ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 15:46

ტობავარჩხილზე რამდენჯერმე ყოფილან კარველები. თითოეული რეპორტაჟი საოცარ და სიმძაფრით გამორჩეულ თავგადასავალზე მოგვითხრობს, საიდანაც ერთ დასკვნას აკეთებ - საკმაოდ რთული მარშრუტია, ისეთი, სერიოზული მომზადება რომ სჭირდება. ამიტომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე სპონტანურად, ფაქტიურად 2 დღით ადრე გადავწყვეტდი ტობაზე წასვლას, მაგრამ ისეთი მაცდუნებელი იყო პაატას შემოთავაზებული წინადადება, უარს როგორ ვიტყოდი? :) პაატა ზუგდიდელების ჯგუფს მიყვებოდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში და მე, ილია და მელექსაც თან გაგვიყოლა. ავიღე შვებულება ამ, როგორც პაატამ მითხრა, 3დღიანი ტურისთვის, სათადარიგოდ 1 დღის შვებულება ზედმეტად მივაყოლე, რა იცი, რა ხდებათქო, ახლობლები გავაფრთხილე, თუ არ დავრეკე არ ინერვიულოთ, ტელეფონი არ იჭერს და სამშაბათამდე არ მელოდოთთქო. ერთი დღე აქაც წავუმატე, თავის დაზღვევის მიზნით.
ხუთშაბათს საღამოს ზუგდიდის მატარებელს გავყევით, პარასკევს, დილის 7-ის ნახევარზე უკვე ზუგდიდის რკინიგზის სადგურში ვიყავით. გავიცანით ჩვენი თანამგზავრები. სულ 13 ვიყავით. მალე მინიბუსიც მოვიდა და გავემართეთ სოფელ სქურისკენ. როგორც აღმოჩნდა ტობასკენ მიმავალი რამდენიმე გზა ყოფილა, აქედან სქური ერთერთია. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ მუხურიდან ავდიოდით და ნაზვავარზე გადასასვლელად ვიყავით მზად, შესაბამისი სალაშქრო ფეხსაცმელიც გვქონდა წაღებული და არაერთი :), მაგრამ სანდლები ფეხიდან არ გამიხდია 3 დღის განმავლობაში.
სქურში მისვლის შემდეგ, სანამ გამყოლები ბარგს ცხენებზე დაკიდებდნენ, მარშრუტი განვიხილეთ. მაშინ გვითხრეს რომ ეს შედარებით გრძელი, მაგრამ იოლი მარშრუტი იმიტომ იქნა შერჩეული, რომ ახალბედა მოლაშქრეებს არ გასჭირვებოდათ. თუმცა პირველსავე შესვენებაზე, როცა პირველი დაბრკოლება, სოფლის მდინარე გადავკვეთეთ და ცოტა ავიმაღლეთ, ერთერთმა გამყოლმა, უფრო სწორედ გამყოლთუხუცესმა, რომელიც დანარჩენ ორ გამყოლს თავის ნებაზე ატრიალებდა და რომელიც მელექსამ ენვეროლოგად მონათლა :), გვითხრა ტობამდე 50 კმ დაგვრჩაო :shock: ცოტა არ იყოს გაგვიკვირდა, 35 კმ-იანი მარშრუტის პირველი 3კმ-ის გავლის შემდეგ 50 კმ როგორ დარჩა. მთავარმა ენვეროლოგმა მაშინ გვითხრა, ხომ ვეუბნებოდი ორგანიზატორ ქალბატონს, 3 დღე ამ მარშრუტისთვის ძალიან ცოტაა, სულ მცირე 4 დღე უნდაო. ორგანიზატორ ცოლ-ქმარს გამყოლმა რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციამ ყველასთვის არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია. გამოდიოდა, რომ 3 დღეში 100 კმ უნდა გვევლო. მაშინ მივხვდი, რა კარგად მოვიქეცით რომ 1 დღე დამატებით ავიღეთ. 4 დღეში ტბამდე ასვლა ჩამოსვლა სიარულის კარგი ტემპის შემთხვევასი შედარებით რეალური ჩანდა. ეს იდეა ყველამ აიტაცა. თუმცა ამ გეგმის რეალობაში ეჭვი პირველად მაშინ შევიტანეთ, როცა დაწინაურებული კარველები უკან ჩამორჩენილებს ველოდებოდით, ჯერ 10-10 წუთით, მერე ნახევარი საათით, ბოლო "შესვენება" 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აი მაშინ მივხვდით, რომ ამ ტემპით სიარულის შემთხვევაში ტობას ვერ ვნახავდით :(. ერთერთი ასეთი ლოდინისას წყაროზე ერთ მწყემს გადავეყარეთ, თავის კარავში, იქაურად კარეში, შეგვიპატიჟა. დიდი მადლობა გადავუხადეთ , მეგობრებს ველოდებითქო ვუთხარით, მაგრამ არაფრით მოგვეშვა, სულ ძალით წაგვიყვანა თავისთან, კარავში გრილა, ცოტა დაისვენეთო. რაღას ვიზამდით, შევყევით. არ ვიცი რატომ ვითრევდი ფეხს, და რატომ არ მინდოდა კარავში შესვლა. ამის მიზეზს მალე მივხვდი, თურმე მთაშენკურ ინტუიციას რომ ეძახიან "კარველები", აი ის მე-6 გრძნობა ჩამერთო. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით შევედი დახუთულ, გახურებულ კარავში, ჩამოვსხედით საწოლებზე და ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა ოთარმა ხის ტაბაკას რომ სტაცა ხელი, წინ დაგვიდგა, უმალ დანით დასაჭრელი, უსქელესი მაწვნით სავსე ჯამები დაგვილაგა და ახლადამოყვანილი, მთელი თავი რძიანი სულგუნი ჩაგვითალა ჯამში, მაშინ მივხვდი, რაზეც მაფრთხილებდა ჩემი ინტუიცია იმ პარასკევ დღეს. ბიჭებს მეტი რა უნდოდათ? სულგუნის მოზრდილ ნაჭრებს ტაბაკაზევე დაყრილ დაფქვილ წიწაკასა და სუნელებში აწობდნენ, მერე ცხვირწინ მიტრიალებდნენ და აყოლებდნენ რა დროს მარხვაა, ასეთ სულგუნს სადღა გასინჯავო და უმალ ხახაში გადაუშვებდნენ ხოლმე. ასე გადასანსლეს მთელი თავი სულგუნი. ბატონმა ოთარმა ახლა მეორე თავი ჩათალა ჯამში. მაგრამ მაგრად ვიდექი :)) ცივი ღომის ნაჭრები ამოვავლე წიწაკიან-სუნელებიან ნაზავში და იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, ადვილად წარმოვიდგინე, რა ნეტარებით მიირთმევდნენ ბიჭები სულგუნს :). ბატონმა ოთარმა ღიმილით უცქირა, ბიჭების უზურპატორობას, ჩემს დამშეულ თვალებს და კიდევ ერთი თავი რძიანი სულგუნი პარკში გაახვია, აი აქ კი ნამდვილად შევწუხდი, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ უარი არ გამივიდა, ყველმა მელექსას ჩანთაში დაიდო ბინა მეორე დღემდე :)) ჩვენს ასსართულიან მადლობებზე, ბატონმა ოთარმა ჩაიღიმა, აქ ასეთი წესია, სტუმარი ისე არ უნდა გაუშვა, პატივი არ სცეო, მაგანასთან ჩემი ძმაკაცის, ელგუჯას კარეა, ის ციკანს მოკლავს რომ დაგინახავთო, სწორედ ასე თქვა :). მე კიდევ უკან რომ გამოივლით, შემომიარეთ ელარჯს გავაკეთებო. ელარჯის ხსნებაზე ბიჭებს ტობა სულ დაავიწყდათ, ერთმანეთს თვალებით ანიშნეს, ხომ არ დავრჩეთო :). თუმცა სერიოზულად დარჩენას არავინ აპირებდა, ისევ გზა გავაგრძელეთ, ჯგუფს რომ დავწეოდით, გაგვესწრო და მერე ისევ ჩვენ გველოდა მათთვის :). მორიგი ასეთი ლოდინისას მეორე მწყემსის - ტუტუს კარე მოვინახულეთ. ისევ სულგუნი, ღომი, მაწონი, ისევ ყველის მსუყე ნაჭრების ცხვირწინ ტრიალი :), თუმცა ამჯერად მშვიდად ვიყავი და მელექსას ჩანთაში შენახული სულგუნი სიმშვიდეს კიდევ უფრო მმატებდა :). ასე სეირნობა-სეირნობა-სტუმრობა-სტუმრობაში დაახლოებით 18 კმ გავიარეთ. გზა სამანქანე გზაზე გადიოდა, თუმცა სამანქანე გზა პირობითი ნათქვამია, ოდესღაც შეიძლება იყო კიდეც აქ სამხიდიანი მანქანების გზა, მაგრამ ახლა ყოველ 100 მეტრში ჩაწყვეტილი იყო გზა, სადაც შემორჩენილი იყო, იქ ბასრი ქვები და ლოდები ეყარა, რაც სიარულს სასიამოვნოს არ ხდიდა, მაგრამ იმ გზებთან შედარებით სადაც "კარავი" დადის, მაგ გზა გზატკეცილი იყო :). ვხვდებოდით, რომ ამ ტემპით 4 დღეშიც ვერ ჩავაღწევდით ტობამდე :(, მაგრამ ჩვენი თანამგზავრები გვამშვიდებდნენ, ხვალ დილით 5-ის ნახევარზე ავდგებით, 6-ის ნახევარზე გზას გავუდგებით და ტობამდე თუ არა, ტობას ძირამდე მაინც მივალთო. რაღას ვიზამდით, მაგ იმედით გავშალეთ კარვები და დავიძინეთ. თუმცა დაძინებამდე იყო ჯერ მწვადების შეწვის მცდელობა და მერე, რადგან შამფურები ვერ გამოთალეს, ხორცის მოხარშვის მცდელობა. ხორცმა მოხარშვა, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრო, სხვანაირად ღამის თევა მოუწევდა ვინმეს.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 15:47

