ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 16 მაი 2012, 21:50

გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. აქამდეც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მთელს აღწერას და სურათებს სულ ოთხ პოსტში ჩავტევ, რათა ინფორმაციულად უფრო ადვილად აღქმადი იყოს. გარდა ამისა, როდესაც ამ მოგზაურობის შესახებ ვინმესთვის მოყოლას დავაპირებ, ამ თემას დავულინკავ და თვითონვე ნახავს დეტალურად ყველაფერს. : )


ძალიან მინდოდა არხოტის ნახვა და ამავე დროს ძალიან მინდოდა ისართღელის უღელტეხილის გადავლა, რომლის მიუდგომლობასა და სირთულეზეც არაერთხელ მქონდა გაგონილი. ხოდა ავიღე შვებულება, მოვკიდე ჩემ ბიძაშვილ დათოს ხელი და წავედით. სხვა ვერავინ ვნახე თანამგზავრი... : )





1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, ხევსურეთი


2. მარშუტის დასახელება:
ბარისახო — როშკა — არხოტი — ისართღელის უღელტეხილი — შატილი


3. ხანგრძლივობა:
6 დღე


4. სირთულე:
რთული, ზოგ მონაკვეთზე — განსაკუთრებით რთული


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
კაცზე დაახლოებით 70 ლარი მგზავრობიან-საკვებიანად


6. მონაწილეთა რაოდენობა:
2 კაცი (მე და ჩემი ბიძაშვილი დათო)


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
მე :)


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფლები: ბარისახო, კორშა, როშკა, ახიელი, ამღა, გიორგიწმინდა, შატილი


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ბარისახო და შატილი-თბილისი, რამდენი გამოდის?..


10. ფეხით გავლილი მანძილი:
დაახლ. 80 კილომეტრი


11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
— როშკის ლოდები;
— ხედები არხოტისკენ მიმავალი აღმართიდან,;
— წელთგზა (არხოტისკენ მიმავალ აღმართზე ბოლო მონაკვეთი);
— მდინარე ასას სათავეები;
— სოფელი ახიელი თავისი კოშკით,;
— ასას ხეობის ვიწრო მონაკვეთი სოფელ ამღას ქვევით;
— ტანიესწყლის ხეობა;
— ტანიეს ტბა;
— ისართღელის უღელტეხილი;
— ქაჩუს ციხე და შატილი...


12. საბანაკე ადგილები:
0 ღამე (ლაშქრობის დაწყებამდე) — კორშის ზევით, ხევსურეთის არაგვის პირას;
I ღამე — როშკის ზევით (უფრო შორსაც უნდა მოგვეხერხებინა წასვლა, მაგრამ წვიმა მოვიდა და დაგვეზარა);
II ღამე — ჭიმღის კლდეების ძირში, ასას ნაპირას;
III ღამე — ასას მარცხენა ნაპირას, დაახლოებით ადგილის საპირისპირო მხარეს, სადაც ტანიესწყალი ასას უერთდება
IV ღამე — მესაზღვრეების პუნქტი ტანიესწყლის ნაპირას;
V ღამე — გიორგიწმინდის ხეობა;
VI ღამე — შატილი.


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მდინარეები... ყველა მდინარე ისმევა: ქმოსტისწყალი, როშკისწყალი, ასა, ტანიესწყალი, გიორგიწმინდა, არღუნი, მათი შენაკადები. შატილთან არღუნი და შატილისწყალი არ უნდა დალიო მაინცდამაინც...


14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

აღჭურვილობა:
— კარავი, აუცილებლად საძილე, საგებელი, მედიკამენტები (კბილის ტკივილისთვის, სიცხისთვის, გაციებისთვის, ჭრილობისთვის და სხვა მოულოდნელი შემთხვევებისთვის), რთულ მონაკვეთებზე სასიარულო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი და ყველაფერი, რაც ლაშქრობისთვისაა საჭირო...
— ამას გარდა: თოკი — მდინარეზე გადასვლისას დაზღვევისათვის, აგრეთვე აღმართზე თუ ვინმეს გაუჭირდა სიარული, მის მოსახმარებლად

რჩევები:
— წინასწარ კარგად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული, რაც უფრო ცხელა, მით უკეთესია... : )


16. რისკები, საფრთხეები:
ბევრ ადგილას გიწევს სწრაფ და ძლიერ მდინარეში გასვლა.


