ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
lasharela
ბილიკზე მოარული
Posts: 95
Joined: 25 აგვ 2008, 21:59
Contact:
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by lasharela » 27 ოქტ 2009, 20:46

თუ ირანი და უნდილაძე, მაშინ ეგვიპტეშიც ექნებათ მამლუქებს რამეები აშენებული. სირიაზე რამე ინფორმაცია გაქვთ?
ამ მთისა და იმ ბარისა...

http://www.lasharela.tk

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by burdiani » 30 ოქტ 2009, 09:48

lasharela wrote:თუ ირანი და უნდილაძე, მაშინ ეგვიპტეშიც ექნებათ მამლუქებს რამეები აშენებული. სირიაზე რამე ინფორმაცია გაქვთ?
ეგ ისეთივე სიტუაცია უკვე სადაც რამე გაკეთებულა ყველაფერი რომ ნახო მაგრამ ძნელია მაგის მოძებნა, ძირIტადი კი ჩვენს საზღვრებთან მდებარეობს

ნუ დანარჩენი არ ვიცი კარგი გამოკვლევა სჭირდება
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 10:52

ვებ-გვერდზე http://tao-klarjeti.ge/qartuli_monastre ... garet.html
საინტერსო ცნობები
ვნახე უცხოეთში მდებარე ქართული ძეგლების თაობაზე.
გთავაზობთ წერილობით ვარიანტებსაც

სინის მთა (სინას ან სინაის მთა)
სინას მთა არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. ბიბლიის მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწებისაკენ მიჰყავდა და ათი მცნება გადასცა.

ქრისტიანები ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.

სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.

სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იოანე მინჩხს. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინის მთაზე იღწვოდნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი და სხვა მრავალი.

სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.

ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინის მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო სათანადოდ შესწავლილი არ არის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 10:54

აგიაპანტი
ქართული მონასტერი ბიზანტიაში, ქ. კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი). ქართველები "ყოველთა მონასტერს" უწოდებდნენ. XI საუკუნის II მეოთხედში ბიზანტიის ხელისუფლებამ ქართველ ეპისკოპოსს ზაქარიაბანელს უბოძა. 1030 ამ მონასტერშია გადაწერილი ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი მაქსიმე აღმსარებლისა და გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებანი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:01

პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის მონასტერი, ასევე ბაჩკოვოს მონასტერი (ბულგ. Бачковски манастир) ბულგარეთში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი მონუმენტია და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს მდ. ჩეპელარეს მარჯვენა სანაპიროზე, სოფიიდან 89 კმ-ში და ამჟამად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

მონასტრის არქიტექტურა გამოირჩევა საერთო რწმენით დაკავშირებული ბიზანტიური, ქართული და ბულგარული კულტურის უნიკალური კომბინაციით.

მონასტერი 1083 წელს დააფუძნა უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პეტრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას 1204 წელს მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს.

ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე ივანე ალექსანდრე, რაც სამლოცველოს ერთ-ერთი თაღის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.

გაძარცვულ-განადგურებული მონასტერი XV საუკუნეში ისევ აღადგინეს. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.

მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.

შემონახულია 1311 წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:06

უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთების ჩრდილოეთ კალთაზე აღმართულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების ქართული სავანე, რომლის თაობაზეც გიორგი ჯორჯაძე გასულ საუკუნეში ამცნობდა ქართველ მკითხველებს.

პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვის სავანე სიდიდით მეორე ადგილზეა ბულგარეთში რილის მონასტრის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე ჩეპელარსკას მერჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. მისგან 30 კილომეტრით არის დაშორებული ქალაქი პლოვდივი, წარსულში ფილიპოპოლი; „ბულგარეთის იერუსალიმად“ წოდებული ასენოვგრადი კი მონასტრიდან ათიოდე კილომეტრშია. მაღალი გალავნით გარშემოვლებული და მთლიანად მწვანეში ჩაფლული სავანე გარედან ნამდვილ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. მის წინ მრავალწლოვანი ჭადრები და კაკლის ხეები აზიდულან. როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩეპელარსკას მჩქეფარე ტალღები აი უკვე ცხრა საუკუნეა ამკობენ მონასტრის შემოგარენს.