დილით ჩვენს გასაკვირად ადრე წამოიშალა კარავი, მაგრამ რად გინდა, გამცილებლები ვერსად ვიპოვეთ. მხოლოდ ერთერთი - გელა გამოჩნდა ცოტა ხანში, დანარჩენები გზის დასაზვერად წასულიყვნენ. მდინარე მაგანას გადახედავენ და თუ წუხანდელმა წვიმამ არ აადიდა და გადასვლა შესაძლებელია, გზას გავაგრძელებთო. გვეგონა ცოტა ხანში უკან დაბრუნდებოდნენ, რადგან გვახსოვდა მათი გუშინდელი ქადილი, მე რომ გამიშვა ტობაზე - 2 საათში ავალ და უმალვე უკან ჩამოვალო. მაგრამ ტობაზე კი არა, მაგანას გადასახედამდე ასვლა-ცამოსვლა დილის 5 საათიდან 9 საათამდე ვერ მოახერხეს :evil: ჩვენ კიდევ ვისხედით და ველოდით. ამ ლოდინში ის ხორციც მოიხარშა, არადა გვეგონა რომ მისი გადაყრა მოგვიწევდა. გემრიელადაც მივირთვით თან ამ გასვლის ჰიმნს - "სიაეტ მორე ვ ერევანე"-ს ვღიღინებდით. ჯერ კიდევ გვქონდა იმედი რომ ტობაზე ასვლას მოვასწრებდით. თუმცა რაც დრო გადიოდა, ილო და მელექსა უფრო და უფრო სერიოზულად ფიქრობდნენ უკან დაბრუნების გეგმაზე, ტობამდე მაინც ვერ ავალთ ამ ტემპებით,და ჯობია ახლავე დავბრუნდეთო. ან კიდევ ელგუჯასთან დავრჩეთ მაგანაზე, ციკანს მოკლავსო :)) მათი გეგმები რომ მოვისმინე, გავბრაზდი, რა თქმა უნდა მე პირადად არსად დაბრუნებას არ ვაპირებდი. მოვითათბირეთ, რომ თუ ხალხი წინააღმდეგი არ იქნებოდა, გელას ცხენზე დაგვეტვირთა ჩვენი ბარგი და გელასთან ერთად წინ წავსულიყავით, ჩვენი ტემპით გვევლო და მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა ტობას ნახვის შანსი. მერე დანარჩენებიც წამოგვეწეოდნენ, ტბასთან ან ტბიდან უკან მომავალ გზაზე. ყველა გაგებით მოეკიდა ჩვენს მდგომარეობას, რადგან ერთადერთი ვისაც ეჩქარებოდა და ვინც 4 დღეზე მეტ დროს ვერ დარჩებოდა იქ, ჩვენ ვიყავით. გელაც დაგვთანხმდა. დავტვირთეთ ბარგი ერთ ცხენზე და ყველა ერთად გავუყევით გზას, ბანაკში მხოლოდ ორგანიზატორები თამუნა და მისი მეუღლე სვიმონი დარჩნენ ბარგთან ერთად, ენვეროლოგი მეგზურების და ცხენების მოლოდინში. ეს მეგზურები მალევე შეგვხვდნენ გზაში, მაგანას გადავხედეთ, გავლა შესაძლებელია, არაა ადიდებული, მაგრამ გზაა გაფუჭებულიო და გელას სასტიკი გაფრთხილება მისცეს უჩვენოდ არ გახვიდეთო. რა გაეწყობოდა, ვიფიქრეთ მალე დაბრუნდებიანო და ჩამოვსხედით ხის მორებზე. საუბარსა და ხუმრობაში დრო კი სასიამოვნოდ გაგვყავდა, მაგრამ თითოეული გასული წუთი, უფრო და უფრო გვაშორებდა ტობას მონახულების შანსს. ასე ველოდეთ 12 საათამდე! ილია, პაატა და მელექსა უკვე საკმაოდ მოშინაურდნენ, რომ ჩემთვის სისხლი ახლადგაცნობილი თანამგზავრების თანდასწრებით გაეშროთ. უკვრე ვეღარ და ვეღარ ვიგერიებდი მრავალრიხცოვან შემოტევებს, ხალხი კი ხალისობდა. თუმცა დროდადრო საათზე ვიცქირებოდით, არ გვავიწყდებოდა რისთვის ვიყავით იქ. უკვე მოთმინების ფიალა აგვევსო, რომ როგორც იქნა გამოჩნდნენ. საშინლად გაღიზიანებული ვიყავით გამყოლების ამ უპასუხისმგებლო საქციელით, რომ ჯერ დილით ამდენი დრო დაგვაკარგვინეს, იმის ნაცვლად რომ ჩვენთვისაც ეკითხათ აზრი და ვინ ეტყოდათ რამდენიმე კილომეტრის თუნდაც ტყუილად გავლაზე უარს? თითქოს ცდილობდნენ დრო სპეციალურად გაეწელათ და დაბრკოლებები შეექმნათ, რამეს თუ ვიტყოდით, ჯგუფს აბრალებდნენ, ძალიან ნელა დადიანო. თან როგორც ეტყობა მანძილს ადექვატურად ვერ აღიქვამდნენ. ახლაც არ ვიცი რამდენი კილომეტრია სქურიდან ტობამდე, იძახდნენ 45-50 კმ-იაო და მერე ჩვენს მიერ წინა დღეს გავლილ მანძილზე თქვეს 27 კმ გავიარეთო, საერთოდ დავიკარგეთ მათი მანძილის აღქმაში. :) არადა ჩვენი ფეხები საუკეთესო მეტრმზომია :) დაღლა თითქმის არ გვიგვრძვნია, ამიტომ ვერაფრით გავივლიდით 27 კმ, მით უმეტეს მაგ ტემპით. მაგრამ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ რადგან მოვიდნენ, არაფერს ვჩიოდით, მით უმეტეს რომ გვარწმუნებდნენ დღეს საღამოს ტობას ძირში დავბანაკდებითო. შეიძლება ტობამდე იმ საღამოს თუ არა მეორე დილას მივსულიყავით, მაგრამ უკან როდის დავბრუნდებოდით არავინ იცოდა, მით უმეტეს რომ გელას ჩვენთვის გამოყოლას მთავარი ენვეროლოგი არ დათანხმდა, ამას ისიც დაემატა რომ გვითხრა, მდინარის ადიდების შემთხვევაში შეიძლება უკან ვერ გადმოვიდეთ და რამდენიმე დღე იქ შევყოვნდეთო. აი აქ კი შევფიქრიანდი, ამ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა შემექმნებოდა სამსახურში, თან რამდენიმე დღეში ისევ შვებულების დაწერას ვაპირებდი თუშეთში წასასვლელად, ამიტომ მიუხედავად ჩვენი თანამგზავრების რჩევისა, "ლიკა, გარისკე და დალიე შამპანურიო " (ეს მელექსას უკეთ გამოდის, მე ისე ვერ ვამბობ :)) ) ვერ გავრისკე, და დავთანხმდი ბიჭებს უკან დაბრუნებაზე. ილიასაც ეჩქარებოდა თბილისში, ცალკე, სამსახური, ცალკე ოჯახი ჰყავდა ბორჯომიდან წამოსაყვანი და ცალკე უცხოელ სტუმრებს უნდა დახვედროდა. გელამ მარტო როგორ გაგიშვათო, ნადირია ტყეში, საშიშიაო. სტაცა თოფს ხელი და ჩვენი პროტესტის მიუხედავად ტუტუს კარემდე გაცილება მოინდომა, მაგრამ აქ ისევ აბობოქრდა მთავარი ენვეროლოგი, მერე ცხენს რა ვუყო, ვინ ატარებსო, სიტყვები არ გვესმოდა, მაგრამ ტონზე მივხვდით დიდად არ გახარებია გელას შემოთავაზება, ამიტომ ჩვენი გავიტანეთ, გელას დიდი მადლობა ვუთხარით, ბარგი ცხენებიდან ჩამოვხსენით და დავემშვიდობეთ თანამგზავრებს, იმ იმედით რომ მათ მაინც ანახებდნენ ენვეროლოგი გობლინები ტბას. მე ორი ზურგჩანთა მქონდა, დიდი, რომელიც ცხენზე იყო და პატარა რომელიც მთელი გზა ზურგზე მეკიდა, ბარგი გადავანაწილე, ჩემი ბათინკები და თბილი უსახელო ქურთუკი პაატას ბარგში გადავალაგე, რადგან მას ხელით სატარებელი არ ექნებოდა ბარგი, ნაწილი ისევ ჩემს დიდ ზურგჩანთაში ჩავტენე და პატარა ზურგჩანტა მელექსამ ჩაიდო ჩანთაში, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და შევუყევით ჯერ 200 მეტრიან დაღმართს, მერე კი 600 მეტრიან აღმართს, იქიდან კი 1100 მეტრიანი დაღმართი უნდა გაგვევლო. წინა დღეს რამდენიც ავკრიბეთ სიმაღლეში, იმდენივე დავკარგეთ, ამიტომ იგივე სიმაღლე გვქონდა იმ დღეს იმ მოკიდებული ბარგით ასაღები. მაგრამ მაგას ვჩიოდით? მიუხედავად დანანებისა რომ ტბა ვერ ვნახეთ, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც შინაგანი თავისუფლება იგრძნო, შემდეგი 2 დღის განმავლობაში ის გამცილებლები რომ არ მოგვიშლიდნენ ნერვებს. არსად რომ არ გვეჩქარებოდსა, სრული 2 დღე რომ გვქონდა და როგორც გვინდოდა ისე გამოვიყენებდით ამ დროს, გვინდოდა მინდორზე წამოვკოტრიალდებოდით, ჩიტების ჭიკჭიკს მოვისმენდით და მთებზე გაწოლილი ნისლის ფთილების ცქერით დავტკბებოდით, ბანაკსაც იქ დავცემდით, სადაც გაგვიხარდებოდა, გვინდოდა ისევ მწყემსებს შევუვლიდით, ნელ-ნელა ვივლიდით, როცა გვინდა დავისვენებდით, როცა გვინდა გზად გავაგრძელებდით, არც სადმე გვეჩქარებოდა და გვაგვიანდებოდა, ოჯახის წევრებიც გაფრთხილებული გვყავდა და დარდი არ გვქოინდა რომ ინერვიულებდნენ. ილოს და მელექსას სისხლის გაშრობაც არაფერს აკლებდა თავისუფლების ამ სასიამოვნო გრძნობას :).
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 15:48