17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
აბუდელაურის ტბები, სოფელი ჭიმღა, ბისნის შესართავი


18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ჯომარდობა არამგონია სადმე რომ მოხერხდეს. მოგზაურობა, სმა და ქეიფი — იცოცხლე!.. :)


19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
არხოტში გადამავალ უღელტეხილზე რომ იწყებ ასვლას, ჯერ კიდევ იჭერს მობილური. არხოტში არსად არ იჭერს. ისართღელეზე რომ ავედი, ზედ მწვერვალზე გავიგონე SMS-ის მონატრებული ხმა (და ბედი არ გინდა? — TBC ბანკის SMS იყო. აქედან ლოგიკა: ბანკებს ვერსად დაემალები! :D ). გიორგიწმინდის ხეობაში არ მახსოვს იჭერს თუ არა. არღუნის ნაპირას და შატილში იჭერს.


20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მე : )


21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:

მარშრუტის რუკა
(
ლურჯი ხაზი — გადაადგილების მარშრუტი; ვარსკვლავები — დაბანაკების ადგილები)
Image

არხოტი
Image


22. სიმაღლე ზღვის დონიდან:
მაქსიმალური სიმაღლე — 3486 მეტრი ზ.დ. (ისართღელის უღელტეხილი)


23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით:
10 ალბათ


24. სასარგებლო ბმულები:
http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 33844d9718 — მე ეს თემა დამეხმარა ძალიან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Zura N-ს, რომელსაც არ ვიცნობ. : )
Last edited by Ismail on 17 მაი 2012, 15:01, edited 6 times in total.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 16 მაი 2012, 21:53

2011 წლის 6-7 აგვისტოს კარაველების გასვლა იყო შატილობაზე. 7 აგვისტოს, კვირას, უკანა გზაზე, მე ბარისახოში ჩამოვედი, სადაც დათოს უნდა შევხვედროდი. შევხვდით და კორშას ზევით დავბანაკდით, ხევსურეთის არაგვის პირას. წვიმდა...





დღე 1


მეორე დღეს (ანუ მოგზაურობის პირველ დღეს) გავუდექით როშკის გზას. შუადღით მივედით როშკაში, სადაც ერთმა ადგილობრივმა კაცმა აგვიხსნა დაახლოებით როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გზა არხოტისაკენ...


ფოტოაპარატი არ გვქონდა. სხვა გზა არ იყო — დათოს iPhone-ით და ჩემი Nokia-თი უნდა გადაგვეღო სურათები...


სოფელი როშკა
Image


როშკას რომ ავცდით, წვიმა დაიწყო. ძალიან არ გვინდოდა დასველება და ამიტომ სასწრაფოდ გავშალეთ კარავი და შიგნი შევეფარეთ.


აი ამ სიმბოლოებთან გავშალეთ კარავი. რაღაც ძველი წარმართული რიტუალისთვის განკუთვნილ ნიშებს გავს... ვერ მივხვდით რა იყო...
Image
Image


მდინარე აბუდელაური
Image






დღე 2


Image


დავიძარით არხოტისაკენ. ინტუიციით ავირჩიეთ ის ადგილი, სადაც მდინარე როშკისწყალი უნდა გადაგვეკვეთა და არხოტისკენ გადამავალ უღელტეხილზე დაგვეწყო სიარული, რადგან ბილიკი თითქმის არ ეტყობოდა. წვიმა დაიწყო... აღმართზე დიდი ხანი ვიარეთ. გზაზე არხოტიდან მომავალი არხოტელები შეგვხვდნენ. ძალიან ციოდა და ვიცოდით, რომ დაქანცულ და თავიდან ფეხებამდე დასველებულ ამღელებს სურათის გადაღების თავი არ ექნებოდათ, მაგრამ ისე გვინდოდა მე და დათოს სურათის ერთად გადაღება, რომ მაინც ვთხოვეთ...
Image


Image


ბოლოს ეს ხედი გამოჩნდა.
Image
Image


ვიფიქრეთ, რომ უკვე უღელტეხილზე ვიყავით და ქვევით უნდა დაგვეწყო სიარული. მაგრამ თან ვიცოდით, რომ უღელტეხილამდე ბოლო მონაკვეთი — წელთგზა უნდა გაგვევლო, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ მონაკვეთად წარმოგვედგინა და ვერ ვხვდებოდით, თუ როდის გავიარეთ ეს მონაკვეთი (ვერ ვხვდებოდით, თუ როდის გავიარეთ რაღაც განსაკუთრებული :) )... ამასთან დაღმართი ძალიან ციცაბო იყო და ესეც გვაფიქრებდა. თან ძალიან ციოდა, ქარი ქროდა, მე ვატყობდი, რომ სიცხე მიწევდა... რუკის მიხედვით ჩრდილოეთისკენ უნდა გვევლო. კომპასის მიხედვით ჩრდილოეთისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს გავუდექით და მივხვდით, რომ სწორედ ეს იყო წელთგზა.


