)

2. მარშუტის დასახელება:
ხდის ხეობა - ჯუთა

3. ხანგრძლივობა:
2 დღე (პარასკევის ჩათვლით - 3 დღე)

4. სირთულე:
ძალიან რთული. ზოგგან - ექსტრემალური

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
22 ლარი მგზავრობა

6. მონაწილეთა რაოდენობა:
14:
1. Ismail
2. Ismail + (თამუნა ავალიშვილი)
3. iano
4. arcivi9
5. Na-tia
6. Tami
7. KSOVRELI
8. იედაი სტეგ
9. chqareuli
10. Bloodsucker
11. GT.ge
12. mariamooo
13. tamo gakhokidze
14. iko iko

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
Ismail

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მესაზღვრეების საგუშაგო ხდის ხეობაში, სოფელი ჯუთა მარშრუტის ბოლოში

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - დარიალის ხეობა ... ჯუთა - თბილისი (რამდენი გამოდის?? :) )

10. ფეხით გავლილი მანძილი:
26 კმ, როგორც ჯი-პი-ეს-ებმა გვიჩვენეს

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
- მთელი ხდის ხეობა თავისი უამრავი ჩანჩქერით, 4 ათასიანი მწვერვალებით, მყინვარებით...
- ყიბიშის მყინვარი
- ხდის ხეობიდან ჯუთას ხეობაში გადამავალი უღელტეხილი (ორიდან ერთ-ერთი)

12. საბანაკე ადგილები:
1. დარიალის ხეობაში, დარიალჰესის ეზოში
2. ყუროსწვერის ძირში, ზ.დ. 2600 მეტრზე

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველგანაა. ისმევა როგორც ხდის ხეობის მთავარი მდინარე ხდისწყალი (ქისტინკა), ასევე მისი შენაკადები.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ყველაფერი, რაც ზოგადად, რთული ლაშქრობისთვისაა საჭირო. + მსხვილი თოკი!

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ივლისი და აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები:
- ნაშალ ქვებზე სიარული (როგორც აღმართზე, ასევე - დაღმართზე; სიფრთხილეა საჭირო.)
- ციცაბო დაღმართები უღელტეხილიდან დაშვებისას (დიდი სიფრთხილეა საჭირო, შესაძლოა თოკიც დაგჭირდეთ.)
- მყინვარზე გავლისასაც ფეხის დაცურება ან ყინულის ჩატეხვა (აქაც დაზღვევა დაგჭირდებათ.)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
პატარა ტბა ყუროს ქედზე, რომელიც ქვევიდან არ ჩანს, მაგრამ არის. :)

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ქეიფი და დროსტარება :) (ოღონდ საღამოს, დაბანაკების შემდეგ; დღისით სიფხიზლეა საჭირო!!!)

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ხდეში არსად არ იჭერს. ჯუთის მხარეს კი - მხოლოდ სოფელ ჯუთასთან მიახლოებისას.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მე და ამ გასვლის მონაწილეები.

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:

(წითელი ხაზი - ჩვენს მიერ გავლილი გზა)

Image

Image

Image

Image

Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან:
- საწყისი წერტილი: დაახლ. 1300
- უღელტეხილი ყიბიშის მყინვარის თავზე (საიდანაც ჩვენ გადმოვედით): დაახლ. 3488
- საბოლოო წერტილი: დაახლ. 2300

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით:
10!

24. სასარგებლო ბმულები:
არ არსებობს მგონი...

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 15:57
by Ismail
დღე 1



ჩვეულებრივ შევიკრიბეთ სქიმიასთან. ზოგი - თავის დროზე, ზოგი - დაგვიანებით... :) ჩავსხედით და წავედით. დარიალჰესის ეზოში დავბანაკდით. მალევე დავიძინეთ.







დღე 2



6 საათზე დავიწყეთ გამოღვიძება.