მოულოდნელად წამოსულმა წვიმამაც ვერ გაგვიფუჭა განწყობა. საწვიმრები მოვისხით, მაგრამ წვიმა უფროდაუფრო ძლიერდებოდა და ნელნელა საწვიმარშიც გაატანა, მერე მაისურიც დაასველა, ჯინსის შარვალიც, მალე არაფერი არ დაგვრჩა ტანზე მშრალი, ერთადერთი საფიქრალი ფოტოაპარატი იყო, ვცდილობდი საწვიმრის ქვეშ ხელები ისე დამეჭირა რომ ნაკლები წყალი მოხვედროდა აპარატის ბუდეს. 3 საათი შეუსვენებლად წვიმდა, თან ელავდა და გრუხუნებდა, აქა იქ მეხი ცვიოდა. ჩვენების დარდი მქონდა, მივხვდი რომ ამ ამინდში მდინარის გადაკვეთა სიგიჟე იქნებოდა, რადგან მეორე ნაპირზე ჩარჩენის შანსი კიდევ უფრო იზრდებოდა. შეუსვენებლად მივდიოდით, დაღმართები ჩავიარეთ, მერე აღმართებს შევუყევით. გზად ნიაღვრები მოდიოდა და სანდლებით და უსირცხვილო ოთახის ჩუსტებით (როგორც მელექსა ეძახის) მივჭყაპუნობდით ამ გუბებში. მხოლოდ ნახევარი წუთით თუ შევჩერდებოდით, უკან მომავალს რომ დავლოდებოდით. ვცდილობდით ორ ნაბიჯზე მეტი დისტანციით არ გვევლო, რადგან უკვე ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა დათვის განავალი, ახალი არ იყო, მაგრამ მაინც არ გვაძლევდა საშუალებას, თავი კომპორტულად გვეგრძნო. ასე ავიარეთ 5კმ-იანი აღმართი, გვიმრისნაირი მცრნარეების ხევიდან რომ ამოვედით ცოტა დავმშვიდდი, დათვი მაგ მცენარეებს ეტანება, ზემოთ კი უკვე სხვა ფლორა იყო. ისევ შეუსვენებლად წვიმდა. სულ 2 წუთით გავჩერდით შესასვენებლად და როგორც კი გახურებულმა სხეულმა სითბო დაკარგა, კანკალმა აგვიტანა, თან გვშიოდა, ოთარის გამოტნეული ყველი გაგვახსენდა. გადავწყვიტეთ იმ წვიმაში, დასხდომის გარეშე წაგვეხემსა. ასე გემრიელად მე ცხოვრებაში არაფერი მიჭამია, ყველს რძე გასდიოდა ისეთი იყო და საწვიმარზე წვიმის წვეთებთან ერთად თეთრ კვალს ტოვებდა. მელექსას ნახევარი ლიტრა არაყი აღმოაჩნდა, რომელიც სპირტის ნაცვლად , სამედიცინო მიზნებისთვის ჰქონდა წამოღებული, სწორედ ამ მიზნით ვაპირებდით მის გამოყენებას ახლაც. თითო ყლუპი მოვსვით და დაკარგული სითბო ისევ დავიბრუნეთ. მერე ისევ გავაგრძელეთ გზა. სამი საათის განმავლობაში შეუჩერებელი, კოკისპირული წვიმის შემდეგ, ნალექი ნელ-ნელა შემცირდა, ცოტა ხანში სულ იკლო. ჩვენ უკვე სამშვიდობოს ვიყავით, ტუტუს კარეს ვუახლოვდებოდით. თავიდან ვიფიქრეთ, მისი კარვისთვის შეგვეფარებინა თავი და სველი ტანსაცმელი გაგვეშრო, მაგრამ სისველე იმდენად გვაწუხებდა, ბიჭები მოსახვევს მიეფარენ თუ არა, ვთხოვე უკან არ გამობრუნებულიყვნენ ჩემს ძებნაში, რაღაც ლოდი ვნახე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი, სველი კი ჩანთაში ჩავტენე. ბიჭებიც ასე მოქცეულიყვნენ და უკვე უკვე მშრალებს ტუტუსთან ასვლა დაგვეზარა, ისევ საგებელზე წამოკოტრიალება და მთებიდან ამოსული ნისლის ფთილების ყურება ვარჩიეთ. ნაწვიმარ და მზით გამთბარ ბალახს თავისებური, ძალიან სასიამოვნო სუნი ჰქონდა, მიწასაც ოხშივარი ასდიოდა. გადავწყვიტეთ ის ღამე ოთარის კარავთან ახლოს გაგვეთია და ოთარსაც ვწვეოდით სტუმრად. ოთარის კარვიდან სქურამდე 8 კმ. იყო ანუ იმაზე პატარა მანძილი რაც იმ დღეს გამოვიარეთ. ოთარის კარვამდე კი 2 კმ თუ გვქონდა დარჩენილი, ამიტომ ნელ-ნელა გავუყევით გზას, არსად გვეჩქარებოდა ყოველ 15 წუთში ნახევარი საათით ვისვენებდით საგებელზე წამოკოტრიალებულები, ან ფოტოებს ვიღებდით. თუ მანამდე ტობასთვის ვინახავდი კადრებსაც და ელემენტებსაც, ახლა შეუსვენებლად ვაჩხაკუნებდით ფოტოაპარატებს. ბოლო შესვენება ოთარის კარავთან ახლოს მოგვიწია, პენსიონერული დასვენება ცივი ყავის მირთმევით დავაგვირგვინეთ სიტყვებით, "რა დროს ტობაა, გაუმარჯოს სოჩას" :))), დროდადრო ის ყბადაღებული სიმღერა "სიაეტ მორე ვ ერევანე, ა ვ ერევანე მორია ნეტ" გვახსენდებოდა თავის სევანის ტბით, რომელიც "ნა პოლ ბაკა მენშე ჩემ ტიხი ოკეან" და თავის "პოდ კომნიამი" მძინარე "რიბა ფორელ"ით, რომელიც "ნა პოლ მეტრა კოროჩე ჩემ ოკეანსკი კიტ" :)) მოკლედ ასეთ მხიარულებაში მოსაღამოვდა, 6 საათი გახდა. მოიღრუბლა კიდეც და გამოვეშურეთ დასაბანაკებლად, სანამ წვიმა ისევ დასცხებდა. ოთარის კარავთან ახალგაზრდა ბიჭი დაგვხვდა, ოთარის შვილი იყო, თავად ოთარი სოფელში წასულა, შეგვიპატიჟა კარავში გაათენეთ ღამეო, მაგრამ მადლობა ვუთხარით და გზა განვაგრძეთ. იქვე წყაროსთან დავბანაკდით. კარვების გაშლა და ნორმალურად გაჭიმვაც ვერ მოვასწარით, რომ ისევ დასცხო წვიმამ, შევცვივდით კარვებში და წვიმის წვეთების ხმაურში ჩაგვეძინა.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 15:49