კიდევ კარგი აქეთ წამოვედით და ქვევით არ ჩავუყევით დაღმართს, თორემ ისევ პირაქეთა ხევსურეთში, ბლოს ხეობაში დავბრუნდებოდით. : )


ბოლოს აღმართი დამთავრდა და დაიწყო დაღმართი. ნისლში ნელ-ნელა გამოიკვეთა არხოტი... : )
Image
Image


არხოტი პირიქითა ხევსურეთის სამი ხეობიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და მდინარე ასას (იგივე არხოტისწყალი) აუზს მოიცავს. არხოტს პირაქეთა ხევსურეთისგან კავკასიონის მთავარი ქედი ყოფს, პირიქითა ხევსურეთის შატილის ხეობისგან კი - ხევსურეთის ქედი. საქართველოში არ არსებობს უფრო მიუდგომელი და გარესამყაროსგან იზოლირებული მხარე, ვიდრე არხოტია: ხეობაში გადასვლის ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება ცხენია, სხვა ნებისმიერი ტრანსპორტით (ურემი, ტანკი:)... ჯიპზე და ნივაზე აღარაფერს ვამბობ...) ხეობაში გადასვლა შეუძლებელია. შესაბამისად, არხოტის სოფლები ერთადერთი სოფლებია საქართველოში, სადაც ვერანაირი მანქანა ვერ მიდის და შესაბამისად - არხოტის ხეობაში მანქანები არაა! არხოტში არ არის მობილური კავშირგაბმულობა და არ შედის ელექტროენერგია. სოფლები ამღა და ახიელი იქვე მოწყობილი პატარა ჰიდროელექტროსადგურით მარაგდება, ისიც - გრაფიკით. არხოტის ტერიტორია დაახლოებით 240 კვადრატული კილომეტრია და მასში სულ სამი სოფელი მდებარეობს: ამღა, ჭიმღა და ახიელი. ჭიმღა გაუკაცრიელებულია. ამღასა და ახიელში კი ჯერ კიდევ არის მოსახლეობა შემორჩენილი. არხოტის მთავარი მდინარეა ასა, რომელიც არხოტის გავლის შემდეგ ინგუშეთის ტერიტორიაზე მიედინება. წყალუხვობით ასა აღემატება პირიქითა ხევსურეთის დანარჩენ ორ მთავარ მდინარეს: არღუნსა და ანდაქს. ასას არხოტის ფარგლებში მარჯვნიდან ერთვის მდინარეები: წყაროსთავი, ტანიესწყალი, ბისნა და სხვა, ხოლო მარცხნიდან - ჭიმღისწყალი, არაგვისწყალი და სხვა.


დაახლოებით აქაა ასას სათავე.
Image
Image


Image


ჭიმღის კლდეები
Image


Image


Image


მე ვატყობდი, რომ სიცხე მქონდა. აფთიაქი სულ დამაქვს მოგზაურობაში, მაგრამ სიცხის დამწევი არ მქონდა მაინცდამაინც. ჭიმღის კლდეების ძირში, ასას ნაპირზე გავშალეთ კარავი, დათომ ძლივს დაანთო ცეცხლი (ყველაფერი სველი იყო). მე ჩემი 66%-იანი ჭაჭუნა ჩავურტყი რამოდენიმე ჭიქა და მშვენივრად გამიწია სიცხის დამწევის მაგივრობა... :)






დღე 3


Image


Image


ჭიმღის კლდეები
Image
Image


ამ ადგილას, სადაც მდინარე ჭიმღისწყალი ერთვის ასას, არის კვირაწმინდის ნასოფლარი. შორს სოფელი ახიელიც გამოჩნდა...
Image


ჭიმღაში ასვლაც მინდოდა მაგრამ დათომ არ ქნა, დრო არ გვაქვსო...