აი ასე გამოიყურებოდა ჩვენი საბანაკე ადგილი:
Image



მესაზღვრეებთან გავიარეთ პროცედურები, გამოგვკითხეს, საშვი გამოგვიწერეს, და დაგვარიგეს.
Image



შემდეგ დავიძარით აღმა, მდინარე ხდისწყლის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ... სიარული 8 საათზე დავიწყეთ. გზაში გაგვიწვიმდა...



Image
Image
Image



ქვაზე გადაძრომა. დაახლოებით ამ ადგილას არწივი აგვიფრინდა ცხვირწინ. იქნებ ვინმემ მოასწარით სურათის გადაღება... : )
Image
Image
Image
Image
Image



დევდორაკის მყინვარი
Image



თუ ამ ჩანჩქერზე თავში მოვექცევით, და რამოდენიმე კილომეტრის სიგრძის მდინარეს ავყვებით, ყუროს ქედის სიღრმეში, მწვერვალ ყუროსწვერის ძირში ავალთ.
Image
Image
Image
Image



დაახლოებით ოთხსაათიანი სიარულის შემდეგ მესაზღვრეების საგუშაგოს მივადექით. მესაზღვრეები თავიანთი ლეგენდარული ჩაით : ) გაგვიმასპინძლდნენ. ცოტა ხანს შევისვენეთ და გზა განვაგრძეთ.



Image



გავიარეთ მარწყვიანი ჭალა (სადაც მარწყვის ნასახი ვერ ვნახეთ : ) ). ამასობაში გამოიდარა და ხდიწყლის მარჯვენა შენაკადზე არსებულ ჩანჩქერთან ავედით.
Image
Image
Image
Image
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=HPl5VvAoKXA



Image



ჩანჩქერს გავცდით. გზა მდინარის მარჯვენა მხარეს ცუდი სასიარულო ხდებოდა. ამიტომ ჯგუფის ნაწილმა მდინარე გადავკვეთეთ და მარცხენა ნაპირზე განვაგრძეთ სიარული.



გაღმა დარჩენილი ”მემარჯვენეები” : )
Image



მე და GT.ge ბევრად წინ წავედით ჯგუფზე. გარკვეული დროის მერე iko-iko და arcivi9-ც ამოვიდნენ. დანარჩენი ჯგუფი კარგა ხანს არ ჩანდა და ცოტა ვინერვიულეთ... შემდეგ დანარჩენებიც მოვიდნენ და გზა განვაგრძეთ. ავიარეთ პირველი დიდი აღმართი და დაახლოებით 7-ის ნახევარზე ავედით მოსწორებუ ადგილზე. მგონი ამ ადგილს ეძახიან ყუროს ”ნაჩოვკებს”, ანუ სადაც ალპინისტები მწვერვალ ყუროსწვერზე ასვლის წინ ღამეს ათევენ. აქედან ჩვენს თავზე მეორე დიდი აღმართი იყო, რომელზე ასვლის შემდეგაც, ვვარაუდობდით, რომ უკვე ყიბიშის მყინვარი და ჩვენს მიერ გადასავლელი უღელტეხილი უნდა გამოჩენილიყო. უკვე საღამოვდებოდა, iko-iko-მ წინ გზა დაზვერა და გვითხრა, რომ კარგი საბანაკე ადგილი წინ დიდ მანძილზე აღარ ჩანდა და უმჯობესი იყო, დავბანაკებულიყავით. დავბანაკდით, დავისვენეთ და საკმაო დრო გვქონდა, რომ კარგად გამოგვეძინა და მეორე დღეს ადრე გავდგომოდით გზას.



Image



Image



შინო (4048)
Image
Image



Image



Image



Image



Image



პირველი დიდი აღმართი
Image



Image



ცა ისეთი მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი იყო, რომ იშვიათად ნახავს ადამიანი (იქნებ ვინმემ დადოთ სურათები : ) ). ვერ წარმოიდგენდი, თუ იმ ღამით შეიძლებოდა ეწვიმა... მაგრამ იწვიმა...