2 საათში რომ გავიღვიძეთ ჯერ კიდევ დღე იყო. ისევ წვიმდა, როგორც გარეთ ასევე ჩვენს კარავშიც :) საგებელი კიდევ გუბეში იყო დაფენილი :) აღარ ვიცოდით დაძინებამდე რა გვეკეთებინა და ისევ ოთარიჩთან სტუმრობა გადავწყვიტეთ, უკვე ბინდდებოდა, წავიღეთ ფანრები, ძეხვი, პური, კამფეტები და სხვა სასუსნავები, ჩავიცვით საწვიმრები და ტალახის გუბეებში ჭყაპა-ჭყუპით მივადექით კარავში. გაგამ შიგნით შეგვიპატიჟა, მარტო არ იყო, მისი მეგობარი - თემური ახლდა. კარავში ცეცხლი ენთო და თბილოდა, სველი წინდები გავიშრეთ, მასპინძელი უგემრიელესი მაწვნით, ყველით, რძით გაგვიმასპინძლდა. საუბარი ტობაზე ჩამოვარდა, თურმე თემური ტობაზე ჩხოროწყუს მთიდან ყოფილა ასული. ეს ტობაზე ასასვლელი კიდევ ერთი გზაა, რომელიც იმ გზას, საიდანაც ჩვენ ავდიოდით, ტუტუს კარავთან ეყოფა და ამ გზიდან მარჯვნივ უხვევს. ეს გზა კიდევ უფრო გრძელია, მაგრამ მდინარის გადაკვეთა ისეთ ადგილას არ გიწევს სადაც მდინარე ღრმაა, მაგანას თითქმის სათავესთან კვეთ, ამიტომ იმის შიშიც არ გექნება, რომ მოვარდნილი წყალი და წვიმა მეორე ნაპირზე ჩაგკეტავს. სქურიდან ტობასკენ მიმავალი ამ ორი გზის უპირატესობა კი ისაა, რომ თოვლიან უღელტეხილზე არ გიწევს გადასვლა, როგორც მუხურიდან, და გზა უფრო ადვილია. მერე გაგას მათ ყოფაზე, გარეულ ნადირზე, ნადირობაზე ჩამოვუგდეთ საუბარი. სხვათაშორის ვკითხეთ, დათვები ხომ არ აწუხებენ საქონელსო და მისმა პასუხმა მე პირადად ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყოველდღე უწევთ დათვების მოგერიება. ზოგადად დათვი ვეგეტარიანელია, მაგრამ ხორცი თუ გასინჯა, მერე საქონლის გასატაცებლად ხშირად სტუმრობს მწყემსებსო. თემურმა ისიც მოგვიყვა, როგორ გაიტაცა ბიძამისი თურმე დათვმა, როგორ დატორა და მერე მიწაში დამარხა. და დაელოდა სანამ არ იქცეოდა ლეშად, რომ შეეჭამა, მაგრამ ბიძამისს თავი მოუმკვდარუნებია თურმე, და დათვს რომ მისი სუნთქვა ვეღარ უგრძვნია, ეგონა მკვდარიაო და მიწაში ჩაფლული დაუტოვებია. ასე ექცევა გატაცებულ საქონელსაცო. ღამით უყვარს ნადირობა, წვიმიან ამინდშიცო. შეიძლება ცოტა აზვიადებდნენ კიდევ, კარვებში ღამის სათევად რომ არ წავსულიყავით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტყვებმა ცოტა შემაფიქრიანა, ამიტომ თუ თავიდან მათ კარეში დარჩენა სასტიკად ვიუარეთ დიდი მადლობებით, საბოლოოდ უარი აღარ გვითქვამს, სამი ზედმეტი საძილე აღმოაჩნდათ, თავად 1 საწოლზე მოთავსდნენ, მელექსა და ილია მეორე საწოლზე და მე ცალკე საწოლი მერგო, საძილეებში გავეხვიეთ და ცეცხლის ტკაცუნის და სახურავზე წვიმის წვეთების ხმაში ტკბილად ჩაგვეძინა. დიდხანს არ გვიძინია, ძაღლის ყეფამ გაგვაღვიძა, ჩვენი მასპინძლები საწოლიდან წამოფრინდნენ, კედელზე დაკიდებული თოფი და ტყვიები ჩამოხსნეს და "ჰოიიიი, ჰოიიიიი"-ს ძახილით გარეთ გაცვივდნენ. მივხვდი, რომ დათვი გვესტუმრა, მაგრამ შეშინებაც ვერ მოვასწარი, მალევე ისევ ტკბილად და უშფოთველად ჩამეძინა. იმ ღამის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე გამაღვიძა "ჰოიიი, ჰოიიიი"-მ, ასე დასდევდნენ თოფით ჩვენი მასპინძლები დათვს. დილის 5 საათზე ისევ გამეღვიძა რაღაც ჭურჭელში სითხის ჩასხმის ხმაზე, მალე ახლადმოწველილი რძის სუნმა შემიღიტინა ცხვირში. მალე რძიანი ქვაბი ცეცხლზე შემოდგეს. 7 საათი იქნებოდა საბოლოოდ რომ გამოვფხიზლდით. მასპინძლებს დილის საქმეები მოლეული ჰქონდათ და ყველის ამოსაყვანად ემზადებოდნენ. მალე ამოიყვანა კიდეც ყველი გაგამ. 10 ლიტრ რძეზე 1 კილო ყველი გამოდისო გვითხრა. ახლადამოყვანილი ყველი 4 საათის განმავლობაში რომ აფუვდება, მერე მისგან სულგუნს ვაკეთებთო. სამწუხაროდ 4 საათი ვერ დაველოდებოდით ამ პროცესს, რომ სულგუნის დამზადებაც გვენახა. მასპინძლებს მადლობა ვუთხარით და წასვლა დავაპირეთ, მაგრამ საუზმის გარეშე ვინ გაგვიშვებდა? ისევ მეფურად ვისაუზმეთ მაწვნით და სულგუნით. შუა საუზმის დროს ოთარმა დაურეკა გაგას. რომ გაიგო მასთან სტუმრად ვიყავით, გაუხარდა, მელექსას გაესაუბრა და მერე გაგას რაღაც უთხრა, რა უთხრა ამას გვიან მივხვდით, როცა გაგამ წითელი ხის მოზრდილი, დასამუშავებელი ნაჭერი გამომიწოდა, ეს თქვენ მამაჩემისგანო. ძალიან შევწუხდით, აღარ ვიცოდით მადლობა როგორ გვეთქვა. გადავწყვიტეთ ყველამ რამე ნივთი გამოვათლევინოთ მაგ დღეების და მაგ ოჯახის სამახსოვროდ. სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და წამოვედით ბანაკში, რომ სანამ არ წვიმდა სველი კარვები და საგებლები როგორმე გაგვეშრო.
ამ ლოდინში კიდევ რამდენიმე საათი დავყავით ბანაკში. ისევ საგებელზე ვიწექით, ან ყვავილებს ვიღებდით, მალე თემურმა ჩამოიარა, საქონელს მიერეკებოდა, უკანა გზაზე შემოგვიარა, ისევ გავაბით საუბარი. 11 საათი იქნებოდა, იქიდან რომ წამოვედით.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 15:50