ახიელში ოჩიაურების ოჯახი გაგვიმასპინძლდა და სიცხის დამწევი წამალიც გამოგვატანეს. კარგი ხალხი... : ))
Image


მასპინძლის სუფრაზე ლაპარაკი წესი არ არის, მაგრამ ეს რომ არ აღვნიშნო არ შეიძლება: სუფრაზე მხოლოდ ნატურალური რძის პროდუქტები იყო:
კარაქი,
ყველი,
ერბო,
დო,
არაჟანი,
ხაჭო...
ასეთი გემრიელად ცხოვრებაში არასდროს არაფერი მიჭამია... :D გზაშიც გამოგვატანეს ყველი... გაიხაროს ამ ხალხმა.


ახიელის კოშკი
Image


სოფელი ახიელი — არხოტის ხეობის სამი სოფლიდან (ახიელი, ამღა, ჭიმღა) მთავარი და ყველაზე დიდი. მთელი 7 ოჯახი ცხოვრობს აქ (ანუ ვინც ზამთარშიც აქ რჩება)! :)
Image


ავი ძაღლი სოფელ ამღაში (ზევით ის პატარა ძაღლი რა ტიპია, როგორ იყურება... :D )
Image


მე და პატარა ამღიონი : ))
Image


ამღაში ცოტა ხნით გავჩერდით ტელეფონის დასატენად. შემდეგ ქვევით გავუყევით გზას.


Image


Image


Image


არხოტის ცა... :D
Image


Image


აქ მდინარე წყაროსთავი (რუკაზე ასე ქვია და რავი...) ერთვის მდინარე ასას.
Image


Image


Image


ასა!
Image


არ ვიცი ეს რისი ნანგრევებია...
Image


Image


Image


Image


Image


გზად ეს გვხვდებოდა ხშირად... : ))
Image


Image


მესაზღვრეებამდე გვინდოდა ჩასვლა, ტერღაში, მაგრამ ღამდებოდა და ასას მარცხენა ნაპირას, ძალიან ლამაზ ტყეში დავბანაკდით. დააახლოებით იმ ადგილას, სადაც ტანიესწყალი ასას ერთვის.
Image
Last edited by Ismail on 22 მაი 2012, 20:51, edited 4 times in total.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 16 მაი 2012, 22:02

დღე 4


დილით მესაზღვრეებამდე ჩავედით. ქვევით, ბისნის შესართავამდეც გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ მესაზღვრეებმა გვითხრეს, მარტო ვერ გაგიშვებთო და აღარ განვაგრძეთ გზა, უკან წამოსვლა გადავწყვიტეთ. მესაზღვრეებმა უხვად გვიბოძეს სურსათ-სანოვაგე და წამოვედით. :)


თან ერთი მესაზღვრე დაგვემგზავრა. ამ ადამიანს ყველაფერი ხევსურული ჰქონდა: ლაპარაკის კილო, საცხოვრებელი ადგილი, მიხვრა, მოხვრა, მანერები, გარეგნობა, სახელი და გვარი. : )) ის ადგილი გვიჩვენა, სადაც ასას გადაკვეთა იყო შესაძლებელი.


ასას გადაკვეთა ორი გზით შეიძლებოდა:
ერთი — ქვევით ხიდზე უნდა გადავსულიყავით და კლდე-კლდე უნდა გვევლო ტანიესწყლის შესართავამდე;
მეორე — ტანიესწყლის შესართავთან მდინარეში უნდა გავსულიყავით შიგ ჩადგებული ხის მეშვეობით.


ჩვენ მეორე ვარჩიეთ...


ხე რომ არა, ასას ისე ფიზიკურად ვერ გავივლიდით.


პირველი მე გადავედი. დაზღვევის მიზნით ხელში თოკის ერთი ბოლო მეჭირა, მეორე ბოლო კი დათოს ეკავა. მდინარეს რომ წავეღე, დათო გამომიყვანდა. შუაში რომ მივედი, ხე ისე ძაგძაგებდა მდინარის ძალისგან, რომ მეგონა, სადაცაა გატყდება ან მდინარე წაიღებსთქო... მთელი ძალით ვეყრდნობოდი ხეს, რომ მდინარეს არ წავეღე... ორი რეისი გავაკეთე (მეორე — დათოს ერთი ჩანთის გადასატანად).
Image


ასაზე გადასვლის ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=NuM_eKqB ... ture=g-upl