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 15:58
by Ismail
დღე 3
ნაწილი 1




ავდექით, ვისაუზმეთ და დავიძარით. მალევე მივადექით მეორე დიდ აღმართს და დავიწყეთ აღმა სვლა.
Image
Image



ასეთი შემთხვევები, როდესაც მდინარე უცებ მიწაში იკარგება, ხშირად გვხვდებოდა.
Image



გზაში ეს გამოქვაბული შეგვხვდა, ხდეში ადამიანის კვალის არსებობის მგონი ერთადერთი ნიმუში. ვერ დავადგინეთ, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ გამოქვაბულს. შეიძლება მონადირეების თავშესაფარად გამოთხარეს.
Image
Image



ავიარეთ მეორე დიდი აღმართი. განვაგრძეთ გზა და ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც ყიბიშის მყინვარი. მანამდე კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სიმაღლის დაუკარგავად მივდიოდით. მდინარე ხდისწყალი საკმაოდ ქვევით დარჩა. ჩვენ ზევით, ქედ-ქედ განვაგრძობდით სიარულს, ლოდებზე და ნაშალ ქვებზე, რადგან ვფიქრობდით, რომ ძირს. მდინარის პირას უფრო ძნელი იქნებოდა სიარული. ბოლოს, წინ მყოფმა ჯგუფმა შევატყვეთ, რომ ქედ-ქედ სიარული ძალიან გაძნელდა და ქვევით, მდინარის პირას გადავწყვიტეთ სიარულის გაგრძელება, ახლა იქ უფრო ადვილი სასიარულო ჩანდა. მხოლოდ ქსოვრელმა განაგრძო სირული მაღლა.



Image



Image



Image



შინო (4048)
Image



Image



Image



ყუროსწვერი (4071)
Image



Image



Image



Image



ყიბიშის მყინვარი
Image
Image



Image



Image



Image



ყიბიშის მყინვარის ”თვალი”
Image



უღელტეხილი, რომელზე გადასვლასაც ვაპირებდით, მაგრამ არჩევნებით უარვყავით. :)
Image
Image



Image




ჩამოვედით, ”საფიხვნო ქვასთან” : ) მივედით და დანარჩენ ჯგუფს დაველოდეთ. ბოლოს ყველანი ამ ქვასთან მოვგროვდით (ქსოვრელიც კი ჩამოვიდა თავისი საჯიხვეებიდან : ) ). აქ უნდა გადაგვეწყვიტა, თუ როგორ უნდა განგვეგრძო გზა.
Image
Image
Image



ჯუთის ხეობაში გადასასვლელად ორი ვარიანტი არსებობდა (რაც დარიალში გამოცდილმა მესაზღვრემაც დამიდასტურა):
1. მყინვარ ყიბიშის აღმოსავლეთიდან შემოვლით უღელტეხილზე გადასვლა;
2. მყინვარის თავზე არსებულ უღელტეხილზე გადასვლა.

პირველ შემთხვევაში საკმაოდ ციცაბო აღმართზე უნდა ავსულიყავით და თან ნაშალ ქვებზე. მეორე შემთხვევაში კი მყინვარზე გვიწევდა სიარული, რაც თავისთავად რისკებთან (ყინილის ჩატეხვა, ფეხის ასრიალება ყინულზე) არის დაკავშირებული.

ამას გარდა არსებობდა კიდევ ორი ვარიანტი:
3. ქსოვრელის მიერ ზევიდან დანახული ხეობით გადასვლა. ეს ვარიანტი იმთავითვე გამოირიცხა, რადგან როგორც რუკით დგინდებოდა, ეს ხეობა მდინარე ჯუთის მარჯვენა შენაკადის - ყორას ხეობა უნდა ყოფილიყო. მდინარე ყორა კი საკმაოდ გრძელია და იქ როგორი სასიარულო იქნებოდა, არ ვიცოდით.
4. უკან, ხდის ხეობით დაბრუნება. ეს ვარიანტი ხომ გამოირიცხა და გამოირიცხა. : ) თავი სადღა გამოგვეყო მერე... : ))

ორი უღელტეხილიდან ერთ-ერთი უნდა აგვერჩია. კარგად გავიაზრეთ ჩვენს წინაშე არსებული მდგომარეობა, მორიგეობით გამოვთქვით აზრები და ბოლოს კენჭისყრა ჩავატარეთ. 14 მონაწილიდან 9 მონაწილემ მყინვარის თავზე არსებული უღელტეხილით გადასვლას მისცა ხმა. : )) ამ ვარიანტის წინააღმდეგნი ხუთნი ვიყავით: მე, GT.ge, ანანო, Na-tia და iano. მეორე ვარიანტისთვის კეჭისყრას აზრი აღარ ჰქონდა.

