GAMARJOBA SAKARTVELO
paraskevs aseve erti tanakarveli eka lomize lomikata iyo dabashi da tavisi tvalit naxe mdgomareoba kvirispalitrashi daibeWda 2 sxvadasxva avtoris statia, cota xarvezebi vics ar modis
mtavaria realobis swore shefaseba:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
შინაური და გარეული აგრესორები საქართველოს ტყეებში
ბუნება აღსადგენია, გარემოს დაცვის სამინისტროს კი დაფინანსება შეუმცირეს(?)
ბორჯომიდან შეგვატყობინეს, სოფელ დაბაში დაწვას გადარჩენილ ხეებს ჭრიან და, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე უკიდურესად სავალალო ვითარება შეიქმნასო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 40 ექსპერტით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე კატეგორიულად აკრძალა ახლა უკვე გაჩანაგებულ ტყის მასივებში დამწვარი ხეების მოჭრაც კი. თუმც, როგორც ჩანს, ბრაკონიერებისთვის ეს დაბრკოლება არ არის.
გადავწყვიტე, სოფელ დაბაში ჩავსულიყავი. რაც იქ ვნახე, შემაძრწუნებელი იყო. დამწვარი ტყე თითქმის ერთიანად არის გაკაფული. ირგვლივ კუნძები და ახალმოჭრილი ჯანსაღი ხეები ყრია. მოჭრილ მორებთან ნახერხი სულ ახალია, გადახერხილი ხეების მერქნის ფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ხეებს გაზაფხულამდე სიცოცხლე რომ დასცლოდათ, ისევ აშრიალდებოდნენ. თუ აგრესორმა ტყე დამიწვა, რა გასაკვირია, მაგრამ ახლა (ან მანამდე) ამ ტყეს ჩემივე თანამემამულე რომ აოხრებს, თავზარდამცემია. საერთაშორისო კომისიამ რომ მოინდომოს რუსული აგრესიის შედეგების ნახვა დაბის ტყეში, ალბათ, უხერხულად ვიგრძნობთ თავს, რადგან შესაძლოა იმის მტკიცება დაგვჭირდეს, რომ ოდესღაც აქ ტყე იყო.
ხანძრით განადგურებული ქართული ნაძვის პაწაწინა ნერგები მთის კალთაზე, ერთ ადგილას ლამაზად ბიბინებენ. ახლა მათ ადამიანის დახმარება სჭირდებათ, რადგან დიდრონი ხეები აღარ ჰყავთ მფარველად და თავად მოუწევთ ბრძოლა წვიმასა და თაკარა სიცხესთან. ესეც მანამ, სანამ მოიზრდებიან, თორემ მერე იქით დაეხმარებიან ტყეს. გააბნევენ თესლს და განადგურებული უნიკალური ქართული ნაძვის კორომების ადგილს ახალი თაობა დაიკავებს.
ზემოთ ხსენებულმა კომისიამ მუშაობა ახლახან დაასრულა და ვიმედოვნებთ, მისი დასკვნის საფუძველზე ხელისუფლება ოპერატიულად მიიღებს ბორჯომის რაიონის ნახანძრალი ტყეების გადარჩენისთვის ზომებს. თუმც, ერთი რამ უცნაურად მეჩვენება - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირეს. ვითომ ამის დრო იყო? ტყეები გადასარჩენ-აღსადგენია, გასაძლიერებელია მათი დაცვა როგორც რეინჯერების რაოდენობით, ისე სახანძრო აღჭურვილობითა და ტექნიკით. შემცირებული ბიუჯეტის ხარჯზე კი აბა, რა შედეგი უნდა მივიღოთ?
ეკა ლომიძე
es meore statia kvirispalitrashi eter eradzis:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm
რა უშველის გადამწვარ ბუნებას?!
«ხალხმა თვითონ რომ ვერ მოჭრა შეშა, ბრაკონიერებს მიჰყიდა. მათ კი ხანძრამდე
აჩეხეს ბორჯომის პლატო და სხვა ადგილებიც»
მტერს ჩვენი მიწიდან აყრა უნდა. ტყეებიც ამიტომ გადაგვიწვა. გაგვიჩინა შიში, რომ ტყის აღდგენას თაობები ვეღარ მოესწრებიან, ხოლო ვინც დავრჩით, ნიაღვრები და ეროზიები წაგვლეკავს. მაგრამ მადლობა ღმერთს, ქართველი მეტყევეები ასე არ ფიქრობენ. ისინი ამბობენ, რომ ბორჯომში შეიძლება 20 წელიწადში აშრიალდეს ტყე, მაგრამ არა ასე, - როცა ვაი-უშველებელი ავტეხეთ, ტყე დაგვეწვაო და მერე, როგორც გვჩვევია, ჩვენს «ბუდეებში» უშფოთველად მოვკალათდით. ამჯერადაც ყველაფერი ისეა, როგორც ორი წლის წინ იყო, როცა აბასთუმნის მიმდებარე 700 ჰექტარი ტყე გადაგვეწვა და შოკში ჩავცვივდით, მაგრამ აღსადგენად თითიც არ გაგვინძრევია. მეტყევეები სასოწარკვეთილები არიან... ასეა ბატონი ტრისტან ჩერქეზიშვილიც, - ადამიანი, რომელმაც 55 წელიწადი იმ ტყის გაშენებას შეალია, ახლა რომ ნაცარტუტად არის ქცეული...