2საათნახევარში უკვე სქურში ვიყავით, მაგრამ გზად ისევ 1 საათით შევისვენეთ. არსად გვეჩქარებოდა. მატარებელი საღამოს გადიოდა, ერთადერთი რაც ზუგდიდში უნდა გვენახა, დადიანების სასახლე და მუზეუმი იყო. მხოლოდ პაატას და ჩვენი თანამგზავრების დარდი გვქონდა, მაგრამ კი ვხვდებოდით რომ მეგზურები მაგ ამინდში მაგანაზე გადაყვანაზე არ დათანხმდებოდნენ. სქურს რომ მივუახლობდით, ის მონაკვეთები, რომელიც ასვლის დროსაც ტალახიანი იყო, ახლა საერთოდ გაუვალი დაგვხვდა. ფეხი ან კოჭამდე ეფლობოდა ტალახში და ფეხსაცმელი ღრმულში რჩებოდა, ან კიდევ ქვაზე ცურდა და ჩურჩხელასავით ამოვლების პერსპექტივა არცერთს არ გვხიბლავდა, ამიტომ გზის ნაწილი ფეხშველამ გავიარე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავები ვიქნებოდით, ცივილიზაციაში ჩამოსულებს, მდინარის გადაკვრთისას სქურის დამსვენებლები რომ შეგვეფეთნენ. ფოტოების ერთად გადაღება გვთხოვეს, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ იმაზე საშინლად და სასაცილოდ გამოვიყურებოდით, ვიდრე მეგონა :) ტალახიან ფეხებს და კოჭებს ვინ ჩივის მთელი ხელ-ფეხი, მკლავები, ზურგი და, ყველაზე უარესი, მთელი შუბლი კოღოს, ქინქლის და ბუზის ნაკბენებით მქონდა დაწინწკლული. მოგვიანებით სარკეში რომ ჩავიხედე, მარტო შუბლზე ქინქლის 50 ნაკბენი დავთვალე.
სქურის სამკურნალო წყალთან რაღაც მინიბუსი იდგა, გზა რომ ვკითხეთ, საიდანაც 5 კმ-ში ჩხოროწყუსკენ მიმავალ სარეისოს რომ უნდა გამოევლო, საიდანაც ზუგდიდში წავიდოდით, გვითხრა ცოტა ხანში მეც ჩხოროწყუში მივდივარ და გაგიყოლებთო. გაგვიხარდა. მაგრამ მანამდე ერთჯერადი ბოთლები უნდა გაევსო სქურის წყლით. ეს ბოთლები 20-მდე ტომარაში ეწყო. ალბათ 1 საათი ველოდეთ, მერე ავედით საბარგულში, მოვკალათდით ჩვენს ზურგჩანთებზე და გავუდექით გზას. ჩხოროწყუში მხოლოდ 6 საათიანი ავტობუსი დაგვხვდა, მუზეუმში ვეღარ ვასწრებდით, ამიტომ ტაქსი ავიყვანეთ და დაკეტვამდე მუზეუმის დათვალიერებაც მოვასწარით. სწორედ მაგ დროს პაატამ დაგვირეკა, დაფარვის ზონაში შემოვედით და საღამოს მატარებელს ჩამოვსუწრებთო. გაგვიხარდა რომ კარგად იყვნენ, თუმცა მისი სიტყვები, ტობა ვნახეთო, არ დავიჯერეთ :)) . გადავწყვიტეთ, ისევ მუზეუმის ეზოში დავლოდებოდით მატარებლის გასვლის დროს. ვიყიდეთ ლუდი, ხრამუნები, პური, ძეხვი და შევექეცით. თავიდან პურის და ძეხვის იდეა არ მომწონდა, ისედაც ბომჟებს ვგავართ და სირცხვილიათქო, მაგრამ მერე რომ შევხედე რა გემრიელად ილუკმებოდნენ ილო და გიო, მეც მოვითხოვე, პატარა ნაჭერი მომიჭერითთქო :).