ასე განვაჩინეთ სამართალი. :) შემდეგ სურათები გადავიღეთ და დავიძარით.
Image



მყინვარის გვერდის აქცევით სადამდეც შეიძლებოდა სიარული, ავედით.



Image



Image



მდინარე ხდისწყლის სათავე
Image



Image



ბოლოს ავედით იმ ადგილამდე, სადაც მყინვარზე გავლა ვეღარ აგვცდებოდა, გავშალეთ თოკი, ერთმანეთის მიყოლებით ჩავებით და დავიწყეთ ნელი სვლა მყინვარზე, უღელტეხილისკენ.ყინულზე და თოვლზე ერთმანეთის უკან მივდიოდით თოკით ჩაბმულები. ყინულზე ხან ვის დაგვისრიალდებოდა, ფეხი და ხან - ვის. დასრიალებულს დანარჩენები იჭერდნენ თოკის მეშვეობით.
Image
Image
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=TPbxIIsVkjE



ბოლოს როგორც იქნა გადავლახეთ მყინვარი. ქვებზე ცოტა სიარულიც და... უღელტეხილზე ავედით, ზ.დ. დაახლოებით 3488 მ. სიმაღლეზე, საიდანაც მოჩანს როგორც ხდის ხეობა, ასევე ჯუთის ხეობა და ჭაუხები.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=VNtmS05hDeY

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 15:59
by Ismail
დღე 3
ნაწილი 2




დავისვენეთ, სურათები გადავიღეთ, წავიხემსეთ და დაბლა დავიძარით. მაგრამ უცებ დაბრკოლება შევხვდა: პირველი რამოდენიმე მეტრიანი მონაკვეთი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ წინ მიმავალმა ქსოვრელმა და ანანომ თოკი მოითხოვეს. დაღმართი ძალინ ციცაბო იყო და თან ქვები ცვიოდა.
Image



ისევ გავშალეთ თოკი და ყველანი მისი მეშვეობით დავეშვით პირველ მონაკვეთზე (იქნებ ამის სურათებიც დადოთ : ) ). ზემოთ მდგარები იჭერდნენ თოკით ჩამავლებს. ბოლოს ჩამავალს თოკი ქვაზე უნდა მოება და ისე ჩასულიყო.



ეს აღმართი ჩავიარეთ და განვაგრძეთ რთულ დაღმართებზე სიარული. დაიწყო პატარა მდინარე, რომელიც თანდათან იზრდებოდა. ხრიოკი ქვის შემდეგ ციცაბო მინდვრებზე განვაგრძეთ სიარული.



ყველაზე უკან მე და არწივი მოვდიოდით, რომელსაც ფეხი ტკიოდა. სიმაღლე არ დავკარგეთ და მდინარიდან (რუკის მიხედვით - მდინარე შარვანისწყალი) საკმაოდ ზევით მოვდიოდით. ქვევით iano დავინახეთ, რომელსაც აგრეთვე ფეხი ჰქონდა ნატკენი და სხვებზე უკან მიდიოდა. როდესაც ჩვენ და iano ერთმანეთს შევეხმიანეთ, მე და არწივმა აშკარად გავიგონეთ უკნიდან კაცის ძახილი. მაგრამ ჩვენს უკან ვინმეს ყოფნა იმდენად შეუძლებლად გვეჩვენა, რომ მე და არწივმა ჩავთვალეთ, რომ ირივეს მოგვეჩვენა.