- რაც ღმერთს ჩვენთვის უჩუქებია, რაც მამა-პაპას შვილებისა და შვილიშვილებისათვის შემოუნახავს, იმას ვკარგავთ და სასოწარკვეთილი როგორ არ უნდა ვიყო... ჩიტები ბუდეებში ამომწვარი, მიწაზე - ირმები, მიწაში - მწერები და სოკოები... საჭმელ სოკოზე კი არ ვამბობ, იმ სოკოს ვგულისხმობ, რომელიც ტყეს მიწას უმზადებს და ზრდის... თქვენ მეტყვით, ჩვენ რა შუაში ვართ, ტყეები მტერმა გადაგვიწვაო. მაგრამ ეს სულ ასე იყო, მტერი წვავდა, ჩვენ აღვადგენდით. ქართველი კაცი ისე არ წავიდოდა იმ ქვეყნად, გაჩეხილ ვენახში ვაზი არ დაერგო და გადამწვარ ტყეში - ნერგი. შთამომავლობას რომ ეარსება, იმიტომ რგავდა. ახლა? გაჩეხილი და საზღვარგარეთ გატანილი ჩვენი ტყის შემოტანილი ფულიდან სულ ცოტა მაინც ტყეებისთვისვე რომ დაეხარჯათ, ხანძრები ამოდენა ფართობებს აღარ გადაბუგავდა, - 1500 ჰექტარია დამწვარი. ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა იყო საჭირო და ცეცხლი ასე არ დაგვაქცევდა. ეს გახლავთ ტყეებში მოწყობილი მიწაყრილები, რომლებიც ცეცხლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას უშლის ხელს. 55 წელიწადი ტყეების გაშენებაზე ვმუშაობდი და ბორჯომში პირველად არ გაჩენილა ხანძარი, მაგრამ ეს ზოლები Aაჩერებდა. ამის გარდა გაჩეხილ ტყეში ქარი ადვილად მოძრაობს და ცეცხლიც ადვილად ედება, ვიდრე დაბურულს. ამას ახლა არჩევნების წინ დარიგებული ვაუჩერები დაამატეთ, - ხალხმა თვითონ რომ ვერ მოჭრა შეშა, ბრაკონიერებს მიჰყიდა. მათ კი ხანძრამდე აჩეხეს ბორჯომის პლატო და სხვა ადგილებიც.
- ძალიან შეწუხებული ჩანხართ...
- იმიტომ, რომ ამ უბედურების გამოსწორება უკვე რამდენი ხანია დაწყებული უნდა გვქონდეს და ხელიც არ გაგვინძრევია, მარტო ლაპარაკი ვიკმარეთ. ორი წლის წინაც ასეთ ხმაურს ვისმენდი ტელევიზორში, როცა აბასთუმნის ტყეები იწვოდა. ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ და 700 ჰექტარი ტყე მივატოვეთ გადამწვარ-გადაბუგული. გაიძახიან, გადამწვარ ფერდობებს ნიაღვრები ჩამოშლის, ეროზიები და მეწყრები წაგვლეკავსო... ეს ხომ ჩვენც ვიცით, მაგ დალოცვილებმა ის გვითხრან, ეს რომ არ მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ტყე რომ დაგეწვება, მეტყევეს უნდა დაეკითხო, რა ვქნათო, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. აგერ ვარ და გეტყვით, - სამწუხაროდ, ყველა დაპირება უაზრობაა, რადგან დამწვარი ხეებისგან ტყის ორგანიზებული გაწმენდა აზრად არავის მოსდის. ამ დამწვარ მასაზე მალე მავნებელი გაჩნდება და რაც გადაგვირჩა, იმასაც გაგვინადგურებს. მხოლოდ ხეების ტანია გამოსატანი, ტოტები კი უნდა ჩამოიჭრას და იქვე დაიხორგოს, ამ წვრილ ტოტებს ნიაღვრების შეყოვნება შეუძლიათ, როცა თოვლი მიწისკენ დაიტანს. ამით კი ეროზიაც შეჩერდება... ამის გაკეთებას რა დიდი ამბავი უნდა! ნოემბრიდან მარტამდე კი თესლის შეგროვებაა დასაწყები, რომ გაზაფხულზე დავთესოთ. საუბედუროდ, ჩვენი საქმე იქამდე მივიდა, რომ თესლის გამომყვანი მარტო ერთი კაცი შეგვრჩა ხაშურში, ისიც თესლს უცხოელებზე ყიდის, - ჩვენ აღარ გვჭირდებაო...