სწორედ იქ გავაანალიზე, რომ ეს იყო ძალიან არაორდინალური გასვლა ჩემს სალაშქრო პრაქტიკაში, რომელიც იმის მიუხედავად რომ იდეაში ერთი დიდი იმედგაცრუება იყო, ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გასვლა გამოდგა, რომელიც იმ ემოციის გადმოსაცემად ყველაზე დეტალურ რეპორტაჟს იმსახურებს, რაც კი ოდესმე გამიკეთებია :). რადგან მივხვდი, რომ თურმე შეიძლება, სიმწრით აღებული შვებულების დღეების გაფლანგვის, დიდი ხნის ოცნების ჩაშლის და იმედგაცრუების, კოკისპირული წვიმის და დისკომოფორტის, ტალახის ზილვის, კოღოებისგან, ქინქლებისგან და ბუზებისგან დასახიჩრების მიუხედავად, მაინც დაისვენო სულიერად, აკეთო ისეთი რამ რაც ცხოვრებაში არ გიკეთებია, მაგალითად ღამე გაათენო მწყემსების ქოხში, დათვის სტუმრობას ისე მშვიდად შეხვდე რომ ამისთვის ძილიც არ გაიტეხო, იმგზავრო ავტოსტოპით მანქანის საბარგულში, მერე ლუდით ხელში მაწანწალასავით წამოკოტრიალდე ზუგდიდის ცენტრში სკამზე, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და გადაპრანჭული ზუგდიდელების გარემოცვაში, რომლებიც ცნობისმოყვარეობით გათვალიერებენ და სხვა გზა არ დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ მოირგო მათი მიკერებეული - უცხოელის იარლიყი, აბა რომელი ზრდასრული ქართველი მამაკაცი ივლის ზუგდიდის ცენტრში ილიასავით წითელი ნიფხავი-შორტებით? ილია ხუმრობდა კიდეც, ქართულად არ ილაპარაკოთ, ვითომ მართლა უცხოელები ვარტოო :)) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. კიდევ რამდენ უმსგავსობას ჩადიოდნენ, ვინც მათ იცნობთ, ეს ადვილად წარმოიდგენთ. გიოსთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, გვერდით მჯდომი ილია უცებ თავზე დამახტებოდა და ჩასაფრებული მელექსა კიდევ უცებ ჩააჩხაკუნებდა ფოტოაპარატს :))) ამიტომ მთაშენკას მაკომპრომიტებელი რამდენი ფოტო დაიდება ახლა აქ ან პირწიგნაკზე, ვინ იცის? :)