შემდეგ დათო გადმოვიდა იგივენაირად.
Image


თუმცა მთავარი შემდეგ დაიწყო — ტანიესწყლის შესართავიდან მესაზღვრეთა ბაზამდე. რუკის მიხედვით ეს გზა სულ დაახლოებით 5 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ბევრად გრძელი მოგვეჩვენა... ბილიკი ფაქტიურად არ იყო და სანახევროდ მდინარეში გვიწევდა სიარული. გავივლიდით რაღაც მანძილს, შეგვხვდებოდა კლდე და გადავტოპავდით მდინარის მეორე მხარეს. იქაც გავივლიდით მაქსიმუმ რამოდენიმე ასეულ მეტრს და ახლა ისევ მეორე მხარეს უნდა გადმოვსულიყავით და ასე დაუსრულებლად... ხანდახან კი ორივე მხარეს უგზო მონაკვეთი იყო და მდინარის კალაპოტში გვიწევდა აღმა სიარული.


მდინარე კი ძალიან ჩქარი და ძლიერი იყო და შესაბამისად — ძალიან რთული იყო როგორც მისი გადავლა, ასევე მასში სიარული. ხშირად თავს ძლივს ვიმაგრებდით, რომ მდინარეს არ წავექციეთ და გავეტაცებინეთ.


ხანდახან ასეთი ნიშნულები გვხვდებოდა და გვიხაროდა ხოლმე, რომ ადამიანს აქ ნამდვილად ჰქონდა დანაბიჯები ფეხი და სესაბამისად — ამ გზის გავლა მინიმუმ შესაძლებელი იყო... : ))
Image


Image


Image


Image


ველური მარწყვი ტანიეს ხეობაში
Image


Image


Image


Image


ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა საქართველოს დროშა. მისი დანახვა ასე ძალიან ჯერ არ გამხარებია... : ))


და მინდორი, სადაც ორი მდინარე ერთმანეთს ერთვის...
Image


მესაზღვრეებთან გავთბით, მდინარეში გალუმპული ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დავუტოვეთ გასაშრობად და იქვე, ჩეხი ტურისტების მახლობლად დავბანაკდით.
Image


სხვათაშორის იმ ჩეხ ტურისტებს გიორგიწმინდის მხრიდან გადმოევლოთ ისართღელე. იქვე იყო ქართველების ჯგუფიც. ღამით კი კიდევ ერთი ჯგუფიც მოვიდა (ისინიც ისართღელეგადმოვლილები). როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ ბოლო ჯგუფში ჩვენი ფორუმელი Zura N-ც ყოფილა. და როგორც კიდევ უფრო შემდეგ (სამღერეთი-პირღებული-სამღერეთის გასვლის დროს) გავარკვიე, ჩვენი ფორუმელი Chiko-ც (ლადო). ქართველებიც იქვე, მახლობლად დაბანაკდნენ. საშინლად დაღლილები ყოფილან და გზაში დიდი განსაცდელი გადახდენიათ თავს, როგორც შემდეგ გავიგე Chiko-სგან...
Last edited by Ismail on 16 მაი 2012, 22:17, edited 1 time in total.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 16 მაი 2012, 22:05

დღე 5


დავიძარით ტანიეს ტბისკენ.


Image


ტანიეს ტბა
Image
Image
Image
Image


წყალი ძალიან კამკამაა რა თქმა უნდა.
Image


ტანიეს ტბის ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=AZ1Pm3NX ... ture=g-upl


ამ მთების იქით კალოთანის ხეობაა.
Image


ტანიეს ტბის დათვალიერების შემდეგ უკან, მესაზღვრეებთან დავრუნდით და ისართღელის გზად გავუდექით.


სულ ბოლოში შავ მთებს შორის რომ ჩაზნექილი მოჩანს, ის არის ისართღელის უღელტეხილი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიაროთ.
Image


საკმაოდ რთულ გზაზე ვიარეთ და ბოლოს მოვედით იმ ადგილამდე, სადაც მარჯვნივ უნდა აუხვიო, ანუ მდინარის პატარა მარცხენა შენაკადს უნდა აუყვე უღელტეხილისკენ.
Image


რუკაზე გზა პატარა ჩანს, სინამდვილეში კი ეს აღმართი უსასრულოა... :|
Image
Image


ერთ ადგილას მდინარე (პატარა ნაკადული, რომელიც თითქმის მთლიანად დამშრალი იყო და ოდნავ მოწანწკარებდა) ორად იყოფა. ჩვენ ჯერ მარცხნივ (ანუ მარჯვენა ტოტს) ავუყევით, მაგრამ გაგვიძნელდა გზა, უკან დავბრუნდით და ახლა მარჯვნივ (ანუ მარცხენა ტოტს) ავუყევით.