- ტყის თესლი სად უნდა დავთესოთ, სანერგეები რომ აღარ გვაქვს...
- ასეა. როგორც მტერმა, ტრაქტორებით გადავუარეთ სანერგეებს, - 15 წელიწადია ტყეებისთვის თესლს ვეღარსად ვთესავთ. საქმის გაკეთება რომ გვინდოდეს, დაწყებული უნდა გვქონდეს სანერგეების აღდგენაც...
- თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ჩვენს ტყეებს ბუნებრივი აღდგენის უნარი აქვთო.
- ჩვენი ტყეები საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივად შენდებოდა, მაგრამ ამ ვითარებაში ბუნებრივ აღდგენასაც დასჭირდება ჩარევა. მიწა გადამწვარია და რა ამოვა! ამიტომ გაზაფხულზე ეს გადამწვარი მიწა უნდა გადავჩიჩქნოთ, ბაქნები ან ტერასები გავაკეთოთ და აუცილებლად ჩვენს ტყეებში შეგროვებული (და არა სხვაგან შეგროვებული!) თესლი დავთესოთ. სიღრმეშიც უეჭველად იქნება დაწვას გადარჩენილი თესლი და ისიც ამოვა. მაგრამ ბუნებრივ განახლებას დიდი დრო სჭირდება. ყველაზე უკეთესი ნერგის გამოყვანა და დარგვაა.
- სხვა გზაც ხომ არსებობს, ვთქვათ, ნერგის შემოტანა.
- ბორჯომის ტყეში, ან თუნდაც ატენის ხეობაში როგორ შეიძლება შემოტანილი წიწვოვანის ჩარგვა, იმას რა გაახარებს?! ჩვენს ტყეებში კავკასიური კაუჭა ფიჭვი ხარობს. გაოგნებული ვარ, როდესაც ნერგების დარგვაზე ლაპარაკობენ. საიდან მოაქვთ? კავკასიური კაუჭა ფიჭვის ნერგი არა გვაქვს და რას რგავენ!.. ერთადერთი - შავი ფიჭვი შეიძლება დაირგას, მაგრამ არა ტყეში, არამედ მოსახლეობასთან ახლოს, ტყეების განაპირას და ისიც 10-12 სმ სიმაღლისა. მაღალი ნერგი გასახმობად არის განწირული, არ გაიზრდება. მორწყვა უნდა. ვინ მორწყავს? ასე ლაპარაკი უცოდინარობამ იცის. ახლა ტყის მომვლელებად რეინჯერები დანიშნეს. ალბათ არ იციან «რეინჯერის» მნიშვნელობა - პოლიციას ტყის გაშენების რა გაეგება! ის ხალხი კი, რომელმაც იცის, ჩვენი მიწის რომელ სანტიმეტრზე რა დარგოს, შინ ზის. სამაგიეროდ, ტყეების გადახმობაში ფულს ჰოლანდიელ მეტყევეებს უხდიან... 1998 წელს მსოფლიო ბანკმა ჩვენი ტყეების განაშენიანებისთვის 20 მილიონი დოლარი გამოყო. ამ ფულის ასათვისებლად თვეში 4-5 ჰოლანდიელი მეტყევე ჩამოდიოდა და მივლინებისთვის 20.000 დოლარს იღებდა... მათვე აიჩემეს, სართიჭალაში უნდა გავხსნათ სანერგეო. როცა ვკითხე, - ჩვენისთანა ნახევრად უდაბნოს პირობებში თუ გიმუშავიათ-მეთქი და, - არაო. აბა, ვის იმედზე აშენებთ სართიჭალაში სანერგეს, სადაც ზაფხულში უდაბნოს სიცხეა და ზამთარში ციმბირის სიცივე-მეთქი. თქვენი მეტყევეებისო. მაგრამ ჩვენ ვინ რას შეგვეკითხა...
აი, ასეა ჩვენი საქმე... ოდესმე ხომ უნდა გაიღვიძოს ამ მიწის ნამდვილმა სიყვარულმა?! ამაში, ოთხმოც წელს მიღწეული კაცი, როგორც მეტყვიან, ისე მოვეხმარები... თუ არადა, ამ მიწის გახრიოკებას შთამომავლობა არავის დაუვიწყებს...
ეთერ ერაძე