მატარებლის გასვლის დროც ახლოვდებოდა, პაატა კიდევ არ ჩანდა, მერე დაგვირეკა ვეღარ ვასწრებო :(. დღეს მითხრა ზვიადს გამოვყევიო :) ტობას "მონახულების" მისეულ ვერსიას ალბათ მისგან მოვისმენთ ;)

აი ეს უგრძელესი რეპორტაჟიც დასრულდა. შეიძლება წაკითხვაც კი დაგეზაროთ (უმრავლესობას დაეზარება კიდეც, ეჭვი არ მეპარება :) ), მაგრამ მინდოდა ის ემოცია რაც ჯერ კიდევ არ გამნელებია, პირველსავე წერილებში ფოტოების გარეშე გადმომეცა და ფოტოები მერე დამემატებინა.

ეს იყო ტობას ნახვის მცდელობა. იმედია მალე გავხსნი თემას "ტობას ნახვის მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა " :D

ფოტოებს მოგვიანებით დავდებ. რომ ავტვირტავ მერე.
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by გვალდა » 25 ივლ 2011, 16:05

ლიკაააააა, სანამ შენ წერ, მე ვკითხულობ. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. როგორ გადმოსცემ იცი? ნათლად აღწერ ყველაფერს და ასე მგონია მანდ როცა მოვხვდები იგივე ამინდში, ვფიქრობ, რომ უკვე ნაცნობი იქნება ეს ყველაფერი, მწყემსების ქოხებიც, დათვის ნაბილიკარებიც და თქვენი ნაბანაკარებიც :)

ეს როგორ მომეწონა
თურმე შეიძლება, სიმწრით აღებული შვებულების დღეების გაფლანგვის, დიდი ხნის ოცნების ჩაშლის და იმედგაცრუების, კოკისპირული წვიმის და დისკომოფორტის, ტალახის ზილვის, კოღოებისგან, ქინქლებისგან და ბუზებისგან დასახიჩრების მიუხედავად, მაინც დაისვენო სულიერად, აკეთო ისეთი რამ რაც ცხოვრებაში არ გიკეთებია, მაგალითად ღამე გაათენო მწყემსების ქოხში, დათვის სტუმრობას ისე მშვიდად შეხვდე რომ ამისთვის ძილიც არ გაიტეხო, იმგზავრო ავტოსტოპით მანქანის საბარგულში, მერე ლუდით ხელში მაწანწალასავით წამოკოტრიალდე ზუგდიდის ცენტრში სკამზე, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და გადაპრანჭული ზუგდიდელების გარემოცვაში, რომლებიც ცნობისმოყვარეობით გათვალიერებენ და სხვა გზა არ დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ მოირგო მათი მიკერებეული - უცხოელის იარლიყი...
სვანეთოლოგი