ვიარეთ, კალაპოტი დამთავდა და დაიწყო მოტიტვლებული, პირქუში და უსიცოცხლო კლდე.
Image


შემდეგ როგორც იქნა ჩვენი მთავარი მიზანი — ისართღელეც გამოჩნდა.
Image


იღრუბლებოდა და დათოს დაანაკება შევთავაზე. წინა უღელტეხილზე განცდილის გამეორება ნამდვილად არ მინდოდა. მაგრამ დათო უარზე იდგა და მეც აღარ სევეწინააღმდეგე. დავიწყეთ ყველაზე რთულ — ბოლო მონაკვეთთან შეჭიდება.


წინ დათო მიდიოდა, რადგან ძალიან მსუბუქი ბარგი ჰქონდა. მის ჩანთაში მეტი ვერც ჩაეტეოდა. მე კი ორი კაცის ბარგი მიმქონდა და ძლივს მივდიოდი უკან. ბოლო მონაკვეთზე ძალიან გამიჭირდა... წვრილად ნაშალი ქვა ყრია მთელ ბოლო აღმართზე და შენ კი ადგამ ნაბიჯებს, მაგრამ ერთსა და იმავე ადგილას დგახარ მაინც. : ) ბევრი ვიგინე მაშინ, მახსოვს... :D
Image


გინებით და ტანჯვა-წამებით ავიარე ბოლო მონაკვეთი :) და, მე და დათო უკვე ისართღელის უღელტეხილზე ვიყავით.
Image
Image


ჩემი დაწერილი სტატია ვიკიპედიიდან: :)

ისართღელე — უღელტეხილი პირიქითა ხევსურეთში, ზღვის დონიდან 3486 მეტრზე. ერთმანეთთან აკავშირებს არხოტისა და შატილის ხეობებს. ერთ-ერთი უმაღლესი უღელტეხილია საქართველოს ფარგლებში (თუ ჩრდილოეთ კავკასიაში გადამავალ უღელტეხილებს არ ჩავთვლით).

მდებარეობა
ისართღელის უღელტეხილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე – ხევსურეთის ქედზე (მდინარეების ასასა და არღუნის წყალგამყოფი) მდებარეობს და ამ ორი მდინარის ხეობას (არხოტისა და შატილის ხეობები) ერთმანეთთან აკავშირებს. უღელტეხილამდე მისასვლელად არხოტის მხრიდან ტანიესწყლის ვიწრო ხეობის გავლაა საჭირო, შატილის ხეობის მხრიდან კი უღელტეხილამდე შედარებით განიერი – მდინარე გიორგიწმინდის ხეობა მიდის სოფელ გიორგიწმინდის ზემოთ. ბოლო მონაკვეთი ძალზე რთული ასავლელია, განსაკუთრებით – შატილის ხეობის მხრიდან. ამჟამად სატრანსპორტოდ აღარ გამოიყენება მიუდგომლობის გამო და მას მხოლოდ რთული მოგზაურობის მოყვარულები თუ სტუმრობენ. თუმცა, ადგილობრივების გადმოცემით, წარსულში ამ უღელტეხილით ხშირად სარგებლობდნენ.

ესეც ბმული:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98% ... A%E1%83%94


უღელტეხილიდან არხოტისა და შატილის ხეობების ულამაზესი ხედები იშლება. თუმცა ჩვენი იქ ასვლის დროს, შატილის ხეობა ნისლის გამო თითქმის საერთოდ არ ჩანდა. თუმცა არხოტის დაფიქსირება მაინც მოვახერხეთ.
Image
Image
Image


გარკვეული ხანი გავჩერდით უღელტეხილზე, სურათები და ვიდეოები გადავიღეთ და შემდეგ დაშვება დავიწყეთ. დაღმართზე ნაშალი ქვა ეყარა, ისევე როგორც არხოტის მხარეს. სრიალ-სრიალით ჩამოვდიოდით. ციცაბო დაღმართი აქეთ, გიორგიწმინდის მხარეს უფრო მაღალი იყო, ვიდრე არხოტის მხარეს. შესაბამისად, გიორგიწმინდიდან ამოსვლა ალბათ უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე არხოტიდან, ანუ საიდანაც ჩვენ ამოვედით. გვიკვირდა, თუ როგორ მოახერხეს ჩეხმა ტურისტებმა და ქართველების ჯგუფმა აქედან გადმოსვლა. მითუმეტეს, რომ გოგოებიც ახლდათ...
Image
Image