ამ მიდამოებში ჰავა რბილია და შედარებით თბილი, ნამდვილი სიცივე შუა დეკემრიდან თებერვლის დასაწყისამდე იცის; მაგრამ ამ პერიოდშიც ხშირია მზიანი დღეები. თოვლი დიდი ხნით არ ჩერდება. მხოლოდ რამდენიმე დღეა იანვარში, როდესაც ტემპერატურა - 7-10 გრადუსამდე ეცემა. ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარშია. ძალზე იშვიათია, რომ ზაფხულში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავიდეს. ეგეოსის ზღვიდან მონაბერი თბილი და საამო ქარები ამ რაიონში ქმნიან სასიკეთო პირობებს ყოველგვარი ხე-მცენარეების - ბალის, ლეღვის, ხურმის, ატმის მოსაყვანად. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ხარობს ნაირგვარი ხილი და ბოსტნეული.

ტბილი, ანკარა, ყინულივით ცივი მთის წყაროებით, გვალვებშიც რომ არ შრებიან, სურნელოვანი ყვავილებით მოჩითული ლამაზი მდელოებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით შეუმოსია უფალს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე, რომელიც გაუშენებიათ „შორს სოფელთაგან და მსოფლიოთა, ამას შუენიერსა უდაბნოსა, რომელი აღასავსე არს ყოვლითა კეთილითა, ესე-იგი არს მრავლითა და ტკბილითა წყლითა და წყაროებითა და მათ შინა მრავლითა და გულის-სათქუმელითა თევზითა და თითო-სახითა ნაყოფითა, ხილითა და ვენახებითა და მხლითა და გუარად-გუარადითა და სხვითა ყოვლითავე, რომელიცა უხმს მონაზონთა“.

პიროვნება, ვისაც ასე საგულდაგულოდ შეურჩევია ადგილ-მამულები, აღუშენებია და დაუმკვიდრებია ამ თვალწარმტაც მიდამოში სავანე, გახლდათ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე გრიგოლ ბაკურიანის-ძე, რომელმაც XI საუკუნის მიწურულს - 1083 წელს, ბულგარეთის მიწა-წყალზე დააარსა ქართული მონასტერი, სადაც ქართველი ბერ-მონაზონნი მშობლიურ ენაზე აღუველენენ უფალს ლოცვასა და ქება-დიდებას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:10

ღალია კვიპროსში

ღალია, ძველი ქართული მონასტერი კუნძულ კვიპროსზე. კვიპროსზე მრავლად იყვნენ ქართველი მოღვაწენი. მათ კოლონია ჰქონდათ ნიქოზიაში, რამდენიმე მონასტერი — ალამინის რაიონში. ერთ-ერთი სავალე იყო ჟალია (ღალია), რომელიც მემატიანის ცნობით, აღაშენა და შეამკო ყოვლითა წესითა თამარ მეფემ (XII-XIII საუკუნეები). ჟალიაში ქართული მწიგნობრული კერის არსებობა დადასტურებულია სანქტ-პეტერბურგში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერის ანდერძში (H-â„– 18). მოგვიანებით ქართველ მოგზაურებმა ტიმოთე გაბაშვილმა (1758) და იონა გედევანიშვილმა (1784) კვიპროსზე ქართველთა ნაკვალევი ვეღარ ნახეს, მდოლოდ ბოლო ხანს ქართული სიძველეთა ნაშთი აღმოჩნდა კვიპროსის ბერძენთა სავანეში — კიკოს მონასტერში.

ღალიის მონასტერი მდებარეობს კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა ისტორიული ქალაქის პოლის ქრისოქოსის მახლობლად ტყეში, სანაპიროდან დაახლოებით ხუთ კილომეტრის დაშორებით.

მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ რომელიც მე-12 საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა. სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე.

გათხრებმა გამოავლინა ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარითღება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, მე-12 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. საქართველოსა და კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. მე-16 საუკუნეში კი ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა.

აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:12

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ისრაელში.
დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმოს სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა).

გადმოცემით მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII საუკუნის დამდეგს მეფე დავით IV აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ალ-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის (1187) შემდეგ მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას.

1272 წელს მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი არადგინეს და განაახლეს. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV საუკუნეში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა, 1516-იდან, მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები.

XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორეირბახი). სამეგრელოს მთავარის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი, მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა. 1684 წელს დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908-მდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).

ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი, შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XI ს.), მიქაელ გვირგვინის ძე (XII ს.). ტრადიციის გადმოცემით, აქ ყოფილა არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ I გულაბერისძე, ერთხანს თითქოს აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (2006 წლამდე მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახული იყო მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი "პროხორეს ცხოვრება", "ლუკას წამება" (XIV ს.), "ნიკოლოზ დვალის მარტვილობა" და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები. ჯვრის მონასტერიფართოდ არის აღწერილი და სესწავლილი (ტ. გაბაშვილი, გ. ავალიშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, პ. უსპენსკი, რ. ჟანენი, კ. კეკელიძე, გ. ფერაძე, ბ. თარხნიშვილი, კ. სალია, ე. მეტრეველი და სხვა). აქაურ ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციის ნაწილი 1888 აღწერა ა. ცაგარელმა, 1902 წელს ნ. მარმა, 1924-1926 წლებში რ. ბლეიკმა. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების ძირითადი ნაწილი ახლა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული, ხოლო ზოგიერთი სინის მთაზე, თბილისში, ქუთაისში, სანქტ-პეტერბურგში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და სხვაგან.

ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ- და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თარებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:16

საბაწმიდის, იგივე საბაგანწმენდილის ლავრა


ქართული მწიგნობრობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერა პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ზე. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმედილმა (439-532) V საუკუნის 80-იან წლებში, იქ შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი ბერძნულ, ქართულ, სირიულ, სომხურ, არაბულ ენებზე. საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა საბაწმიდის ლავრაში გაცხოველებული კულტურულ-საგანმანათებლო საქმიანობა გააჩაღეს. VIII-IX საუკუნეებში იქ გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა, შემუშავდა ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განვითარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია (ბასილი საბაწმიდელი, იოანე-ზოსიმე), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესრინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა ტიპიკონი (საუკუნე), რომლის ახალი რედაქცია (XII საუკუნე) მთელ საქართველოში გავრცელდა.

XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა სინის მთაზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება თბილისსა და პეტერბურგში.


პალესტინაში ამ მონასტრის სანახავად 2ჯერ ვიყავი.
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
გასათვალიწინებელია, რომ ამ მონასტერში ქალებს არ უშვებენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 თებ 2011, 11:21

შავი მთა

ქართველთა სამონასტრო კოლონია შავ მთაზე, სვიმონ საკვირველმოქმედის მონასტერში ანტიოქიის მახლობლად, განსაკუთრებით მე-11 საუკუნეში განვითარდა. ყოველივე ამას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ 969-1084 წლებში აქ კვლავ ქრისტიანთა ბატონობა დამყარდა.

როგორც გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფიიდან ვგებულობთ, მე-11 საუკუნის ნახევარში აქ ყოფილა სამოცამდე ქართველი მოღვაწე, რომლებიც ბერძნებს აუთვალწუნებიათ და მათი მონასტრიდან გაძევება განუზრახავთ. სვიმეონის მონასტერში ქართველებს ჰქონიათ თავისი ეკლესიაც , რომელსაც ისინი თორნედ უწოდებდნენ, ხოლო ბერძენნი მოდად. ქართველებს მჭიდრო კავშირი ჰქონიათ ადგილობრივ ბერძნულ-რუსულ-არაბულ ლიტერატურულ წრეებთან. მაგალითად, ეფრემ მცირეს მეგობრული განწყობილება ჰქონია ცნობილ ნიკონ შაკმთელთან და ა.შ. ქართველების განკარგულებაში ყოფილა თეოდორე პატრიარქის მიერ სვიმონწმინდას დაარსებული წიგნსაცავი, რომელშიაც 420 წიგნი ყოფილა. ამასთანავე მათ აქტიური კავშირი ჰქონიათ პალესტინისა და განსაკუთრებით ათონის ქართველ მოღვაწეებთან. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელს მისი მოძღვარი, გიორგი შეყენებული, აქედან გზავნის ათონზე სალიტერატურო მოღვაწეობისათვის. ათონისა და შავი მთის მწერალნი ადევნებდნენ თვალყურს ერთმანეთის სალიტერატურო მოღვაწეობას, უგზავნიდნენ ერთმანეთს თავიანთ ნაწარმოებებს და ცდილობდნენ რაც უკვე ნათარგმნი იყო, ერთგვარი ეთიკისათვის, ახლიდან აღარ გადაეთარგმნათ. აქ, შავ მთაზე, შემუშავდა განსაკუთრებული ლიტერატურულ-გრამატიკული სკოლა, რომლის იდეოლოგად ითვლებოდნენ ეფრემ მცირე და ბერი იოანე ფარნაკელი.

მე-13 საუკუნეში შავ მთაზე კიდევ არსებობდა ქართული მონასტერი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სირია თურქებმა დაიპყრეს და ანტიოქია პატარა მაჰმადიან ქალაქად იქცა, ხოლო ტაძარ-მონასტერი დანგრეულ-გავერანებული იქცა, ქართველებიც იძულებულნი შეიქმნენ იქაურობა სამუდამოდ მიეტოვებინათ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]