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by eloiza » 25 ივლ 2011, 16:16

ლიკაააააა, სანამ შენ წერ, მე ვკითხულობ.
მე კიდევ მგონია რომ მეც იქვე ვიყავი და მეც გადამხდა იგივე ამბავი თავს :))) მაგრები ხართ

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Iako. » 25 ივლ 2011, 16:22

Mta Mkvarebia wrote:,

იმედია მალე გავხსნი თემას "ტობას ნახვის მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა " :D

.
მჯერა მალე გახსნი და ვისურვებდი მეც იქ ვყოფილიყავი :)

ძალიან ვისიამოვნე შენი მონათხრობით და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ტობას ნახვის სურვილი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by გვალდა » 25 ივლ 2011, 16:37

შეუდარებელი გამოცდილებაა ტობას მარშრუტისთვის 8)
სვანეთოლოგი

User avatar
shalva
ბოდიალა
Posts: 236
Joined: 29 ივნ 2009, 15:08
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by shalva » 25 ივლ 2011, 16:51

ჰოდა ამ ჭიქით ტკბილ მოგონებებს გაუამრჯოს რომელიც მწარე იყო და ტკბილად გვახსენდაებაო კიარადა :oops: ტობაზე მეც მინდა მეთქი რომ ვთქვა არ დამიჯერებთ ხო :? :roll:
2*2=5

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by zura N. » 25 ივლ 2011, 17:06

აი მესმიის... ძალიან მაგარი იყო... თავიდან ბოლომდე გადავიკითხე... ძალიან თავგადასავლიანი ლაშქრობა გამოგსვლიათ... კითხვისას ცოტა ნოსტალგიამაც შემაწუხა... :D მაგრები ხართ, ძალიან კარგი მონაყოლია...!!!
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by zura N. » 25 ივლ 2011, 17:08

გვალდა wrote:ლიკაააააა,
ეს როგორ მომეწონა
თურმე შეიძლება, სიმწრით აღებული შვებულების დღეების გაფლანგვის, დიდი ხნის ოცნების ჩაშლის და იმედგაცრუების, კოკისპირული წვიმის და დისკომოფორტის, ტალახის ზილვის, კოღოებისგან, ქინქლებისგან და ბუზებისგან დასახიჩრების მიუხედავად, მაინც დაისვენო სულიერად, აკეთო ისეთი რამ რაც ცხოვრებაში არ გიკეთებია, მაგალითად ღამე გაათენო მწყემსების ქოხში, დათვის სტუმრობას ისე მშვიდად შეხვდე რომ ამისთვის ძილიც არ გაიტეხო, იმგზავრო ავტოსტოპით მანქანის საბარგულში, მერე ლუდით ხელში მაწანწალასავით წამოკოტრიალდე ზუგდიდის ცენტრში სკამზე, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და გადაპრანჭული ზუგდიდელების გარემოცვაში, რომლებიც ცნობისმოყვარეობით გათვალიერებენ და სხვა გზა არ დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ მოირგო მათი მიკერებეული - უცხოელის იარლიყი...
ვეთანხმები მაკას, ეს მართლაც ძალიან მაგარი იყოო... :!: :) :wink:
ზუსტად ისაა გადმოცემული რაც ლაშქრობებს დაუვიწყარს ხდის და თავის განსაკუთრებულ ხიბლს ძენს, რომელსაც თუ ერთხელ მაინც არ განიცდი, ისე ვერ წარმოიდგენ რა არის... :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by CheLo » 25 ივლ 2011, 17:25

მაგარია ლიკუშ ძალიან მაგარი... ვაიმე მე გასინჯული მაქვს მწყემსების გამოყვანილი სულგუნი დაჭრისას რომ რძე გასდის!! და უცებ წარმოვიდგინე ის დრო... შემშურდა კიდეც : ) ) ) ) ) )

ისე რა უხერხული სახელი ქონია იმ ადგილს "ტუტუ" : ) "ტუტუელი ხარ ბიჯო შეენ?? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Archil » 25 ივლ 2011, 17:35

ცუდებო და ამაზრზენებოოო... ( აქ არ დავწერ სხვა სიტყვებს რასაც ეხლა თქვენზე ვფიქრობ)

მე რატომ არ გამაგებინეთ? ვითომ არ იცით რომ ტობას ნახვა მინდა გულით ხო?

ეგეც თქვენა , არ მიგიშვათ ტობამ - ჯერ მეგობრების სიყვარული ისწავლეთ და მერეო...

ხომ ხართ დარწმუნებულები, მე რომ ვყოფილიყავი, ავიდოდით

ასე რომ საზიზღრები ხართ :!: :!: :!: :!:

ესაა ჩემი პოზიცია ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 ივლ 2011, 17:55

გვალდა
eloiza
Iako.
shalva
zura N.

მიხარია რომ წაკითხვა არ დაგეზარათ ;)
იმედია ყველას გვეღირსება ტობას ნახვა. ზურა შენ კიდევ მაგ ნოსტალგიას გაიქარვებ ისევ მანდ მოხვედრით :D

WenTTo

ტუტუ ადგილს კი არა მწყემსს ერქვა :), უფრო სწორედ მისი ზედმეტსახელი იყო და მასე გაგვეცნო.


Archil
შენ თვითონ ცუდო, ვერ წაიკითხე რომ ეს კარვული გასვლა არ იყო? :D
პაატა თავის საქმეს აკეთებდა და სიკეთე გაგვიკეთა და ხელს გაგვაყოლა, თორემ მითხარი ადამიანი კარავზე, ვისაც ტობას ნახვა არ უნდოდა, მათ შორის პაატას უახლოეს მეგობრებს ;) ყველას ხომ ვერ წაიყვანდა?
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]