ისართღელიდან ჩამოსვლის ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=ErUhfcxg ... ture=g-upl


ძალიან დიდ ხანს მოვუნდით ჩამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ გზაში არ შევფერხებულვართ (წარმომიდგენია, ამოსვლას რამდენი ხანი დასჭირდებოდა). ქვევით ჩამოსულებმა ბილიკი ვერ ვიპოვეთ. მდინარის ნაპირს მივუყვებოდით და ვცდილობდით ფეხი არ დაგვესველებინა, საშინელი სასიარულო იყო... აღმართები, დაღმართები, უგზოობა, მდინარეზე გადახტომა-გადმოხტომა... თანაც ძალიან დაღლილები ვიყავით...


მინდორი გიორგიწმინდის ხეობაში
Image


სოფელ გიორგიწმინდამდე ვერ მივაღწიეთ (ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვიყავით მისგან). ბინდდებოდა. მდინარის მახლობლად ცოტა მოსწორებული ადგილი ვნახეთ და დავბანაკდით.






დღე 6


ავიშალეთ და წამოვედით. ისევ ცუდი გზები იყო.


ეს გადმოვიარეთ:
Image


გზად ასეთ ნანგრევებს წავაწყდით:
Image
Image


ბოლოს, როგორც იქნა ბილიკს და მწყემსების ბანაკს მივადექით, რომელიც უღელტეხილიდანაც კი მოჩანდა პატარათი.
Image


ორი მდინარეც გადავიარეთ და მწყემსებთან აღმოვჩნდით. აქედან უკვე ბილიკი იწყებოდა, რაც ჩვენი ტანჯვის დასასრულს მოასწავებდა. : ) მწყემსები გაცხარებულ მუშაობაში იყვნენ.
Image


დავადექით სოფლისკენ მიმავალ ბილიკს.


ბოლოს კიდევ ერთხელ შევხედეთ ისართღელის უღელტეხილს...
Image


გიორგიწმინდის გზაზე კინაღამ რომელიღაც მეცხვარის ძაღლები დაგვესიენ. გადავრჩით...


მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, გიორგიწმინდაშიც შევედით. მემგონი სოფელში არავინ არ იყო. მანამდე, გზაში შეგვხვდა ერთი კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დღეს აღარ იყენებენ ისართღელის უღელტეხილს სასიარულოდ, თორემ ძველ დროში მანდ ბილიკები იყო გაკვალული და ხალხი აქტიურად იყენებდაო.


გიორგიწმინდა
Image


გიორგიწმინდასაც გამოვცდით, არღუნამდე მივედით და მის გასწვრივ, მთავარ გზაზე განვაგრძეთ სიარული შატილისკენ, ქვევით.


Image


Image


ქაჩუს ციხეც გამოჩნდა
Image
Image


და ბოლოს, ჩვენი მოგზაურობის დასასრული — შატილი
Image


არღუნის პირას დავბანაკდით.






დღე 7


დიდი ტანჯვა-წამებით ვიშოვნეთ უკან მომავალი ტრანსპორტი და რაც მთავარია — მასში ადგილი. დავაწყეთ მასზე ჩვენი ბარგი სხვა მგზავრების მსგავსად და წამოვედით...
Image





სულ ეს იყო... : )
Last edited by Ismail on 17 მაი 2012, 16:45, edited 6 times in total.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1735
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by arcivi9 » 16 მაი 2012, 22:14

Ismail
თუ არ ვცდები სწორედ ამ ლაშქრობაზე იყო საუბარი სამშვილდეში ყოფნისას სუფრაზე ხომ? :roll:
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by shoda1121 » 16 მაი 2012, 22:20

Ismail
ესეც ლეგენდარული მოგზაურობის ამბავი :)
მაგარი ხარ ზურა, კარგი მოლაშქრეც, ყოველთვის პოზიტიურიც და ამასთან, პრაგმატულიც!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 16 მაი 2012, 22:24

arcivi9
კი, ესაა ის. : )




shoda1121
შენც. და ამიტომ კიდევ ბევრ ადგილს მოვივლით ერთად.. ; )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by ანააანო » 16 მაი 2012, 23:56