ნელ-ნელა ორივე დავეწიეთ iano-ს. ვიარეთ და გზაში დასახმარებლად მობრუნებული ქსოვრელი შეგვხვდა. როდესაც მდინარე ჯუთის ჭალა გამოჩნდა და ქვევით მყოფებმა ჩვენი ფანრები დაინახეს, ქვევიდან შაშხანა აანთეს, რომ ეჩვენებინათ, საით უნდა წავსულიყავით და რა ადგილას უნდა გადაგვეკვეთა ჯუთის მარჯვენა შენაკადი მდინარე, რათა მდინარე ჯუთაზე გადამავალ ხიდამდე მივსულიყავით. მათ ეს ხიდი ზევიდან ჭოგრიტით დაინახეს, რადგან დღის სინათლეზე მოასწრეს იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ჭალის დაზვერვა შეიძლებოდა.



ჩავედით, გავყვეით ჩვენების ნავალს, გადავიარეთ პატარა მდინარე და მდინარე ჯუთაზე გადებული ხიდი - ”უგოლნიკი”. : ) აქ უკვე გველოდა ჩვენი მიკროავტობუსი, რომლებიც წინ წასულებმა გამოიძახეს, როდესაც ტელეფონმა დაიჭირა. ამასობაში მესაზღვრემაც ამოგვაკითხა, დარწმუნდა, რომ ის 14 კაციანი ჯგუფი, რომელზე მას ინფორმაცია ჰქონდა, კარგად იყო, და უკან დაბრუნდა.



Image



Image



Image



Image



Image



Image



Image



ჭაუხები
Image



Image



ჯამში საბანაკე ადგილიდან უღელტეხილამდე ასვლას დაახლოებით 7,5 საათი მოვანდომეთ, ხოლო უღელტეხილიდან მიკროავტობუსამდე მოსვლას - დაახლოებით 5 საათი.



მიკროავტობუსში ვსხდებოდით და თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ, კიდევ ერთხელ ვინერვიულეთ: ზევით, მთაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, სინათლე დავინახეთ. გაგვახსენდა ის ხმა, რაც მე და არწივმა გავიგონეთ (და რომელიც იანოსაც გაუგია). თურმე იქ მართლა ყოფილა ვიღაც. ”ნუთუ ვინმე ჩვენიანი დარჩა უკან?!” ნერვიულად გადავითვალეთ ერთმანეთი და... 14 ვიყავით.



ჩვენთვის იდუმალებითაა მოცული, თუ ვინ იყო ის კაცი, საიდან მოვიდა იქ და როგორ მოხდა, რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ... :) )



სულ ეს იყო... : )

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 16:13
by shoda1121
ძალიან მაგარი რეპორტაჟია :) ამის გაკეთებას მარტო ასეთ ძლიერ და გამოცდილ ჯგუფთან ერთად თუ გაბედავს კაცი :) მაგრამ ამ ჩანჩქერთან მისვლა ყველას შეუძლია :)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 16:16
by Ismail
ეს ჩემი სურათების ბმული:
http://www.allshares.ge/download.php?id=EF57513970






ეს კი ჩემი ვიდეოები:

1. ჩანჩქერი
http://www.youtube.com/watch?v=HPl5VvAoKXA

2. მყინვარზე გადასვლა
http://www.youtube.com/watch?v=TPbxIIsVkjE

3. უღელტეხილი
http://www.youtube.com/watch?v=VNtmS05hDeY

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 16:37
by Iako.
აღფრთოვანებულ :)
მაგარი ხარ ისმაილ, ვისურვებდი ხშირად დაგეგეგმოს კარვული გასვლები :)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 17:29
by GT.ge
Ismail
პირველ რიგში მადლობა ღმერთს, მშვიდობით რო მოვიარეთ და მერე შენ და ყველა მოლაშქრეს!
გაიხარეთ ხალხნო!
უდიდესი სიამოვნება მივიღე, საუკუნე რო მემახსოვრება.

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 17:44
by Mako-dgm
RESPECT

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 17:58
by teo-
ყველაზე ძლიერი მარშუტი კარვი ს ისტორიაში

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 18:22
by arcivi9
Ismail
ეს ჩემი სურათების ბმული:
http://www.allshares.ge/download.php?id=EF57513970
აქ ხომ ზუსტად იგივე სურათებია რომლებიც ამ თემაში ზემოთ დადევი? :roll:

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 22:00
by Na-tia
მეც დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს :)

პირველ რიგში, მადლობა ისმაილს, სამომავლო გეგმებში ზუსტად ჩამოყალიბებული და ყოველ გვერდზე დაკოპირებული ინფოსთვის, რომ მარშუტი რთული იქნებოდა და ყველას გააზრებული ჰქონოდა თავისი შესაძლებლობები. ეს რომ არა, პლიუს წამომსვლელთა რაოდენობის შეზღუდვა, შანსი არაა, ჩვენ იქ ვერ მოვასწრებდით გადასვლას, ნუ, ეს ჩემი აზრით. ამის მიუხედავად, ჩემთვის მაინც იმაზე რთული აღმოჩნდა ეს გასვლა, ვიდრე წარმომედგინა :)

რადგან სამომავლოებშიც ჭაუხების უღელტეხილის გადასვლას იყო შედარებული ეს მარშუტი, პირველ დღეს მეც ვადარებდი ჩემთვის და ნამდვილად არ ჩანდა საშუალოზე მეტი სირთულის, აი, მეორე დღეს იცოცხლე :D ჭაუხებზე გადასვლა მთაწმინდის ბილიკზე არბენავით მეჩვენება ამასთან შედარებით:D

ნუ, კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა! ჩემთვის ყველაზე ექსტრემალური მაინც იმ თოვლსა თუ ყინულზე გადასვლა იყო, არ ვიცი, რამე რომ ყოფილიყო ის თოკი რამდენად დაგვიცავდა :)

უღელტეხილიდან ქვემოთ ჩაცოცებაც არანაკლებ შთამბეჭდავი. პირველი შთაბეჭდილება უღელტეხილზე ასვლის ის იყო, რომ გავიხედ-გამოვიხედე და მეთქი აქედან რა ჩავა, ეს წვეტიანი ნაშალი კლდეები ჩასვლის არანაირ იმედს არ იძლეოდა, ნუ, მერე, ალექსა ჩაძვრა, თოკიც ჩაერთო საქმეში და ჩავედით.

ხო, ნუ, ქსოვრელზე ეხლა რა უნდა თქვას კაცმა :D

რავი, ყველას დიდი მადლობა რა, მართალია, ისე მტკივა კუნთები, რომ გვერდიდან გვერდზე გაჭირვებით ვბრუნდები და სახიდან რაღაც საშინელი ყვითელი სითხე მჟონავს დამწვრობისგან, თავის კანიც კი დამწვარი მაქვს და ხელ-ფეხი ალაგ-ალაგ დაწყლულებული :D :D ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გასვლა იყო ჩემთვის და მართლა ულამაზესი ხეობა!

პ.ს. ერთი-ორი სურათი მეც გადავიღე, დიდი ვერაფერი, ძირითადად შემთხვევითი კადრები, მაგრამ სახლიდან ვერ ვტვირთავ და მოგვიანებით ბმულს დავდებ :)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 22:10
by დავითაუ წ
უფფ... წამოვსულიყავი მაინც... :(

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 23:18
by shoda1121
ჩვენთვის იდუმალებითაა მოცული, თუ ვინ იყო ის კაცი, საიდან მოვიდა იქ და როგორ მოხდა, რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ... )
კოლუმბია ფიქჩერზ პრედსტავლიაეტ:
საშინელებათა ჟანრის ფილმს:
"ხდის ხეობის აჩრდილი"
:)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Posted: 14 აგვ 2012, 23:20
by shoda1121
Image

ანანო :)))
როგორ არ უნდა დავარეგისტრიროთ :(((

მე ცალკე მივდიოდი და ჩემი მეგობრები;
ცალკე ზურას გასვლა იყო იქაც ჩვენი ზოგიერთი მეგობარი

და მე ანანოს ვურჩიე ასეთ გასვლაში ვერ წახვალ სხვა დროს ხდის ხეობაში წადი_თქო :))