Ismail

ისე დაწვრილებით მოყევი და ისე დეტალურად გაქვს დასურათებული
ასე მეგონა მეც თქვენთან ერთად გამოვიარე ის გზა
და ვიგრძენი ის ემოციები

ჩემი თემოს ოცნებაა არხოტის ნახვა
იმედია ავიხდენთ როდისმე : )))

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 17 მაი 2012, 00:45

ანააანო
არაფერი არაა აუხდენელი ამაში. რამოდენიმე თავისუფალი დღე გინდათ და შემართება. ესაა სულ.. : ) ეს, რაც ჩვენ გავიარეთ, ძალიან რთული მარშრუტია. უფრო მარტივადაც შეიძლება არხოტის ნახვა, 4-5 დღეში. : )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by CheLo » 17 მაი 2012, 01:01

ზურა მაგარიაააააააააააააა <3 <3 <3 ამ გასვლაზე იმ დღესაც მესაუბრე :) :) და ამ ზაფხულს თუ არ განახორციელო შენ იყო აზერბაიჯანელი :lol: :lol: :lol: :lol: ოცნება ამისრულე და ხევსურეთში მანახე ის რაც ჯერ კიდე არ მინახავს :oops:
Image

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 17 მაი 2012, 02:06

CheLo
:D კარგი. აგვისტოს ბოლოს შეიძლება წასვლა. : )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by CheLo » 17 მაი 2012, 02:24

Ismail

თუ მართლა დაგეგმავ ზღვაზე აღარ წავალ აგვისტოს ბოლოს.. :roll: :roll:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by qvevri » 17 მაი 2012, 09:35

დიდებული გასვლაა, თავისი მონათხრობიან-სურათებიანად. როგორც წესი გასვლების უმეტესობის თემებში მხოლოდ ერთმანეთის სურათები დევს ხოლმე, თანაც სულ ერთი და იგივე ხალხი, სულ ერთი და იგივე პეიზაჟები, სულ ერთი და იგივე სიტუაცია, თანაც უსასრულოდ... მოკლედ, გავხსნი თუ არა ასეთ თემას მესამე სურათიდან თავს ვანებებ ხოლმე და პირდაპირ ბოლოში გადავდივარ, რადგან შუაში უკვე ვიცი ვისი სურათებია და რა სიტუაციაა... ერთხელ ერთი თემა გაიხსნა, სახელად ერთ-ერთი ტაძრის სახელი ერქვა. თემა გაიხსნა და ისე დასრულდა სურათების დადება, რომ ამ ტაძრის არც ერთი ფოტო არ იდო... სამაგიეროდ, ერთმანეთის სურათები იცოცხლეთ რა რაკურსით გინდა, რა კონტექსტში, რა პოზაში, მწოლიარე, მდგომარე, მხტომარე...(ნამეტანს ვბოდიშობ კრიტიკისათვის :wink: )
ქებათა ქება ამ გასვლის მესვეურთ! ყოჩაღ, დიდად ვისიამოვნე, და რაც მთავარია ნაღდი ლაშქრობაა. აბა წარმატებები!

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by Ismail » 17 მაი 2012, 11:11

CheLo
28 აგვისტო დასვენებაა, სამშაბათი. თუ 27 აგვისტოს გავეთავისუფლები სამსახურიდან, 24-28 აგვისტოს შემეძლება წასვლა. მანამდე, 2 კვირა ვაპირებ შვებულებას, მაგრამ ტობავარჩხილი და სვანეთი მინდა.

მოკლედ, შევეცდები. მეც ძალიან მინდა ხელახლა ამ ლაშქრობის განხორციელება. ნარკოტიკივითაა. : )

ერთი ესაა, 4 დღეში ამ ყველაფრის მოსწრებას დიიიდი ვაჟკაცობა უნდა! : )





qvevri
მიხარია კარგად თუ აღვწერე.. : )
ერთი ესაა, სურათები არ არის კარგი ხარისხის. ფოტოაპარატი არ გვქონდა როგორც აღვნიშნე და IPhone-ით და Nokia-ს ტელეფონით ვიღებდით... : (
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ისართღელეზე გადასვლა (ბარისახო — შატილი)

Post by shoda1121 » 17 მაი 2012, 14:05

Ismail
24-28ში უძირო ტბაზე რომ წავიდეთ ჩემსკენ?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]